ჩვენი საელჩო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან ფინურენოვან გაზეთებთან და ფინეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან YLE, რომელთაც რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას საქართველოში პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე. ამასთან ერთად, კავშირი გვაქვს ჩვენი რეგიონით დაინტერესებულ დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან, გავლენიანი კვლევითი ცენტრების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან, რომლებიც ჩვენი დახმარებით ხშირად აქვეყნებენ სტატიებს საქართველოს შესახებ. დახმარება აღმოვუჩინეთ დამოუკიდებელ ჟურნალისტს პაივი კარნას, რომელიც 2014 წლის 28 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში გაემგზავრა. ის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებულ სტატიაზე მუშაობდა, რომელიც ფინეთში 2014 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა http://www.kansanuutiset.fi/uutiset/ulkomaat/3261407/etela-ossetianjaatyneen-konfliktin-rajalla.

გასული წლის 4 ოქტომბერს ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „Yle“ შვედურენოვან პორტალზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “När strider inte avgörs – de frusna konflikternas logik” (როდესაც კონფლიქტების მოგვარება ვერ ხდება - „გაყინული კონფლიქტების“ ლოგიკა), რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოკლედ მიმოხილულია კონფლიქტების ისტორია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. იმის გათვალისწინებით, რომ სტატიაში სრულად არ იყო წარმოჩენილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია და იქ განვითარებული მოვლენების
მიზეზები, საელჩომ ამავე პორტალზე თავისი კომენტარები გამოაქვეყნა: http://svenska.yle.fi/artikel/2014/10/04/nar-strider-inte-avgors-de-frusna-konflikternas-logik.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფინური კვლევითი ცენტრი „ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი“ (FIIA) სისტემატიურად აქვეყნებს ნაშრომებს საქართველოსთან დაკავშირებით. მ/წლის 24 მარტს გამოქვეყნდა სტატია „The New Alliance and Integration Treaty between Russia and South Ossetia, When does integration turn to annexation?“ (თან ერთვის), რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ხელმოწერილ ე.წ. ხელშეკრულებებს ეხება;

ამავე წლის მაისში გამოქვეყნდა სტატია “The Eastern Partnership after the Riga Summit: Avoiding the path of least resistance”, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის შედეგების გათვალისწინებით, ევროკავშირის მხრიდან მეზობლების მიმართ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზეა საუბარი (თან ერთვის).

ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებულმა Aleksanteri Institute-მა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან, სომხეთის კავკასიის ინსტიტუტთან და აზერბაიჯანის სტრატეგიული სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცა წიგნი „The South Caucasus beyond Borders, Boundaries and Division Lines (Conflicts, Cooperation and Development“ (თან ერთვის). სხვა მასალებთან ერთად წიგნში შესულია ჰეიკკი ტალვიტიეს სტატია „The 2008 War in Georgia: Lessons from the Caucasus“, კორნელი კაკაჩიას ნაშრომი „Politics of Insecurity: Cross-Border Conflict Dynamics and
Security Challenges in Georgia“ და ფინელი ექსპერტების სუვი კანსიკას და მიკო პალონკორპის ნაშრომი „The EEU, the EU and the New Speheres of Influence Game in the South Caucasus“. წიგნში გამოყენებულია საელჩოს მიერ მიწოდებული მასალები;

პარალელურად, ფინეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გაკეთდა რამდენიმე რეპორტაჟი საქართველოს შესახებ. მათ შორის იყო გადაცემათა ციკლი კავკასიის შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოსადმი მიძღვნილი გადაცემის პირველი ნაწილი მ/წლის 30 იანვარს გავიდა ეთერში, მეორე და მესამე ნაწილები კი 4 და 6 თებერვალს; მ/წლის 29 იანვარს ამავე ტელევიზიით გადაიცა გერმანელი დოკუმენტალისტის შტეფან ტოლცის ფილმი საქართველოზე „Full Speed Westward, 2013“, რომელშიც ასახულია ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები.

ფილმი გავიდა ქართულ ენაზე, ფინურენოვანი სუბტიტრებით (ეს ორივე მასალა, გარკვეული ხნის განმავლობაში, განთავსებული იყო ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე, თუმცა ამჟამად ის აღარ არის ხელმისაწვდომი); სულ ახლახან, მ/წლის 1 ივლისს ამავე ტელევიზიის ეთერში დაიწყო დოკუმენტურ გადაცემათა ციკლი, რომელიც საქართველოში, თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, მოლდოვასა და უკრაინაში ორი ფინელი მსახიობის მოგზაურობას ასახავს. საქართველოსადმი მიძღვნილი გადაცემა ეთერში 29 ივლისს გავიდა, ხოლო ამ გადაცემის ჩანაწერის ხილვა შესაძლებელია ბმულზე http://areena.yle.fi/1-1414892.