საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ დავით ზალკალიანის მისასალმებელი სიტყვა „ელჩების კონფერენციაზე“

 

მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს,

მოგესალმებით პატივცემულო მთავრობისა და პარლამენტის წევრებო,

მივესალმები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს,

მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს.

მსურს განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს უცხოელ სტუმრებს. რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვას ვიცე-პრემიერი, ქალბატონი ქრისტინა ლესნიკი და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრი, ბატონი ვადიმ ჩერნიში საქართველოს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეწვივნენ. მოხარული ვარ, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ „ელჩების კონფერენციაში“, სადაც სპეციალურ სესიაზე ჩვენ ვიმსჯელებთ რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, რაც საერთოა სამივე ქვეყნისთვის, განვიხილავთ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“. ჩვენ ბუნებრივია შევეხებით ბოლო სამწუხარო განვითარებებს აზოვის ზღვაში, ზოგადად რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული უგულვებელყოფით საფრთხეს უქმნის რეგიონულ და ევროპის მშვიდობასა და სტაბილურობას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლიერება გამოვხატო, რომ თქვენს მიერ წარდგენილი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებში, პირველ ადგილზე დააყენეთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაცია. სწორედ თქვენმა ჩართულობამ და მნიშვნელოვანმა აქტიურობამ მიმდინარე წელს საქართველოს მოუტანა ხელშესახები შედეგები საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, ამაზე მეტყველებს მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკა, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები, გადაწყვეტილებები, თანამშრომლობის ახალი ფორმატები და სხვა.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მადლობა, რომ ზედიზედ მესამე წელია გვმასპინძლოთ პარლამენტის შენობაში ქართველ დიპლომატებს. საკანონმდებლო ორგანოსთან მჭიდრო კოორდინაციით ჩვენ მნიშვნელოვნად განვავითარეთ პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ახალი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევიდა ძალაში და რომელიც ასრულებს ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესს, ზრდის პარლამენტის როლს, რაც ჩვენი შემდგომი, უფრო მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

მოგესალმებით ჩემო კოლეგებო, მეგობრებო, ქართველო დიპლომატებო, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშროლმებს. დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევასა და თავდადებას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში. თქვენ დგახართ საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გატარების წინა ხაზზე და მრავალი წელია ერთგულად ემსახურებით თქვენს სამშობლოს.

რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია, დარწმუნებული ვარ, მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ერთად ღირსეულად წარმოვაჩინოთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე. მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს სწორედ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაამკვიდრა ელჩების ყოველწლიური შეკრების ტრადიცია და გვახსოვს მის მიერ ჩატარებული ამბასადორიალი ბათუმში.

მომდევნო 4 დღის განმავლობაში, აქ დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობით ჩვენ შევაჯამებთ 2018 წლის შედეგებს, ვისაუბრებთ სამინისტროს მიღწევებსა და ახალ ინიციატივებზე, გავმართავთ თემატურ შეხვედრებს საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში დიპლომატების, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით განვიხილავთ 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტს, რაც იქნება უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მომზადებული ეროვნული მასშტაბის პირველი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

ძვირფასო საზოგადოებავ,

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა წელს განსხვავებული კონცეფციით, ფორმატითა და სახელწოდებით ტარდება.

ყოველწლიურ შეკრებას წელს ჩვენ კონფერენციის სახე მივეცით. მთავარ ლაიტმოტივად ვაქციეთ საქართველოს სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა. იმედს ვიტოვებთ, ელცების კონფერენცია „ქართული დიპლომატია - თავისუფლების კეთილდღეობისა და განვითარებისთვის“ გაამართლებს დასახულ მიზნებს.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გონივრულმა გამოყენებამ, ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის წარმატებულმა პროცესმა და მეგობარ სახელმწიფოებთან მჭიდრო პარტნიორობამ საქართველო ევროპული ტიპის დემოკრატიად აქცია, რომელიც უმკლავდება თანამედროვე გამოწვევებს და სტაბილურად ვითარდება - სწორედ ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორიენტირი და სწორედ ამ მიზნების შესრულებას ემსახურება ქართული დიპლომატიაც.

ქართული დიპლომატიის წყალობით საქართველო ცდილობს თავისი ღირსეული ადგილის დამკვიდრებას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, სადაც დინამიურმა და სწრაფად ცვალებადმა პროცესებმა, გლობალიზაციამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებლობებთან ერთად ახალი საფრთხეები და გამოწვევებიც გააჩინა.

სახეზეა გამალებული შეიარაღება, კონვენციური და ჰიბრიდული კონფლიქტის მზარდი საფრთხე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების უგულვებელყოფის ფონზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მსოფლიო არქიტექტურის განმსაზღვრელი რეალიებისა და წესების ცვლილების მცდელობა ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. ამავდროულად, მულტილატერალიზმი და წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი სულ უფრო და უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დგება.

რადიკალიზაცია და ძალადობრივი ექსტრემიზმი კვლავ რჩება საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვან გამოწვევად. გაზრდილია ტერორისტული მიზნებისთვის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა და ასევე, კიბერტერორიზმის სარფთხეები.

საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება „რბილი ძალის“ როლი, რისთვისაც გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და ტექნოლოგიური საშუალებები. ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე და სოციალური ქსელების გაზრდილი როლი, ასევე, მიზნების მისაღწევად პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენება ცალკეული ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან დროულად ადაპტირებასა და რეაგირებას მოითხოვს.

ბოლო წლებში ევროპაში პოპულიზმისა და ევროსკეპტიკური ტენდენციების გაძლიერებამ, არალეგალური მიგრაციისგან მომდინარე საფრთხეებმა და რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა დამატებითი კორექტივები შეიტანა კონტინენტის ტრადიციულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და წარმოაჩინა პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობა.

მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები და ახალი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნა ბევრად უფრო აადვილებს საქონლისა და მომსახურების მიმოქცევას და ხელს უწყობს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. გლობალური მასშტაბით მიმდინარე მეოთხე ინდუსტრიული (ციფრული) რევოლუცია ქმნის ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რაც მოითხოვს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებას. პარალელურად, იზრდება ინტერესი როგორც ახალი და განახლებადი ენერგიის წყაროების მოპოვების, ისე ტრადიციული ენერგორესურსების ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების მიმართ. თუმცა, იმავდროულად ენერგორესურსებისა და მათი ტრანსპორტირების მარშრუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფრთხეც არსებობს.

თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში არსებული გამოწვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვის რეგიონზე. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რასაც მოყვა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია კიდევ უფრო მეტად გააუარესა უსაფრთხოების გარემო რეგიონში, სადაც ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი კონფლიქტები სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მზარდი მილიტარიზაცია, გახშირებული პროვოკაციები, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.

რუსეთის ფედერაცია თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს და ცდილობს ბიძგი მისცეს საზოგადოების ყველა ფენაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული დასავლური ღირებულებების გადახედვის პროცესს.

მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის გამოწვევებთან ერთად ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც ქმნის. ასეთ ვითარებაში პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის გატარება უზრუნველყოფს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და საერთო ევროპულ ოჯახში, ასევე გლობალური მასშტაბით, საქართველოსთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას.

საქართველომ ბოლო წლებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. სწორედ ამგვარ ქვეყნად გვიცნობს ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობა და ამის დასტურია თუნდაც 2018 წელს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიღწეული ხელშესახები შედეგები.

2018 წლის მიღწევებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის უდიდესი მხარდაჭერა როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში. უმნიშვნელოვანესი იყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საკითხის დაყენება ყველა მნიშვნელოვან ფორმატში, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროსაბჭო თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე, ამ საკითხზე მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები თუ გადაწყვეტილებები, მხარდამჭერი განცხადებები და რუსეთის ქმედებების მკაცრი დაგმობა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი დიპლომატების დაუღალავი ძალისხმევით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მთელი სიმწვავით დგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.

ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით. რუსეთის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომლის მთავარ ამოცანად რჩება რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მედიატორობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

საქართველო ინტენსიურ მუშაობას ეწეოდა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის საკითხებზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თვალსაზრისით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით როგორც ცალკეულ ქვეყნებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე და დღეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების თაობაზე გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწვეტილება: ლიეტუვას, ევროპარლამენტის, ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის, ირლანდიისა და აშშ-ს მხრიდან, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით მათ.

გრძელდებოდა აქტიური ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცებისთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილების ცალსახა დაგმობა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის თავად სირიის ოპოზიციური ძალების მხრიდან. არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც 2018 წელს გავრცელდა სირიასა და ნაურუზე და აღნიშნული ქვეყნების მიმართ აშშ-ს მიერ ფინანსური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

2018 წლის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსი აქტიურად აცნობდა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც ცალსახად დადებითად იქნა შეფასებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და გამოითქვა მზადყოფნა მისი იმპლემენტაციის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.

მნიშნელოვანი მიღწევები გვქონდა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ვგულისხმობ, როგორც ახალ ფორმატებსა და უმაღლესი დონის ვიზიტებს, ისე საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების ძალიან პოზიტიურ შეფასებებს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან, რაც გამოიხატა საქართველოს მიმართ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით.

ამ მხრივ ნიშანდობლივია ნატოს ბრიუსელის სამიტი, რომლის ფარგლებშიც პირველად ჩატარდა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების მონაწილეობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს თემატიკაზე. ნატო-ს სამიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ყველა პრიორიტეტულ და პრაქტიკულ მიმართულებას, აღნიშნავს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პროგრესს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ადასტურებს ალიანსის მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, კერძოდ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში საქართველოსთან პრაქტიკულ თანამშრომლობას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის ფარგლებში შედგა ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში განსაკუთრებული იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვერდში გვიდგანან და გვეხმარებიან ნატოში ინტეგრაციის გზაზე წარმატებული რეფორმების განხორციელებაში და მინდა მათ გულითადი მადლობა გადავუხადო, მათ შორის ბულგარეთს, რომლის საელჩოც საქართველოში ასრულებდა ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს და ახლა უკვე პოლონეთს გადააბარა ეს ფუნქციები.

ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებით მინდა გამოვყო 21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის ხელმძღვანელობით გამართული საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტო ფორმატის გარდა, გამორჩეული იყო შინაარსითა და ხელშესახები შედეგებით. კერძოდ, აღნიშნული ფორმატის ფარგლებში დაისახა საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობის ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც მოამზადებს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო წევრობისთვის. ასევე, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის შეთანხმებებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

წარმატებით ჩატარდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო და ასევე, ღრმავდება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. ყველა ეს მექანიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა და მიზანი, ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ევროკავშირთან დასაახლოებლად, მათ შორის „საგზაო რუკას ევროკავშირისკენ“, რისი განხორციელებაც საქართველოს მისცემს ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირში უფრო მეტი ინტეგრაციისთვის.

ჩვენ ასევე წარმატებით ვიყენებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატს, რომელიც ქმნის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სოლიდურ საფუძველს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის ინოვაციურ პროექტს და ნიშანდობლივია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან სკოლა პირველად სწორედ საქართველოში გაიხსნა. მომავალ წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატს უსრულდება 10 წელი და საქართველოს მთავრობის სურვილია, საიუბილეო თარიღს მიუძღვნას ბათუმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“.

ორმხრივი დიპლომატიის კუთხით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია 2018 წელს საქართველოში უმაღლესი დონის ვიზიტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა - ურთიერთობების მაღალი ინტენსივობა როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან და ჩვენს მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებთან.

2018 წელი გამოირჩეოდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავებითა და მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაციით. წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერით. ამის კიდევ ერთი დასტურია აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცება, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან გზავნილებს და გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მატარებელი საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტის მიღება ხდება აშშ-ის კონგრესში. იმედს ვიტოვებთ, რომ საკანონმდებლო აქტი ასევე წარმატებით გაივლის შემდგომ პროცედურას და დამტკიცებული იქნება აშშ-ის სენატის მიერ.

აღსანიშნავია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე თბილისში ევროკომისიის პრეზიდენტის და ევროკომისრის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ვიზიტი; ასევე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ფინეთის, ლიეტუვას, ლატვიის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სომხეთის პრეზიდენტების სტუმრობა. მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა იტალიასთან (აღსანიშნავია იტალიის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში), საბერძნეთთან (საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი), წმინდა საყდართან (საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი), ბალკანეთის სახელმწიფოებთან (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთის რესპუბლიკაში, სერბეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში), კვიპროსთან (პარლამენტის თავმჯდომარე), შვეიცარიასთან (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი), რუმინეთთან, ჩეხეთის რესპუბლიკასთან, სკანდინავიის ქვეყნებთან (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ტურნე ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ), ასევე უკრაინასთან და ბელარუსთან. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ტრადიციულად აქტიური ურთიერთობები ვიშეგრადისა და ბენილუქსის ქვეყნებთან, ასევე ავსტრიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან.

უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოში გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი, რამაც ახალი იმპულსი შესძინა საქართველო-გერმანიის ურთიერთობას, ჩვენ დიდად ვაფასებთ საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მონაწილეობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაში, საფრანგეთთან უმნიშვნელოვანესი იყო, ჩემი კოლეგის მინისტრ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაჟღერებული ინიციატივა დიმიტრი ამილახვრის სახელობის ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნების შესახებ. გერმანიასა და საფრანგეთთან უპრეცედენტოდ მჭიდრო პარტნიორობის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს გერმანულ-ფრანგულ-ქართული სამკუთხედის ამოქმედება. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას გაერთიანებულ სამეფოსთან. ამ მხრივ აღსანიშნავია უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მორიგი, მეხუთე რაუნდის გამართვა და მხარეების მიერ შეთანხმების ინიცირება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გამოსვლის შემდგომ, ორ ქვეყანას შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

2018 წლის განმავლობაში საქართველო აგრძელებდა და ავითარებდა სტრატეგიულ პარტნიორობას მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან. განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, დინამიურად ვითარდებოდა დარგობრივი ურთიერთობები ორივე ქვეყანასთან. აღსანიშნავია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით საერთაშორისო მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებში, როგორიც გახლავთ „სამხრეთის გაზის დერეფანი“, TANAP-ის პროექტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით სამმხრივ ფორმატში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებისა და ზოგადად ურთიერთხელსაყრელი ახალი სატრანსპორტო პროექტების მხარდაჭერის კუთხით. ამ კუთხით აღსანიშნავია მიმდინარე წელს გამართული პირველი შეხვედრა თანამშრომლობის ახალ ფორმატში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი-ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.

ინტენსიურად მიმდინარეობდა ურთიერთობების გაღრმავება აზიისა და ოკეანეთის რეგიონის ქვეყნებთან. ჩვენ გვაკავშირებს ტრადიციული მჭიდრო პარტნიორობა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი). ყოველწლიურად მზარდია აღნიშნული რეგიონის ქვეყნების ჩართულობა საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებში. ამ მხრივ მინდა გამოვყო „ლაპის ლაზურის“ პროექტი, რომელიც ავღანეთიდან ევროპაში, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით სატრანსპორტო კორიდორის გახსნას გულისხმობს.

საქართველო აქტიურად ავითარებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონკონგს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა შანხაის საერთაშორისო გამოფენაში, რა დროსაც გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან.

 

განსაკუთრებით მინდა გამოვყო იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი, ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი საქართველოში.

მნიშვნელოვანია კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში გაწეული ფინანსური დახმარება და ასევე, მზარდი კორეული ინვესტიციები საქართველოში.

სულ უფრო ახალ იმპულსებს იძენს საქართველოს თანამშრომლობა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, გააქტიურებულია ინვესტიციების, ტურიზმისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით ურთიერთობა ყურის ქვეყნებთან.

განსაკუთრებით ინტენსიური იყო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ისრაელსა და საქართველოს შორის, რაც ხელს უწყობს ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას. ჩვენს გამორჩეულ ურთიერთობაზე მეტყველებს ისიც, რომ ებრაელი და ქართველი ხალხის მეგობრობა ინიცირებული იქნა იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განვითარებისთვის კანადასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან. განსაკუთრებულია კანადის მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ასევე ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში კანადა-სუამის ფორმატის დაფუძნება. მიმდინარე წელი გამორჩეული იყო ბევრი ისეთი ღონისძიებით, რამაც დამატებითი იმპულსი შესძინა საქართველოს თანამშრომლობას ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებთან, მინდა გამოვყო ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მექსიკასა და კუბასთან პირველი პოლიტიკური კონსულტაციები. აღსანიშნავია საქართველო-არგენტინის, საქართველო-პარაგვაის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დაფუძნება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ამერიკის კონტინენტის მიმართულებით საქართველოს დიპლომატიურ აქტივობებს ეხება - გასულ კვირას საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემაში.

საქართველო გააგრძელებს აქტიური კავშირების გაღრმავებას ავსტრალიასთან და ოკეანეთის ქვეყნებთან, ასევე, ვითანამშრომლებთ აფრიკის ქვეყნებთან ჩვენი წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიზნით, ჩვენი დიპლომატები აქტიურად ცდილობდნენ საზღვარგარეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ფუნქციის წარმოჩენასა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ზრუნავდნენ ახალი ბაზრების მოსაძიებლად და ინვესტიციებისა და ტურისტების მოსაზიდად.

2018 წელს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ისე ცალკეულ ქვეყნებში საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად ვაცნობდით საქართველოში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებს და ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და კულტურას. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100-წლისთავის აღნიშვნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარმოდგენა.

მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის გადაწყვეტილება „ქართული ჭიდაობის“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის თაობაზე.

გაეროში ჩატარებული საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოხდა შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას შუასაუკუნეებში მოღვაწე პირთან დაკავშირებით.

კულტურული კავშირების გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანი იყო ინდოეთიდან წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში მოიარა მთელი საქართველო, მისი ყველა ეპარქია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახური 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე. სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას აწყდებიან და ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესება და საქართველოს მოქალაქეების ეფექტური მომსახურება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. 2018 წელს შემუშავდა არაერთი საინტერესო პროექტი და ინიციატივა, რომელთა შორის აღსანიშნავია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დიასპორასთან საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა, საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოების პრეზენტაცია და სხვა. ამ პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან, ვინაიდან განსაკუთრებულია ზოგადად პარლამენტის როლი ქართულ დიასპორასთან მჭიდრო კავშირების დამყარებაში.

2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმები, რომელთა მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო უკეთ ფუნქციონირება. ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის რეფორმის შედეგად, ჩვენ შევქმენით დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი. ანალიტიკური და კვლევითი კომპონენტის დამატება და ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილი დიპლომატების რესურსის გამოყენება, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას. ასევე, პირველად დაინერგა უწყებაში თანამშრომელთა შეფასების სისტემა, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს ინსტიტუციურ გაძლიერებასა და ეფექტიანობის გაზრდას. ვმუშაობთ ახალი კადრების შერჩევისა და მათი პროფესიული განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ დანერგვაზე და სხვა მრავალ ინოვაციურ პროექტზე.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საგარეო პოლიტიკის პრიიორიტეტების განხორციელების შესახებ ჩვენი მოსახლეობის აქტიური ინფორმირებისა და საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით აქტიურად ვიყენებთ სტრატეგიულ კომუნიკაციებს. მადლიერი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების, რომელმაც მიმდინარე წელს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად 500 ათასი აშშ დოლარის დახმარება გამოყო.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოს წინაშე მდგარი საერთაშორისო გამოწვევები რთული და კომპლექსურია. მიუხედავად ამისა, მინდა თამამად განვაცხადო, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი მზად არის გააგრძელოს მუშაობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და ევროპულ სახელწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოსთვის სრულფასოვანი ადგილის დამკვიდრებისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, კეთილდღეობისა და განვითარების საწინდარია.