ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა (CBC)

ევროკავშირი ახორციელებს საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წევრ ქვეყნებთან. აღნიშნული პროგრამების ძირითადი მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მეზობელ/პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება და სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროს მხარდაჭერით ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება.

საქართველო ჩართულია შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამაში (CBC Black Sea Basin), რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში ტურიზმის, გარემოს დაცვის, კულტურისა და ბიზნესის სფეროებში. პროგრამაში მონაწილეობს 8 ქვეყანა (საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი) და მის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ძირითადი ბენეფიციარები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტები.

პროგრამის ბიუჯეტი 8 ქვეყნისათვის 2014-2020 წლების პერიოდში 40 მლნ. ევროს შეადგენს და მისი განაწილება კონკრეტულ პროექტებზე CBC-ის მიერ გამოცხადებული კონკურსების საშუალებით ხორციელდება.

ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე დაფინანსდა 50-მდე პროექტი, რომლებშიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართულნი.  მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოს დაცვის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში განხორციელებული ერთობლივი ინიციატივები.

პროგრამის თაობაზე დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ვებ-გვერდი.