ერთობლივი განცხადება

ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე

15 აპრილი, 2011 წ.

ბერლინი, გერმანია

 

საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტების განხილვის მიზნით, დღეს ბერლინში შეიკრიბა ნატო-საქართველოს კომისია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

ნატო-ს მინისტრებმა მხედველობაში მიიღეს 2008 წ. ბუქარესტის სამიტზე მიღწეული სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და კვლავ დაადასტურეს აღნიშნული და შემდგომი გადაწყვეტილებების ყველა ელემენტი.

ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს ნატო-საქართველოს კომისიისა და  ყოველწლიური ეროვნული პროგრამის წამყვანი როლი ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის ზედამხედველობაში. ამ თვალსაზრისით, ისინი მიესალმნენ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გახსნას, რომელიც გააძლიერებს საქართველოს რეფორმების მიმართ ნატო-ს დახმარებას და მხარდაჭერას.

ნატო-ს მინისტრებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილის, მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დამხმარე საერთაშორისო ძალების ოპერაციაში საქართველოს, როგორც ნატოს არა წევრი მეორე  უდიდესი მონაწილის ძალისხმევის მიმართ. მათ მადლობა გადაუხადეს აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ყველა ქართველ სამხედრო მოსამსახურეს და ღრმა მწუხარება გამოთქვეს ამ მისიაში დაღუპული და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცების ოჯახებისადმი. ნატო-ს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს გადაწყვეტილებას ავღანეთში წვრთნის მისიისადმი დამატებითი დახმარების აღმოჩენის შესახებ და ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის" მხარდაჭერას.

ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრებმა გამოხატეს პრაქტიკული თანამშრომლობის  გაგრძელების მზადყოფნა, მათ შორის უსაფრთხოების ისეთი ახალი გამოწვევების  საკითხებზე, როგორიცაა ტერორიზმი, კიბერნეტიკული და ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები. მათ გამოხატეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის ყველა დონეზე პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა და მიმდინარე შეხვედრა განიხილეს, როგორც საერთო ინტერესების ფართო სპექტრზე მოსაზრებების გაცვლის კარგი შესაძლებლობა.

ნატოს მინისტრები მიესალმნენ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და  საქართველოს დემოკრატიული განვითარების პოზიტიურ დინამიკას. ამავე დროს მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობას კიდევ აქვს სამუშაო აუცილებელი რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების საკითხში ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის. ნატოს მინისტრებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით ხაზი გაუსვეს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას. მათ ასევე მოუწოდეს საქართველოს, გააგრძელოს კანონის უზენაესობის და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება და სასამართლო და მედიის სფეროში რეფორმების გაღრმავება.

ნატოს მინისტრები მიესალმნენ საქართველოში მიმდინარე ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესს და იმედი გამოთქვეს 2011 წლის ბოლოსთვის მისი დროულად დასრულების თაობაზე. სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის შედეგებისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მიზნების გათვალიწინებით, მათ წაახალისეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემდგომი რეფორმები, რასაც დაეხმარება უკანასკნელ ხანს მიღებული სამხედრო კომიტეტის საქართველოსთან სამუშაო გეგმა,  პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი და ნატოს სამეკავშირეო ოფისი თბილისში. ნატოს მინისტრებმა გამოხატეს მადლიერება მნიშვნელოვან სტრატეგიულ და დაგეგმვის დოკუმენტებზე მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვის თაობაზე საქართველოს მიერ გამოხატული მზადყოფნის მიმართ. ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრები ასევე მიესალმნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტების სამოქალაქო პერსონალისათვის ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობას და გაღრმავებას. ისინი ასევე მიესალმნენ ნატო-საქართველოს ნდობის ფონდის მესამე პროექტის დაწყებას, რომელიც ითვალისწინებს ომის ფეთქებადი ნარჩენების გაუვნებელყოფასა და სამედიცინო რეაბილიტაციაში დახმარებას და წაახალისეს აღნიშნულ პროექტში შემდგომი წვლილის შეტანა.

ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრებმა გამოხატეს თავისი მტკიცე მხარდაჭერა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების საერთაშორისო პროცესისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმართ. ნატოს მინისტრებმა  მოუწოდეს ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს, კონსტრუქციული როლი შეასრულონ აღნიშნულ პროცესში და მჭიდროდ ითანამშრომლონ ეუთოსთან, გაეროსა და ევროკავშირთან საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად. ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრებმა გამოხატეს მხარდაჭერა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობისადმი და ხაზი გაუსვეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების ჩათვლით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეუფერხებელი გადაადგილების აუცილებლობას. ნატოს მინისტრებმა  დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. მათ ასევე დაადასტურეს საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების არაღიარების ურყევი პოლიტიკა და ასევე გაითვალისწინეს ლისაბონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ რუსეთის მიმართ საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოწოდების შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშაძემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების გაღრმავების საკითხში და დაადასტურა ამ რეფორმების განხორციელების მზადოფნა. მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს შეშფოთება საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში რუსეთის სამხედრო კონცენტრაციის თაობაზე. მინისტრმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე; საქართველოს პირობა საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ძალის გამოუყენებლობის თაობაზე; საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებების სრული შესრულება; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობა;  ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შესრულება და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული მონაწილეობა.

ნატოს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ პირობას და საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებას. მინისტრებმა აღნიშნეს რა პერევის საგუშაგოს გაუქმება, როგორც ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ასევე გაითვალისწინეს ლისაბონის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ გადაწყვეტილება, მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ევროკავშირის შუამდგომლობით[1] საქართველოსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები. ნატოს მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობასთან  და წაახალისეს საქართველო ამ რეგიონებთან შემდგომი კონტაქტების დამყარების საკითხში.

ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრები მიესალმნენ ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ჩატარებას საქართველოში 2011 წლის შემოდგომაზე.

ნატო-საქართველოს კომისიის მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს გერმანიას მასპინძლობისთვის.

 

[1] ამასთანავე, პრეზიდენტ სარკოზის 2008 წლის 16 აგვისტოს წერილის და  ამ საკითხზე შემდგომი კორესპონდენციის შესაბამისად.