საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვა ამბასადორიალი 2017-ის გახსნაზე

ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან წარმომადგენლებს უცხოეთში.

თქვენ გერგოთ განსაკუთრებული მისია, წარმოადგინოთ საქართველოს და ისაუბროთ მისი სახელით ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პერიოდში. ერთი მხრივ, საქართველო სტაბილურობისა და აღმავლობის გზაზეა, მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოება და განვითარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ხალხის მიერ არჩეული დასავლური გეზისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვითა და შენარჩუნებით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ საქართველოს მთავრობამ თქვენი უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით შეძლო შეესრულებინა ჩვენი ძირითადი საგარეო პოლიტიკური ამოცანები.

თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საგარეო პოლიტიკური წარმატების საფუძველი არა უცხოეთის დედაქალაქებში, არამედ საქართველოში იქმნება. საელჩოების წარმატებული მუშაობა განპირობებულია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობით, წარმატებული რეფორმებით, დემოკრატიული გარდაქმნებითა და ეკონომიკური წინსვლით, რითაც სამართლიანად ამაყობს ჩვენი ხელისუფლება.

მინდა, განსაკუთრებით შევეხო დემოკრატიული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელ პოლიტიკურ კონსოლიდაციას, რომელსაც საფუძველი ეყრება პარლამენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო რეფორმით.

მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში დამოუკიდებლობის დღიდან არსებული ბევრი სირთულე სწორედ პოლიტიკური ტურბულენტობის, ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის ბუნდოვანების, მთავრობაში არსებული შიდა წინააღმდეგობისა და დაპირისპირების შედეგი იყო.

დღეს ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში აღმოიფხვრას ყველა სამართლებრივი ხარვეზი, რაც აქამდე ქმნიდა გაურკვევლობას, შიდა წინააღმდეგობას და დამატებით უქმნიდა დაბრკოლებებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ურთიერთობების გაღრმავებას ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, დემოკრატიულ მოკავშირეებთან.

საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.

საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარე პროცესი ითვალისწინებს ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების დემოკრატიული პრინციპების მიხედვით გამიჯვნას, პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებას, აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდასა და კონსტიტუციაში არსებული წინააღმდეგობების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევას.

როგორც ყველა სხვა ქვეყანაში და ისტორიულ ეპოქაში, ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის შეცვლა წინააღმდეგობის გარეშე არ მიმდინარეობს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის, პოლიტიკური წრეების, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართვით მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით ისარგებლებს.

ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ დემოკრატიულ ჩარჩოებში უნდა განვიხილოთ. საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციაშია.

მხოლოდ დემოკრატიული მსოფლიო საზოგადოების მხარდაჭერით და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებით იქნება შესაძლებელი, შევაკავოთ აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, დავასრულოთ ჩვენი მიწების ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ნაწილების მცოცავი ანექსია, აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სამუდამოდ დავუმკვიდროთ ადგილი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და დემოკრატიული ქვეყნების გვერდით.

საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები ამ მიზნის მიღწევის ქვაკუთხედია.

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თქვენ შეიმუშავებთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ ნაბიჯებს. მინდა, რომ წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი შრომისა და ძალისხმევისათვის.