საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის მისასალმებელი სიტყვა ამბასადორიალის გახსნაზე

საქართველოს პარლამენტი, თბილისი

18 ივლისი, 2017 წელი

თქვენო უწმინდესობავ,

ბატონო პრეზიდენტო,  

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ,

პარლამენტისა და მთავრობის პატივცემულო წევრებო,

პატივცემულო ელჩებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით და მადლობას გადაგიხდით ამბასადორიალი 2017-ის გახსნაზე მობრძანებისათვის.

თანამედროვე საერთაშორისო გარემო რთული და სწრაფად ცვალებადია. მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების გარდა, გლობალიზაციის გაღრმავებამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფრთხეები და გამოწვევები წარმოშვა.

მსოფლიოში სულ უფრო თვალშისაცემია რეგიონული ძალების გავლენის ზრდა საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საგრძნობლად გაზრდილია პოპულისტური განწყობები, ასევე, არალეგალური მიგრაციისა და საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე.

საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება „რბილი ძალის“ როლი, რისთვისაც გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური საშუალებები.

მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია - შავი ზღვის რეგიონზე. რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტების არსებობა ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა/გაფართოების მიზნით კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა უდიდესი გამოწვევაა საქართველოსთვის და ასევე, რეგიონული სტაბილურობისთვის.

იმავდროულად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან სავაჭრო და სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენს, რაც რეგიონის ქვეყნებს მდგრადი ეკონომიკური განვითარების კარგ პერსპექტივას უქმნის.

საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის.

ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება არის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც ხელს უწყობს ერთი მხრივ, კოორდინაციის გაძლიერებას დიპლომატიური სისტემის შიგნით და ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან სადისკუსიო ფორუმს დიპლომატებს, მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს, ბიზნეს წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

მოხარული ვარ, რომ ამბასადორიალს, როგორც მნიშვნელოვან სადისკუსიო ფორუმს ტრადიციულად ესწრება ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება. ჩვენთვის უდიდესი პატივია უშუალოდ მოვისმინოთ მათი ხედვა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ.

მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულება, ბატონ გიორგი მარგველაშვილს მისასალმებელი სიტყვით მიმართოს დამსწრე საზოგადოებას.
 


გახსნითი სესიის ბოლო სიტყვა

გასული წელი საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს დიპლომატებს იმ წვლილისა და თავდადებისთვის, რამაც განაპირობა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევა. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გასული წლის მრავალი წარმატებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ეს დიდი მიღწევა ხელს უწყობს იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის წარმატებით განხორციელებას, რომელიც საბოლოოდ გულისხმობს საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი და აქტიურად ვდგამთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ევროკავშირთან მაქსიმალურად დასაახლოვებლად.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა არასოდეს ყოფილა ისეთი ინტენსიური, როგორც ბოლო პერიოდშია. ალიანსის მხრიდან გვაქვს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც გამოიხატება საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებით, იქნება ეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, სამხედრო კომიტეტის, გენერალური მდივნისა, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები და რაღა თქმა უნდა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებით.

დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარმატებულია არა მხოლოდ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, არამედ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი შედეგები სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან. აღსანიშნავია ჩვენი წარმატებები ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით. ჩვენი ურთიერთობები არაბულ და აზიურ ქვეყნებთან. ჩვენი წარმატებული ჩართულობა იმ რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც საქართველოს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს არასდროს ჰქონია ასეთი ნდობა და მხარდაჭერა და ეს გამოხატულია იმ მაღალი დონის შეხვედრებში, ვიზიტებში, რომლებიც ხორციელდება და დაგეგმილია. ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს აღქმული მსოფლიოში, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყანა, რომლის მიზანია კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, რუსეთის აგრესიისადმი გამკლავება, ოკუპაციის დასრულება და მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება.

ჩვენი აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო წნეხის ქვეშ იმყოფება, იმ უკანონო განვითარებების გამო, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს. რუსეთის მიერ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯებს მკაცრი შეფასება ეძლევა გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუმცა რათქმაუნდა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებეთ რათა მშვიდობიანი და დიპლომატიური ნაბიჯებით მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება.

ქალბატონებო და ბატონებო,

ეს გახლავთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული იმ მნიშვნელოვანი შედეგების არასრული ჩამონათვალი, რომელიც მიღწეული იქნა ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილი და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიის წყალობით. ეს არის შედეგი იმ ანალიზის და დაგეგმარების პროცესის, რომელიც სამინისტროში განხორციელდა გასული წლის მიწურულს, პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ. საგარეო საქმეთა სამინისტროს 2017 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ კონკრეტული შედეგების მიღწევაზე და წლევანდელი ამბასადორიალიც სწორედ შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიის განხორციელებით წარმოქმნილი რეალობის შეჯამებას მიეძღვნება.

ამბასადორიალის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების გარდა, ტრადიციულად ვიმსჯელებთ სამომავლო გეგმებზე საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ დიპლომატიას. ამბასადორიალის ფარგლებში პირველად გაიმართება ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იქნება პრემიერ მინისტრის ახალი ინიციატივა ე.წ. „ექსპორტის ხელშემწყობი სამკუთხედის“ შესახებ. კონფერენციას უმასპინძლებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საწარმო.

ცალკე პანელი დაეთმობა დეზინფორმაციას და ანტი-დასავლურ პროპაგანდას და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს როლს თანამედროვე მსოფლიოს ამ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. შარშანდელ ამბასადორიალზე ჩვენ ვიმსჯელეთ სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, როგორც საგარეო პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე და მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით პროაქტიული საკომუნიკაციო ღონისძიებები გავატარეთ. წელს ჩვენი მიზანია ერთად გავაანალიზოთ ის რეალობა, რომელიც საქართველოში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დეზინფორმაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის გააქტიურებამ გამოიწვია და ერთად დავსახოთ მასთან გამკლავების გზები.

წლევანდელი ამბასადორიალის განხილვის კიდევ ერთი თემა იქნება სამინისტროში თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების ობიექტური და სამართლიანი სისტემის დანერგვის პროცესი. გასული წლის განმავლობაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით შემუშავდა თანამშრომელთა შეფასების სისტემა. ამ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს უწყებაში მისი დანერგვა და ჩვენი მიზანია მომავალი წლის 1 იანვრიდან ის უკვე სრული დატვირთვით ამოქმედდეს. აღნიშნული სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს სამინისტროს ორგანიზაციულ განვითარებას და თანამშრომელთა პროფესიულ და კარიერულ წინსვლას.  

სამინისტროს ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ჩვენ ასევე ვგეგმავთ უწყებაში თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვას. ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით განხორციელდება ინფორმაციის მიმოქცევის, ანგარიშგების, სამუშაოს შესრულების მონიტორინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და კომუნიკაციის პროცესი, რაც ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს და შესრულებული სამუშაოს ხარისხიც საგრძნობლად გაიზრდება.

ჩვენი თითოეული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ და დავხვეწოთ სამუშაო პროცესები უწყებაში. ეს დაეხმარება ჩვენს დიპლომატებს უკეთ წარმართონ თავიანთი საქმიანობა და ხელი შეუწყონ ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თავი უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს და იცხოვროს, ერთიან, თავისუფალ, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში. ამ მიზნის დღევანდელ ტურბულენტურ გარემოში მისაღწევად ჩვენ ვახორციელებთ შედეგზე ორიენტირებულ დიპლომატიას და მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ქართველ დიპლომატებს ყველა იმ კონკრეტული შედეგისა და წარმატებისთვის, რომელიც  მათი დაუღალავი შრომით იქნა მოპოვებული. ღრმად მწამს, რომ მომავალში ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!