ინტერვიუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - მიხეილ ჯანელიძესთან

ევროკავშირმა საქართველოს მიმდინარე წლის ზაფხულიდან უვიზო მიმოსვლის რეალური პერსპექტივა დაუსახა. ახლა კი, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჭიანურებს. იმედგაცრუებული ხართ?

არა, მოხარული ვარ, რომ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ამოქმედებას დაუჭირა მხარი. 2013 წლიდან მოყოლებული, საქართველომ ევროკომისიის მიერ წაყენებული ყველა პირობა შეასრულა. ამისათვის ჩვენ 130-ზე მეტი კანონის შეცვლა დაგვჭირდა, მათ შორის მიგრაციის, საზღვრების კონტროლისა თუ ანტი-დისკრიმინაციის სფეროებში. ევროკომისიამ ეს ქმედებები დადებითად შეაფასა. უვიზო მიმოსვლა ერთი კვირით ადრე შევა ძალაში თუ ერთი კვირით გვიან, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა ქართველებს არ სურთ წლების განმავლობაში ლოდინი.

მიზეზი, რის გამოც გერმანია უვიზო მიმოსვლას სიფრთხილით ეკიდება, ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა გახლავთ. ამავდროულად, მაღალია ქართველების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღაზიებისა და ბინების ძარცვის ფაქტები, რომლებსაც ქართველი თავშესაფრის მაძიებლები ჩადიან. იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ასი ათასობით ლტოლვილი მიიღო, ბევრისთვის უვიზო მიმოსვლა დამატებით გამაღიზიანებელ ფაქტორს წარმოადგენს.

თავშესაფარი, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის არსებობს, რომ მოქალაქეები პოლიტიკური დევნისგან დაიცვას. ეს კი საქართველოში არ არის.

რის გამოც ქართველი თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების ფაქტორი თითქმის ნულის ტოლია...

დიახ, კარგად მესმის, რომ ლტოლვილთა კრიზისმა ევროპა დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე არ უარვყოფ იმას, რომ ქართველ კრიმინალებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ გერმანული მედიის გამოხმაურება გადაჭარბებულად მეჩვენება. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს. გასული წლიდან ჩვენ გერმანიაში გვყავს პოლიციის ატაშე. თუმცა, ეს საკითხი და უვიზო მიმოსვლა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. უკანასკნელი გულისხმობს ტურიზმს, ვაჭრობას და კულტურულ ურთიერთობებს. საქართველომ ყველა საჭირო რეფორმა განახორციელა იმისათვის, რომ ქვეყნიდან სამუშაო ტიპის მიგრაციას არ ჰქონდეს ადგილი.

ევროკავშირს სურს დამატებით შეჩერების მექანიზმის შემოღება, იმისათვის რომ საჭიროების შემთხვევაში უვიზო მიმოსვლა შეაკავოს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინა და საქართველო უვიზო მიმოსვლას ერთდროულად მიიღებენ.

ჩვენთვის ეს პირობა დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგანაც დარწმუნებული ვართ, რომ ქართველები უვიზო მიმოსვლას ბოროტად არ გამოიყენებენ. რაც შეეხება უკრაინას, მოხარულები ვიქნებით, თუ ისიც მიიღებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას. თუმცა, ამავდროულად გვინდა, საქართველოს შესაძლებლობები ობიექტურად შეფასდეს და სხვა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ ჩვენი უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე გავლენა არ მოახდინოს.

კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანაზე, რუსეთზე მინდა გესაუბროთ. 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა დაურთიერთობები დაიძაბა. საქართველოს დღევანდელი მთავრობა წლების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს. რამდენად წარმატებულად შეაფასებდით ამ პოლიტიკას?

ნამდვილად, ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობა პრაგმატულად წარვმართოთ. მოსკოვთან დიალოგმა ხელი შეუწყო გარკვეულ წინსვლას ვაჭრობის, მიმოსვლისა თუ ტურიზმის საკითხებში. ქვეყნებს შორის დაძაბულობის მოხსნის შედეგად საქართველომ ბევრი რეფორმის განხორციელება შეძლო. თუმცა, საგარეო კურსი ჩვენ არამც და არამც არ შეგვიცვლია. საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც 1 ივლისიდან ძალაში შედის. ამასთანავე, ჩვენ განვაგრძობთ ნატოს სამხედრო ალიანსთან მჭიდრო ურთიერთობას.

ხედავთ თუ არა რუსეთთან დაპირისპირების განმეორების საშიშროებას?

რუსეთი რჩება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დიდ გამოწვევად. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისოკუპაციას. ამ საკითხში ჩვენ არ გვაქვს წინსვლა. საქართველომ მიზნად დაისახა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში მოგვარდეს. ასეთია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაც.

ცხინვალის რეგიონში განაცხადეს მომდევნო წლისთვის რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, რომლის თემაა რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხის გადაწყვეტა. ემუქრება თუ არა ცხინვალის რეგიონს ყირიმის ბედის გაზიარება?

ამ ტიპის რეფერენდუმი არალეგალური და მიუღებელი გახლავთ, რადგანაც უგულვებელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. შესაბამისად, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ მსგავსი რეფერენდუმის შედეგები ეჭვქვეშ დადგეს. სამწუხაროდ, კონფლიქტის ესკალაცია ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში, თუ ცხინვალის რეგიონში მოვლენები ყირიმის მსგავსად განვითარდება, ეს იქნება უაღრესად სახიფათო როგორც რეგიონის, ასევე ევროპის სტაბილურობისთვის.

რუსეთი ცდილობს გერმანიაში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მეშვეობით გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე. რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში ხშირად შეინიშნება რუსეთის მცდელობა საზოგადოებაში ანტი-დასავლური განწყობა გააღვივოს. აღნიშნული მცდელობები ყურადსაღებია და ჩვენ შესაბამისი ქმედებებით ვუპირისპირდებით. ამავდროულად, ვეჭვობ, რომ რუსეთის მცდელობები წარმატებული იყოს. ქართველების პოლიტიკური კურსი მტკიცედ არის განსაზღვრული. ეს კურსი კი ცალსახად მიმართულია დასავლეთისა და ევროპისკენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვა მარკუს ვენერმა (Markus Wehner)