საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია

საქართველო– ევროკავშირის ურთიერთობები 1991-92 წლებში დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

1995 წლიდან საქართველო სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით (GSP). 2005 წელს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის პრეფერენციების განახლებული გენერალიზებული სისტემის (GSP+) შეღავათები მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისათვის. 2014 წლის იანვარში ძალაში შევიდა განახლებული GSP+, რომელიც საქართველოზეც გავრცელდა.

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA).

1999 წლიდან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების (PCA) ძალაში შესვლის შემდეგ, შეიქმნა საქართველო–ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რომელთა მიზანია PCA-ს განხორციელების ხელშეწყობა და ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება. ეს ინსტიტუტებია:

აღნიშნული სხდომები იმართება წელიწადში ერთხელ, ასევე, მინიმუმ წელიწადში ერთხელ იმართება შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) „ტროიკას“ ფორმატით.

2003 წლის 7 ივლისს, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ (EU Special Representative for the South Caucasus). ეს თანამდებობა 2003 წლიდან 2006 წლამდე ეკავა ჰეიკი ტალვიტის, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლამდე პიტერ სემნების. 2011 წლის 25 აგვისტოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით გაერთიანდა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობები. ამ პოზიციაზე დაინიშნა ფილიპ ლეფორი, რომლის მანდატი 2014 წლის 31 იანვარს ამოიწურა. 2014 წლის 8 ივლისს აღნიშნულ თანამდებობაზე ჰერბერტ ზალბერი დაინიშნა.

2004 წლის 17 თებერვალს საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

2004 წელს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისია (EUJUST THEMIS).

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში.

2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო–ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხად, 2008 წლის 1 სექტემბერს გაიმართა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომა; 2008 წლის 15 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM), რომელიც საქართველოში მოვლენილ იქნა 2008 წლის 1 ოქტომბრიდან; 2008 წლის 25 სექტემბრის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი, რომელიც 2011 წლამდე ეკავა პიერ მორელის.

2008 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ 2008-2010 წლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2009 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატი - ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგი (HRD). შეხვედრები აღნიშნული ფორმატის ფარგლებში იმართება ყოველწლიურად.

2009 წლის 7 მაისს, ქ. პრაღაში გაიმართა პირველი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი“.

2009 წელს საქართველო ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ინიციატივის, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობის ფორმატში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი.

2009 წლის 30 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ერთობლივ დეკლარაციას ხოლო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის 16 თებერვალს.

2010 წლის 17 ივნისს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა “საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ“ შეთანხმებას.

2010 წლის 15 ივლისს დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DC FTA).

2010 წლის 22 ნოემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ” შეთანხმებას. ორივე შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წლის 1 მარტს.

2010 წლის 15 ივლისს დაიწყო მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ასოცირების შეთანხმებაზე“, (AA) რომლის ნაწილიცაა “ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც” (DC FTA)

2010 წლის 2 დეკემბერს ქ. ბრიუსელში ხელი მოეწერა „საქართველოს და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საავიაციო სივრცის შესახებ“ შეთანხმებას.

2011 წლის 3 მაისს ქ. ბრიუსელში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ოფიციალურად დაფუძნდა „ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა”.

2011 წლის 14 ივლისს ხელი მოეწერა და 2012 წლის 1 აპრილს ძალაში შევიდა საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებას სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვის შესახებ.

2012 წლის 28 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე (DC FTA).

2012 წლის 4 ივნისს გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.

2012 წლის 5 ივნისს, ქ. კიშინოვში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის პირველი, საინაუგურაციო შეხვედრა.

2011 წლის 29-30 სექტემბერს, ქ. ვარშავში გაიმართა მეორე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.

2013 წლის 12-13 თებერვალს თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელიც პირველად მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრასაც ტრანსპორტის დარგში;

2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.

2013 წლის 27-28 ივნისს თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი მინისტერიალი კულტურის დარგში;

2013 წლის 12-13 სექტემბერს, ქ. ერევანში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს განათლების საკითხებზე.

2013 წლის 28-29 ნოემბერს ქ. ვილნიუსში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მესამე სამიტი.

ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, 29 ნოემბერს მოხდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის ჩათვლით ( ქართულ ენაზე; ინგლისურ ენაზე). „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ამბიციური და ინოვაციური, ე.წ. „ახალი თაობის” შეთანხმებაა, რამდენადაც, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს (იხილეთ გზამკვლევი).

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

ასევე, 29 ნოემბერს, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერა „ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“.

2013 წლის 12 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ოქმს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ.

2014 წლის 20 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა მოლაპარაკებები საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე.

2014 წლის 26 ივნისს საქართველომ და ევროკავშირმა მიიღეს ასოცირების დღის წესრიგი, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა და წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას.

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DC FTA) ჩათვლით.

2014 წლის 9 სექტემბერს ქ. ბაქოში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეოთხე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა სექტორული დიალოგის შეხვედრას ენერგეტიკის საკითხებზე;

2014 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა. საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ამოქმედდა ახალი ინსტიტუციური ჩარჩო - ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტები და დარგობრივი ქვეკომიტეტები, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს. სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.

2014 წლის 21 მაისს, ქ. ბრიუსელში ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების კუთხით, გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის, რომლის ფარგლებიც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.

2015 წლის 20 აპრილს ქალაქ ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეექვსე შეხვედრა.

2015 წლის 21-22 მაისს, ქ. რიგაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეოთხე სამიტი. სამიტზე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

2015 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა.

2015 წლის 29 ივნისს, ქ. მინსკში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მეხუთე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს გარემოს დაცვის საკითხებზე.

2015 წლის 16 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.

2015 წლის 26 ნოემბერს, ქ. თბილისში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის რიგით მეექვსე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ჯანდაცვის საკითხებზე.

30 ნოემბერი - 2 დეკემბერი საქართველოში იმყოფებოდნენ ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლები.

2015 წლის 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

2016 წლის 9 მარტს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მეოთხე ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ იქნა საკანონმდებლო პროცედურები და ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება 539/2001 რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

2016 წლის 23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა.

2016 წლის 23 მაისის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირმა დაასრულა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურა.

2016 წლის 16 ივნისს, ქ. ბრიუსელში  საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა.  

2016 წლის 23 ივნისს, ქ. ბრიუსელში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმებას.

2016 წლის 1 ივლისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ძალაში შევიდა.

2016 წლის 11-12 ივლისს, ქ. კიევში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხზე.

2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. ერევანში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მერვე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს კვლევის, მეცნიერების და ინოვაციის განვითარების საკითხებს.

2016 წლის, 2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა ასოცირების საბჭოს რიგით მესამე სხდომა, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ერთობლივი პრეს-რელიზი.

2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.

2017 წლის 19 ივნისს, ქ. ლუქსემბურგში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრთა მერვე შეხვედრა. 

2017 წლის 22 ივნისს, ქ. თბილისში საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა.

2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველო ოფიციალურად გახდა ენეგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი (2016 წლის 14 ოქტომბერს ხელი მოეწერა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმს, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის ივლისს).

2017 წლის 10 ივლისს, ქ. კიშინეუში  გაიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ არაფორმალური დიალოგის მეცხრე შეხვედრა, რომელიც მოიცავდა საგარეო საქმეთა მინისტრთა სესიასა და სექტორულ დიალოგს ენერგეტიკის საკითხებზე.