ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები

2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა „ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობის ძირითადი პრინციპების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“, რომლის საფუძველზე საქართველოს მიეცა ევროკავშირის ახალი თაობის ე.წ. „ჩარჩო პროგრამებში“ მონაწილეობის შესაძლებლობა. აღნიშნული პროგრამები ხელმისაწვდომია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის და ასევე, ევროკავშირთან მსგავსი შეთანხმების ხელმომწერი სხვა ქვეყნებისთვის.

ჩარჩო პროგრამებში მონაწილეობა შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის ფარგლებში გათვალისწინებული დახმარების ინსტრუმენტების მიღმა, დამატებით ჩაერთოს ახალ პროგრამებში და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, კანონმდებლობის დაახლოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით განავითაროს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე.

ევროკავშირის 2014-2020 წწ. მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო მოიცავს 18 ჩარჩო პროგრამას, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება, მიგრაცია და თავშესაფარი, კრიზისების მართვა, ბირთვული კვლევები, სატელიტური დაკვირვებები და კვლევები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, საბაჟო კონტროლი, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა, განათლება და მეცნიერება, კვლევები და ინოვაციები, საზღვაო მმართველობა და მეთევზეობა, კულტურა და მედია, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა.

საქართველო ამჟამად მონაწილეობს 3 ჩარჩო პროგრამაში: “Erasmus+”, “ჰორიზონტი 2020” და “შემოქმედებითი ევროპა”.


ჩარჩო პროგრამა - „ERASMUS +”

საქართველო წარმატებით არის ჩართული ევროკავშირის ჩარჩო პროგრამაში „Erasmus+“, რომლის მიზანია ევროკავშირის სტრატეგიის „ევროპა 2020“ და განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობისთვის ევროკავშირის სტრატეგიული ჩარჩოს (Education and training 2020 - ET2020) განხორციელების ხელშეწყობა. პროგრამა ასევე ხელს უწყობს უმაღლესი განათლების სფეროში პარტნიორი ქვეყნების მდგრად განვითარებას და ევროკავშირის ახალგაზრდობის სტრატეგიის მიზნების მიღწევას, კერძოდ, განათლებისა და შრომის ბაზრის სფეროში ახალგაზრდებისათვის უფრო მეტი და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის წახალისებას.

საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს პროგრამაში „Erasmus+“ აქტიური მონაწილეობის თვალსაზრისით და 131 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ათეულშია პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში მიღწეული შედეგებითა და მიღებული სტიპენდიების რაოდენობით. 2018 წლის მონაცემებით, „Erasmus+“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მობილობის რაოდენობამ 1802 შეადგინა, საიდანაც საქართველოდან სასწავლებლად/კვალიფიკაციის ასამაღლებლად წასულთა რაოდენობამ 1105 შეადგინა (სტუდენტი, სასწავლო პერსონალი და სხვა), და საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 697 შეადგინა.

ჩარჩო პროგრამის „Erasmus+” თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ვებ-გვერდი.


ჩარჩო პროგრამა - „ჰორიზონტი 2020“ (HORIZON 2020)

„ჰორიზონტი 2020“ წარმოადგენს კვლევებისა და ინოვაციების სფეროში ევროკავშირის უმსხვილეს ჩარჩო პროგრამას. პროგრამის მიზანია, ევროპაში მსოფლიო დონის მეცნიერების განვითარების უზრუნველყოფა, ინოვაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ინოვაციების სფეროში საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2016 წელს საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რის საფუძველზეც პროგრამის ფარგლებში მას დამატებითი შესაძლებლობები მიეცა. „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრის სტატუსის მიღების დღიდან, საქართველოს მონაწილეობით დაფინანსებულია 25 პროექტი, რომლებშიც ჩართულია 30 ქართული ორგანიზაცია და სხვადასხვა სფეროს დამოუკიდებელი მეცნიერ-მკვლევარები.

ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი2020” თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდი.


ჩარჩო პროგრამა - „შემოქმედებითი ევროპა“ (“Creative Europe”)

„შემოქმედებითი ევროპა“ (Creative Europe) წარმოადგენს კულტურის, აუდიოვიზუალურ და შემოქმედებით სფეროებში თანამშრომლობის მხარდამჭერ ევროკავშირის პროგრამას, რომლის მიზანია კულტურული და შემოქმედებითი პროფილის ორგანიზაციების ტრანსნაციონალურ დონეზე ოპერირებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისა და ნაშრომების/მიღწევების საზღვრებს მიღმა პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ასევე, კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისათვის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მხარდაჭერა. მედიის კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება ევროკავშირის კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების ფინანსური მხარდაჭერა მათი საქმიანობის განვითარების, გავრცელებისა და პოპულარიზაციის მიზნით.

2015 წელს, საქართველომ, პირველმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებიდან, ხელი მოაწერა შეთანხმებას პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ გაწევრიანების თაობაზე. 2015 წლიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია 22 პროექტი საქართველოს მონაწილეობით. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება საქართველოს მონაწილეობით წარდგენილი და კონკურსებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობა.

ჩარჩო პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა” თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ საქართველოში შემოქმედებითი ევროპის დესკის ვებ-გვერდი.