საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ბ-ნი მიხეილ ჯანელიძის, მისასალმებელი სიტყვა ამბასადორიალის გახსნაზე

საქართველოს პარლამენტი, თბილისი
26 ივლისი, 2016 წელი

ბატონო პრეზიდენტო,
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო ელჩებო,
ქალბატონებო და ბატონებო,

მოგესალმებით და მადლობას გადაგიხდით ამბასადორიალი 2016-ის გახსნაზე მობრძანებისათვის.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება არის უმნიშვნელოვანესი ტრადიცია, რომელიც არა მხოლოდ დიპლომატიური სისტემის შიგნით, არამედ ხელისუფლებასა და დიპლომატებს შორისაც უწყობს ხელს აზრთა გაცვლასა და  კოორდინაციის გაძლიერებას.

სწორედ აღნიშნული ღონისძიება გვაძლევს შესაძლებლობას შევაჯამოთ გასული ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, ხაზი გავუსვათ მიღწეულ წარმატებებს, ასევე ვისაუბროთ იმ თემებზე, სადაც საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევის მიმართვა და დავსახოთ გზები ჩვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის წინაშე დასმული ამოცანების გათვალისწინებით.

გასული წელი საერთაშორისო არენაზე დატვირთული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებით. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს დიპლომატებს იმ წვლილისა და თავდადებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკა არცთუ მშვიდ საერთაშორისო გარემოში. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისათვის.

ნება მომეცით გარკვეულწილად შევაჯამო საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის გამოსვლები და ვისაუბრო იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც მათ მიერ იქნა გაჟღერებული.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიო დადგა უდიდესი გამოწვევების წინაშე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, არამედ თვით დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. ახლო აღმოსავლეთში არსებულმა არასტაბილურობამ, გახშირებულმა ტერორისტულმა აქტებმა, თანამედროვე ისტორიაში უპრეცენდენტო ლტოლვილთა ნაკადმა და ქვეყნებს შორის საყოველთაოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობამ გამოიწვია ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური რყევები საერთაშორისო სისტემაში. მიუხედავად ასეთი გარემოებებისა, კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა მნიშვნელოვანი წარმატებებისათვის მიეღწია ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიმართულებით.

ჩვენი მთავრობის უპირველეს პრიორიტეტად კვლავ რჩება ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის  უზრუნველყოფა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რეგიონალური კავშირების გამყარება, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა.

ქართულმა დიპლომატიამ წარმატებით შეძლო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საგანგაშო მდგომარეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქნება ეს გაერო, ეუთო თუ ევროპის საბჭო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად მოახდინოს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება მშვიდობიანი გზით  ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით.

ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციიას გზაზე, რეგიონალური კავშირებისა და სტრატეგიული პროექტების განვითარების მიმართულებით. ასევე, რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით განვითარებულ კრიზისულ სიტუაციებში ჩვენი მოქალაქეებეებზე უკეთესი ზრუნვისა და დაცულობისთვის დავნერგეთ ახალი მოქმედების მეთოდები.

მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ბოლო დროს და განსაკუთრებით გასული წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა 21-ე საუკუნის ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უხდება ქართულ დიპლომატიას;

საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად იზრდება ე.წ. „რბილი ძალის“ მნიშვნელობა, რომლის შემადგენელი ელემენტები, ტრადიციული დიპლომატიის გარდა, არის საჯარო დიპლომატია და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

აშკარაა, რომ სახელმწიფო სულ უფრო მეტად კარგავს კონტროლს ინფორმაციის შინაარსსა და მისი გავრცელების სისწრაფეზე, ვინაიდან საინფორმაციო ქსელი განუწყვეტლივ - 24- საათიან რეჟიმში მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუტები კი ხშირ შემთხვევაში დროულად ვერ ახდენენ ცვლილებებთან ადაპტირებას;

გარდა ამისა, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად არის გაზრდილი არასახელმწიფო აქტორების, სოციალური ქსელებისა და თითოეული მოქალაქის, როგორც ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მიმღებისა და გამავრცელებლის როლი.

შესაბამისად, გადავწყვიტეთ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებისთვის მოგვერგო. მომდევნო 4 დღის განმავლობაში შევეცდებით სხვა კუთხით შევაფასოთ ის საერთაშორისო გარემო, რომელშიც გვიწევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ძალისხმევის მიმართვა.

შექმნილი ვითარება საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანისგან მოითხოვს სიტუაციის უფრო სწრაფად შეფასებასა და შესაძლო სცენარების სწორ გაანალიზებას. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აუცილებელია მაქსიმალური გახსნილობა და უშუალობა, რათა უფრო აქტიურად დავამყაროთ კონტაქტები, როგორც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ისე სხვა აქტორებთან, იქნება ეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ მოქალაქეები.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში აუცილებელია დიპლომატებს ჰქონდეთ უფრო მეტი ავტონომია და შეძლონ ცალკეულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში მომრავლებულ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც უცხო ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური, თუ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიზისების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან განუწყვეტელი და ყოველმხრივი კომუნიკაცია, იქნება ეს ტრადიციული საკომუნიკაციო საშუალებების თუ სოციალური ქსელების გამოყენებით, რათა დროულად შევძლოთ მათი დახმარება. 
სტრატეგიული კომუნიკაციების და ციფრული დიპლომატიის უფრო მოქნილად და ეფექტიანად გამოყენების გზებზე მსჯელობას კონფერენციის განმავლობაში ცალკე პანელები დაეთმობა. შევეცდებით გავაანალიზოთ ამ კუთხით სამინისტროს მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები და ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე. ასევე, გავეცნოთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით იყენებენ სტრატეგიულ კომუნიკაციებს და ციფრულ დიპლომატიას საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ასევე შემთხვევითი არ არის, რომ ამბასადორიალის ფარგლებში ორ პანელს ვატარებთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქვეყანაში შემოტანა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი აქტიურად გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკის უფრო პროაქტიულად და ინოვაციურად წარმართვას.

ამბასადორიალის ფარგლებში ჩვენს დიპლომატებს ასევე პირველად მიეცემათ საშუალება უშუალოდ გაესაუბრონ ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, რათა მათგან მოისმინონ თუ რა ესაჭიროება ქართულ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად და როგორ მოხერხდება დიპლომატთა კორპუსისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა.

რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებში ასევე ბევრს ვისაუბრებთ დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტების მისაღწევად, როგორიცაა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევეცდებით დავსახოთ აღნიშნული მიზნების მიღწევის გზები როგორც ტრადიციული დიპლომატიით, ისე თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტირებული ხერხებითა და საშუალებებით.

ქალბატონებო და ბატონებო,
შემიძლია ამაყად განვაცხადო, რომ ქართული დიპლომატიური სამსახური ეფექტიანად მუშაობს და აღწევს წარმატებებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვდგებით ახალ-ახალი გამოწვევებისა და ამოცანების წინაშე, რომლებიც უფრო მეტ აქტიურობასა და ჩართულობას მოითხოვს ყოველი ჩვენგანისაგან. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ქართველ დიპლომატებს თქვენი თავდადებული მუშაობისათვის და მოგიწოდოთ, რომ გააძლიეროთ თქვენი ძალისხმევა, რათა ჩვენი მოღვაწეობა მომავალშიც იყოს წარმატებული და შედეგიანი.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!