დანიის სამეფო

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს დანიის სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 

არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს დანიის სამეფოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

C ტიპის ვიზა (90 დღემდე-მოკლევადიანი) გაიცემა ქ.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

D ტიპის გრძელვადიანი ვიზა (91 დან 365 დღემდე) გაიცემა ქ.კიევში (უკრაინის რესპუბლიკა) დანიის სამეფოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.
 

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
  • განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.tbilisi.vm.ee/consular_information
  • ქართული პირადობის მოწმობის ასლი;
  • 4 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • დანიის სამეფოს მოქალაქისგან მოწვევის ორიგინალი + ასლი;
  • მომწვევის პასპორტის ასლი;
  • მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი;
  • სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
  • ცნობა დამსაქმებლისგან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიუსის მიერ დამოწმებული (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა; საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).
  • ბოლო სამი თვის საბანკო ამონაწერი;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • სასტუმროს, ჯავშანი;
  • განაცხადის დამუშავების საფასური:
  • სამგზავრო/საემდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის (ორიგინალი და ასლი)
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
  • ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდზე: http://www.tbilisi.vm.ee/consular_information, აგრეთვე ქ.კიევში დანიის სამეფოს საელჩოს ვებ-გვერდზე: http://www.ambkyiv.um.dk/en

.თბილისში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს მისამართი:
დოლიძის ქ. 55, 0171 თბილისი, საქართველო
ტელ: (+995 32) 236-51-27
ელ.ფოსტა: tbilisis.consular@mfa.ee      
ვებ-გვერდი: http://www.tbilisi.vm.ee/consular_information/visa/aid-132  
 

ქ.კიევში(უკრაინის რესპუბლიკა)დანიის სამეფოს საელჩოს კოორდინატები:
Royal Danish Embassy
56, vul. Bohdana Khmelnitskoho, 4th fl.
01901, Kiev
Tel: +380 44 200 1260
Fax: +380 44 200 1281
E-mail: ievamb@um.dk

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.um.dk/en