საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ - Berliner Morgenpost, Hamburger Abendblatt, Westdeutsche Allgemeine ZeitungThüringer Zeitung.

2016 წლის 25 თებერვალს მაღალტირაჟიანი გერმანულენოვანი გამოცემები გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებენ სათაურით „საქართველო რუსეთის მიერ ანექსიას შიშობს“.
 
  • ინტერვიუში, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გავლენიან გერმანულენოვან გაზეთებს მისცა, მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე საუბრობს. მინისტრი აღნიშნავს, რომ საშიშროება იმის შესახებ, რომ საქართველოში უკრაინის, კერძოდ ყირიმის ნახევარკუნძულის მსგავსი მოვლენები განვითარდება, დიდია, რამეთუ რუსეთის საქართველოსადმი აგრესიული დამოკიდებულება დღითიდღე უარესდება. მიხეილ ჯანელიძე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო შენაერთების ინტენსიურ განლაგებაზეც საუბრობს და დასძენს, რომ რუსული სამხედრო ძალების საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებზე ყოფნა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
  • ჟურნალისტი რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს თვეში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებზეც საუბრობს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მრავალმხრივი მცდელობისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მიერ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიებად არიან აღიარებული. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა საშუალებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ერთპიროვნულად დაქვემდებარებაში მოქცევას ცდილობს და ამასთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძესთან ჩაწერილი ინტერვიუდან ციტირებას ახდენს, სადაც მინისტრი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზი და ოსი ხალხისთვის რუსული პასპორტების გადაცემის ფაქტს აღნიშნული ეთნიკური ჯგუფების რუსიფიცირების მცდელობად აფასებს.
  • მიხეილ ჯანელიძისგან აღებული ინტერვიუს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებში ავტორი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანელ კოლეგასთან მიმდინარე წლის 24 თებერვალს გამართულ შეხვედრასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ქართულ-გერმანული ურთიერთობები 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველომ ნატოს სამხედრო ალიანსთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა, მნიშვნელოვან ფაზაში გადავიდა. ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველო საგრძნობლად დაუახლოვდა დასავლურ სტრუქტურებს, რასაც ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე  მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას უკავშირებს და ირწმუნება, რომ საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის სისრულეში მოსაყვანად.
  •  
გამოყენებული წყაროები: Berliner Morgenpost, Handelsblatt, Westdeutsche Zeitung, Thüringer Zeitung vom 25.02.2016. „Georgien fürchtet Annexion durch Russland“.