საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინტერვიუ გამომცემლობა Die Welt-თან

2016 წლის 26 თებერვალს მაღალტირაჟიანი გერმანულენოვანი გამომცემლობა Die Welt  ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც  ჟურნალისტმა საშა ლენარცთმა (Sascha Lehnarzt) გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ მიხეილ ჯანელიძესთან ჩაწერა.
 
  • ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე ვრცლად საუბრობს როგორც საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანია საქართველოს საიმედო პარტნიორია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მყარად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ- და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. იგი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ გერმანიის დახმარებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი  რეფორმები განახორციელა, რომლებმაც ხელი შეუწყო ქვეყნის დემოკრატიულ სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.
  • ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად უშლის ხელს უკრაინის კრიზისი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების განვითარებას, მიხეილ ჯანელიძე ვრცელ განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ამჟამად პრიორიტეტული 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების სრული იმპელემენტაციაა, რაც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის გასაუმჯობესებლად დამატებითი სავაჭრო ობიექტების შექმნას გულისხმობს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მთავრობამ მთელი რიგი რეფორმების პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრირებას, თუმცა ასევე დასძენს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმატებით წარმართვა ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს მოსახლეობას შორის უვიზო მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია.
  • ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შედეგად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესახებაც საუბრობს და დასძენს, რომ ევროკავშირი ამჟამად საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტორია, მაშინ როდესაც, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ეკონომიკურმა ურთიერთობებმა საგრძნობლად იკლო. აქვე მინისტრი საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობასაც მოიხსენიებს და განმარტავს, რომ საქართველო ისტორიულად ყოველთვის აზიასა და ევროპას შორის გამავალი ხიდის ფუნქციას ასრულებდა, რის აღდგენასაც დღევანდელი მთავრობა ძველი აბრეშუმის გზის აღორძინებით ცდილობს. „აბრეშუმის გზის აღდგენა მრავალ სამუშაო ადგილსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს შექმნის, რომლის წყალობითაც საქართველო ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და აზიასა და ევროპას შორის გამარტივებულ ტრანზიტს შეუწყობს ხელს“, აღნიშნავს მინისტრი.
  • ინტერვიუს მეორე ნაწილში მინისტრი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას და საქართველოს დასავლური კურსის არჩევით ჩრდილოელი მეზობლის შესაძლო პროვოცირებას შეეხება. მიხეილ ჯანელიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის მისაღწევადაც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ორ ქვეყანას შორის ჟენევის ფორმატის არაფორმალურ დიალოგს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები კულტურის, ვაჭრობისა და სატრანსპორტო მიმოსვლის სფეროში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა დღემდე გადაუჭრელი რჩება მთავარი თემა: საქართველოს კუთვნილი ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის გავლენის სფეროში ყოფნა. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მინისტრი აღშფოთებას გამოთქვამს რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების შესახებ და დასძენს, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების  რუსეთის ფედერაციაში ინტეგრირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები ახლო მომავალში შესაძლებელია ტერიტორიების სრული ანექსიით დასრულდეს. მიუხედავად რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დღითიდღე მძაფრდება, მიხეილ ჯანელიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა პრაგმატული პოლიტიკის გატარებით ცდილობს თავიდან აირიდოს არსებული მდგომარეობის მოსალოდნელი ესკალაცია და დიალოგის რეჟიმში მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ინტერვიუში მიხეილ ჯანელიძე საქართველოში რუსული ანტი-დასავლური პროპაგანდისტული ძალების მომრავლებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა, საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს არჩეული კურსის წარმატებით დასრულებისა, რაშიც მას დასავლური სამყაროს სრული მხარდაჭერა გააჩნია.
  • ინტერვიუს დასასრულს ჟურნალისტი მინისტრს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორის რანგში მოღვაწეობისა და მისი კარიერის სამომავლო განვითარების შეფასებას სთხოვს, რაზეც მიხეილ ჯანელიძე პასუხობს, რომ საქართველოს მთავრობა სრულიად კონცენტრირებულია ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე, თუმცა მოხარული იქნება, თუ მეზობელ ქვეყნებში, ისევე როგორც უკრაინაში, მოვლენები დადებითად განვითარდება.
წყარო: http://m.welt.de/politik/ausland/article152665623/Wir-bemuehen-uns-um-Deeskalation-mit-Russland.html