ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამები

ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამები მოიცავს საექსპერტო მხარდაჭერის ინსტრუმენტებს, რომლებიც ბენეფიციარი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებასა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ისახავს მიზნად.


საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა „ტვინინგი“ (Twinning)

ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების პროგრამების უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა - „ტვინინგი“ (TWINNING) წარმოადგენს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნებისათვის, ასევე, სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისათვის.

TWINNING-ის პროგრამა მიზნად ისახავს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო უწყებებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას, ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, ევროკავშირის სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით.

საქართველო 2009 წლიდან სარგებლობს საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამით. აღნიშნული ინსტრუმენტი განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება საქართველოში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით.

ევროკავშირის ექსპერტული დახმარების ათვისების თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის ფარგლებში, 2009 წლიდან საქართველოში წარმატებით განხორციელდა 27 პროექტი და ამჟამად მიმდინარეობს 11 პროექტი. ამასთან, მიმდინარეობს ახალი საპროექტო განაცხადების მომზადება და პროექტების დაგეგმვა, მომავალში საქართველოს მიერ განსახორციელებელი რეფორმების მხარდასაჭერად.

Twinning-ის პროგრამის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ევროკომისიის ვებ-გვერდი.


TAIEX-ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი

TAIEX-ი წარმოადგენს ევროკომისიის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს. იგი ემსახურება საჯარო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, ევროკავშირის პოლიტიკის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას.

საქართველოსათვის, აღნიშნული ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია 2007 წლიდან. 2014 წელს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოსთვის TAIEX-ის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აღნიშნული ინსტრუმენტი, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში, ექსპერტული დახმარების მიღების ეფექტიან შესაძლებლობას წარმოადგენს.

TAIEX-ი არის საკმაოდ მოქნილი და აპლიკანტის მოთხოვნაზე ორიენტირებული ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, დახმარების მოპოვება შესაძლებელია შედარებით მოკლე ვადებში, მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურით.

საქართველოში, TAIEX-ის ინსტრუმენტით სარგებლობა შეუძლიათ საჯარო მოხელეებს, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის თანამშრომლებს. (TAIEX-ი არ ითვალისწინებს პირდაპირ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებისათვის, კერძო პირებისათვის და კომპანიებისათვის).

TAIEX-ის ინსტრუმენტის გამოყენებით, შესაძლებელია 3 ტიპის დახმარებით სარგებლობა:

  1. ვორქშოპი - ევროკავშირის წევრი ქვეყნის/ქვეყნების ექსპერტი/ექსპერტები დაინტერესებული უწყების/უწყებების წარმომადგენლებს წარუდგენენ ინფორმაციას კონკრეტული (წინასწარ იდენტიფიცირებული) სფეროს სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების თაობაზე (გათვლილია შედარებით ფართო აუდიტორიაზე);

  2. საექსპერტო დახმარება - ევროკავშირის წევრი ქვეყნის/ქვეყნების ექსპერტი/ექსპერტები სამუშაო ფორმატში სიღრმისეულ და საფუძვლიან ინფორმაციას უზიარებენ დაინტერესებული უწყების/უწყებების წარმომადგენლებს კონკრეტული (წინასწარ იდენტიფიცირებული) სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებასა და აღსრულებასთან დაკავშრებით (გათვლილია შედარებით მცირე აუდიტორიაზე);

  3. სასწავლო ვიზიტი - დაინტერესებული უწყების/უწყებების მაქსიმუმ 3 წარმომადგენელი მივლინებით ეწვევა ევროკავშირის წევრი ქვეყნის შესაბამის უწყებას, პრაქტიკული გამოცდილების ადგილზე გაზიარების მიზნით.

TAIEX-ის ინსტრუმენტის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ ევროკომისიის ვებ-გვერდი.