საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, - გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა ამბასადორიალის გახსნაზე

ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ,
საქართველოს მთავრობის წევრებო,
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებო,
 
წილად მერგო უდიდესი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა, სათავეში ჩავუდგე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს. გპირდებით, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.
 
საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ცხადია, უცვლელი რჩება. ვინაიდან ისინი განსაზღვრულია, არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით.
 
საგარეო უწყება ყოველთვის წარმატებით ართმევდა თავს ამ ამოცანებს. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ ამ ტრადიციას, რასაც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ადგილის განმტკიცება ჰქვია.
 
ჩვენს საქმიანობაში უმთავრესი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ძალისხმევა მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდაზე, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს. გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი. გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას. გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ძალისხმევა მიმართული იქნება, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ საერთაშორისო ჩართულობა მთავრობის მიერ ინიცირებულ ნდობის აღდგენის პროცესებში.
 
გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის შეუქცევადი კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ამ მიმართულებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება. უახლოესი პრიორიტეტია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროპასთან.
 
ძალისხმევას არ დავიშურებთ, ნატო-სთან შემდგომი დაახლოებისთვის. უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტი“ მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობასა და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი.
 
გავაგრძელებთ წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კვლავაც აქტიური იქნება ჩვენი მონაწილეობა ნატო-სა თუ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, ასევე ტერორისტული დაჯგუფება ISIL-ის წინააღმდეგ შექმნილი გლობალური ანტიტერორისტული კოალიციაში.
 
მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ამერიკული საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამისათვის აქტიურად ვითანამშრომლობთ აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ისევე, როგორც საექსპერტო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ვაშინგტონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და სავაჭრო დიალოგს.
 
მიუხედავად პრობლემებისა, კვლავ ვაგრძელებთ, დაბალანსებულ და პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან. უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება. ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ.
 
ბუნებრივია, დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან. გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ასევე ტრადიციულად ახლო ურთიერთობები - ჩვენს მეგობარ სომხეთთან.
არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ დიპლომატიაზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე.
 
ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანაა „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით ამოქმედება. მოგეხსენებათ, ოქტომბერში ვმასპინძლობთ მაღალი დონის დიალოგს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს.“ პრიორიტეტული მიმართულება იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის გაზრდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების წარმატებული ფუნქციონირება მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის როლს. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის პროექტები, ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნისა და მთლიანად, რეგიონის უსაფრთხოებას.
 
გავაკეთებთ ყველაფერს, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე და ამ საქმეში მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი დიდი ტრადიციების მქონე კულტურას.
 
პირადად ჩემი ინტერესი და პრიორიტეტია, წვლილი შევიტანო დიპლომატიური სისტემის კიდევ უფრო გამართვასა და საგარეო უწყების ინსტიტუციურ გაძლიერებაში. კარგად ვიცი, თუ რაოდენ რთულ გარემოებებში უხდებათ მოღვაწეობა ჩვენს დიპლომატებს საზღვარგარეთ. გავაკეთებ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს თქვენი სამუშაო პირობები, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
 
ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მთავრობასთან მუდმივ კოორდინაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაში, წარმატებით გავიაროთ ეს რთული და გამოწვევებით სავსე გზა, რომლის ბოლოც ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულუფლებიანი წევრობაა.
 
იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომის.
მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისა და ყურადღებისათვის.