საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვა ამბასადორიალის გახსნაზე

ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით,

ჩემთვის უდიდესი პატივია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში - ამბასადორიალში მონაწილეობა, რადგან მაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ თქვენ, ჩვენს დიპლომატებს, რომელთაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით საქართველოს უკეთესი მომავლის მშენებლობაში. საგარეო ურთიერთობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და შესაბამისად, დიპლომატიურ კორპუსს აკისრია ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, გახდეს ამ წინსვლის გარანტი და ხელშემწყობი.

დღევანდელი ტურბულენტური და ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო არის უდიდესი გამოწვევებისა და რისკების წყარო, განსაკუთრებით პატარა ქვეყნისთვის. ამგვარ გარემოში საფრთხეების თავიდან აცილება და გაჩენილი შესაძლებლობების ქვეყნისა და მისი თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ გამოყენება, ნებისმიერი სახელმწიფოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს. ის ფაქტი, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო გამოწვევებს, თქვენს მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით,  პრაქტიკულად ყველა სფეროში დიდი ნაბიჯები გადადგა. განვლილი წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიის განმტკიცებისთვის. აღსანიშნავია ის თანმიმდევრული წინსვლა, რომელსაც განაგრძობდა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის განმტკიცების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით. ჩვენი ქვეყნის წარმატებების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა წარმოუდგენელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომლის დაუღალავი შრომის გარეშე.

ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ნათელი გამოხატულება იყო გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები, რომელმაც ერთხმად დადებითი საერთაშორისო შეფასება მიიღო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო გამოკვეთილ რეგიონულ ლიდერად იქცა დემოკრატიის კონსოლიდაციის თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და სასამართლო სისტემის მზარდ დამოუკიდებლობას.

საქართველო საფუძვლიანად ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას. „ასოცირების ხელშეკრულებისა“ და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ ფარგლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ყოველწლიურად უფრო და უფრო ღრმავდება, ვითარდება და ახალ სიმაღლეებს იძენს. უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის, ევროპული ინსტიტუტებისა და ცალკეული ქვეყნების წვლილი საქართველოში დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების წარმატებით გატარებაში. 

მიმდინარე წლის 28 მარტი შევა საქართველოს ისტორიაში როგორც ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვანი თარიღი. ამ დღეს ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, და საქართველოს მოქალაქეებისთვის 26 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა გახდა შესაძლებელი. ამ ნაბიჯის სიმბოლიზმისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს და ევროპას, გაღრმავდება პროფესიული და ადამიანური კავშირები ევროპის ქვეყნებთან.

გასულმა წელმა კიდევ უფრო უალტერნატივო გახადა საქართველოს ევროპული გზა, რომელსაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარეს. ამგვარად, ევროკავშირთან ურთიერთობებში შემდგომი პროგრესის მიღწევა, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტთან ერთად, არის ქართული საზოგადოების დაკვეთის შესრულება და მაღალი მოლოდინებისადმი ერთგულება.

შედეგზე ორიენტირებული მოქნილი დიპლომატიის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ურთიერთობების დინამიკა ევროპის და ზოგადად საქართველოს მეგობარ დასავლეთის სახელმწიფოებთან.

საქართველოს პროფესიულმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გარდამავალმა პერიოდმა ძალზე პროდუქტიულად ჩაიარა საქართველოსთვის. მაისის თვეში ვაშინგტონში ჩემმა ვიზიტმა და შეხვედრებმა ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტ პენსთან, სახელმწიფო მდივან ტილერსონთან, სხვა მინისტრებთან, კონგრესემენებთან და სენატორებთან კიდევ ერთხელ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გახლავთ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებსა და შიდა განვითარებას. ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს უახლოეს მომავალში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში სტუმრობა.

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის  გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფორმატმა - „უორდროპის დიალოგმა“ სტრატეგიული ფორმატის  სახე შეიძინა. 

2017 წლის საქართველო-გერმანიის წლად გამოცხადება ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს ისედაც მყარ ურთიერთობას ოფიციალურ ბერლინთან. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გერმანია გახლავთ ჩვენი ევროპული ფასეულობებისა და მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი და ჩვენი წინსვლის დამფასებელი. 

მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა ჩვენს ტრადიციულ ევროპელ პარტნიორებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, ვიშეგრადის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები და სხვა პარტნიორები. განსაკუთრებულია მათი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სწორედ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით გვეხმარება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასა და ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ჩვენს ქვეყანაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება  შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უპირობო აღიარებად ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მჭიდრო პარტნიორად. საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს. მაისის საპარლამენტო ასამბლეა ორგანიზაციის თითქმის 70-წლიან ისტორიაში იყო სულ მეხუთე შემთხვევა, როდესაც ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება არაწევრ სახელმწიფოში ჩატარდა. ოთხივე ის ქვეყანა, რომელმაც მანამდე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლა, დღეს ორგანიზაციის წევრი გახლავთ.

გასული წელი ჩვენი ეკონომიკური დიპლომატიის წარმატებებით აღინიშნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორიოდე თვის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული გახდება საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისთვის, მეწარმეობის განვითარებისა და  ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

ღრმავდება საქართველოს ურთიერთობები აზიის სხვა ქვეყნებთან, რაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ინტეგრირებულს გახდის მსოფლიო ეკონომიკაში. ეს პოზიტიური დინამიკა დიდწილადაა განპირობებული პროაქტიული ეკონომიკური დიპლომატიით.

ინტენსიურად მიმდინარეობს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ზუსტად ერთი წლის წინ, 19 ივლისს ჩამოყალიბდა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო, რომლის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე შეხვედრა და რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა მიღებული. მნიშვნელოვანი შეხვედრები და ხელშეკრულებები გაფორმდა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ირანთან, რამაც ჩვენს რეგიონში ეკონომიკურ ზრდას და მშვიდ გეოპოლიტიკურ ვითარებას უნდა შუეწყოს ხელი. 

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია კვლავაც რჩება საქართველოს განვითარების პროცესის უმთავრეს გამოწვევად. სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმულ პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯს მოყვება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებები.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის  წარმოდგენილი.

კერძოდ:

  • მიმდინარე წელს გაერო-ს უშიშროების საბჭოში სამჯერ გაიმართა უმაღლესი დონის დებატები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ;
  • გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში პირველად იქნა მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებას ეხმაურება;
  • კიდევ უფრო გაიზარდა მხარდაჭერა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებულ რეზოლუციაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსს შეეხება;
  • უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ევროპის საბჭოში, სადაც რუსეთს დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას;
  • რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ არაერთგზის გაიმართა მსჯელობა ეუთოს ფარგლებში, სადაც რეგულარულად კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, მათ შორის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან;
  • საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამყარების კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის კანონში პირველად გაჩენილი ჩანაწერი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თუ რომელიმე ქვეყანამ აღიარა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები, იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა ვერ ისარგებლებს აშშ-ის მხრიდან გამოყოფილი დაფინანსებით.

ამრიგად, ჩვენი ქვეყნისადმი და მისი სუვერენიტეტისადმი მზარდი მხარდაჭერის ფონზე, ჩვენ გვჯერა საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ასევე გვჯერა ჩვენი დასავლური გზის შეუქცევადობის.

ამიტომ მომავალი წელი უკიდურესად საპასუხისმგებლო იქნება ჩვენი დიპლომატიური კორპუსისთვის. ბევრი ფაქტორი მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მომავლისთვის გადამწყვეტი დრო დგება და ჩვენი წარმატება დიდწილად იქნება დამოკიდებული ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, რისი მიღწევაც მხოლოდ აქტიური და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიით არის შესაძლებელი.  

დიდი მადლობა ყურადღებისთვის!