ამბასადორიალის ისტორია

საქართველოში ამბასადორიალის ჩატარებას 15 წელზე მეტი ისტორია აქვს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ის ყოველწლიურად სექტემბრის პირველ კვირაში ტარდება.

მასში, როგორც წესი, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები - მინისტრი და მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მისიებისა და გენერალური საკონსულოების ხელმძღვანელები.

pirveli_ambasadoriali_thumb.jpgამბასადორიალი საქართველოში პირველად 1995 წელს ჩატარდა. ამ წელს ახლად დანიშნულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა სამთავრობო კანცელარიაში პირველად მოუყარა თავი ქართველ და უცხოელ დიპლომატებს, სადაც შეხვედრის მთავარ თემას ქვეყნის განვითარების გეგმები, რეგიონალური ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები წარმოადგენდა.

2_thumb.jpgთუმცა ოთხმოცდაათიანი წლების მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 1995 წლიდან 2004 წლამდე ამბასადორიალი აღარ ჩატარებულა.

2004 წლიდან 2011 წლამდე ამბასადორიალების ჩატარების ტრადიციას არასტაბილური სახე ჰქონდა. ის რამდენჯერმე დედაქალაქისა და ქვეყნის საზღვრებს გასცდა. 2006 წელს ამბასადორიალი ვენაში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ საქართველოს ევროპული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა.

2007 წელს კი ამბასადორიალი ბერლინში ჩატარდა, სადაც, წინა წლის მსგავსად, ევროპული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელობა შეიკრიბა.

ამბასადორიალის ფორმატს, რომლითაც ის ბოლო წლების განმავლობაში იმართება, სწორედ 2004 წელს ჩაეყარა საფუძველი და ამბასადორიალების ფრანგულ მოდელს დაექვემდებარა.

მოდელი გულისხმობს ამბასადორიალის კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების და კულტურის სფეროების პანელებს. თითოეულ პანელს კონკრეტული სფეროს მიხედვით თავისი სპიკერი ჰყავს,რომელიც შეკრებილ საზოგადოებას მოახსენებს გარკვეულ სფეროში არსებულ მდგომარეობას, სამომავლო გეგმებს, კერძოდ, როგორ უნდა წარმოჩნდეს საქართველო დიპლომატების მიერ  ადგილსამყოფელ ქვეყნებში. სპიკერის შემდგომ თავად ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლები გამოდიან სიტყვით.

ბოლო წლების განმავლობაში ამბასადორიალების ჩატარების ფორმა და თემატიკა არ შეცვლილა.

2013 წელს ამბასადორიალს ახალი ელემენტები შეემატა, უფრო დიდი ყურადღება გამახვილდა კულტურის სფეროზე. ასევე პირველად ქართული დიპლომატიის ისტორიაში სპეციალური პროგრამა შეიქმნა ელჩების მეუღლეთათვის.

2014 წელს ამბასადორიალი აგვისტოს თვეში, სამუშაო წლის დაწყებამდე, ჩატარდა, რათა სექტემბრის დასაწყისისთვის საზღვარგარეთ საქართველოს თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენლობას შემუშავებული ჰქონოდა წლის სამუშაო გეგმა ამბასადორიალზე შეჯერებული პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით.

ambassadorial-2014-panorama.jpg

ერთგვარ ტრადიციად იქცა ამბასადორიალის ფარგლებში მაღალი დონის უცხოელი სტუმრების მოწვევა, ასე მაგალითად, სხვადასხვა დროს ამბასადორიალს სტუმრობდნენ მეგობარი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატო-ს გენერალური მდივანი.

2015 წელს ამბასადორიალის ფარგლებში თბილისს ეწვივნენ და ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს სლოვაკეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.