ბულგარეთის რესპუბლიკა

 

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;
 
ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.
 
სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ შენგენის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების მრავალჯერად შესვლა-გასვლის ვიზებს, უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, დარჩნენ და ტრანზიტად გაიარონ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორია.

2012 წლის 31 იანვარს ძალაში შევიდა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლა და ყოფნა შენგენის წევრი ქვეყნების, ასევე შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის მიერ გაცემული მოქმედი შენგენის ტიპის (არ ეხება ნაციონალური კატეგორიის ვიზებს) მოკლევადიანი, გრძელვადიანი ვიზებით და ცხოვრების (ბინადრობის) ნებართვებით, მაგრამ არა უმეტეს 90 დღისა 180 დღის განმავლობაში.

აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის, ირლანდიისა და კვიპროსის მიერ გაცემული ვიზების მიმართ.

ვიზა გაიცემა ქ.თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;
  • სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა)
  • პასპორტი უნდა იყოს გაცემული გასული 10 წლის განმავლობაში და მოქმედი ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებიდან მომდევნო 3 თვის მანძილზე;
  • მოქმედი ვიზების ასლები;
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე თეთრ ფონზე;
  • სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროს მოცულობის, რომელიც ფარავს მთლიანად მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);
  • დახურული ბილეთის ჯავშანი (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).
  • თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნოტარიულად დამოწმებული -შესაძებელია დოკუმენტის აპოსტილი იქნას მოთხოვნილი).
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურ/ბულგარულ ენებზე ნოტარიუსის მიერ ნათარგმნი და დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ფინანსური უზრუნველყოფა (მაგ: უკანასკნელი 6 თვის ხელფასის ამონაწერი; ცნობა საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ).
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • არასრულწოვანის შემთხვევაში: დაბადების მოწმობის ორიგინალი; მშობლების თანხმობა შვილის მგზავრობაზე ბულგარეთში ინგლისურად/ბულგარულად ნათარგმნი და დამოწმებული;
  • სავიზო მოსაკრებელი: 35 ევრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.mfa.bg/en/pages/133/index.html

ქ.თბილისში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
0105, ქ. თბილისი, გორგასალის ქუჩა, მესამე შესახვევი, N15
ტელ: (+995 32) 2 91 01 94; (+995 32) 2 91 01 95
ტელ საკონსულო: (+995) 577 90 55 99
ფაქსი: (+995 32) 2 91 02 70
ელფოსტა: Embassy.Tbilisi@mfa.bg​

ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: www.mfa.bg

ბულგარეთის რესპუბლიკაში შესასვლელი ვიზების გაცემა ხორციელდება ქ.თბილისში არსებული საელჩოს მიერ: www.mfa.bg/embassies/georgia