ევროკავშირის დახმარების მიმოხილვა

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ევროკავშირის დახმარებას, რომელიც სხვადასხვა სახის პროგრამებისა და ინსტრუმენტების საშუალებით ხორციელდება და ხელს უწყობს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ევროკავშირი ძირითადი დონორი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირის ფინანსურმა დახმარებამ, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

2007-2013 წლებში ევროკავშირის დახმარება საქართველოსთვის ძირითადად ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში ხორციელდებოდა, რომელიც 2014 წლიდან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტმა (ENI) ჩაანაცვლა. ENI ხელმისაწვდომია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის 16 ქვეყნისათვის და მისი საერთო ბიუჯეტი 2014-2020 წლების პერიოდში 15 მილიარდ ევროს შეადგენს.

2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების დაწყების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის დახმარების მასშტაბები და ასევე, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა ევროკავშირის დახმარების ახალი მოდალობები.

ევროკავშირის დახმარების ძირითად პროგრამებს, რომლებიც ორმხრივ ფორმატში ხორციელდება, წარმოადგენს სექტორული მხარდაჭერის პროგრამები (საბიუჯეტო დახმარების კომპონენტით) და საექსპერტო მხარდაჭერის პროგრამები.

ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) ფარგლებში, 2014 – 2016 წლებში საქართველომ 350 მლნ. ევრომდე დახმარება მიიღო. 2017-2020 წლებში გათვალისწინებულია 371-დან 453 მლნ. ევრომდე დახმარება, რომელიც შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზეა გადანაწილებული: ეკონომიკური განვითარება, კარგი მმართველობა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება, მათ შორის კანონის უზენაესობისა და უსაფრთხოების კუთხით; ენერგო ეფექტურობა, გარემოს დაცვა და კავშირების მხარდაჭერა; მობილობის ხელშეწყობა, მათ შორის ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა; პროფესიული განათლება; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და სტრატეგიული კომუნიკაცია.

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც 2014 წლიდან, წარმატებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, ევროკავშირის „მეტი-მეტისათვის“ (More for More) ინიციატივის ფარგლებში რეგულარულად იღებს დამატებით ფინანსურ დახმარებას, რომელმაც მთლიანობაში 121 მლნ. ევრო შეადგინა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ ევროკომისიის ვებ-გვერდი.