საქართველოსა და სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია

მოგესალმებით…

ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ სან-მარინოს რესპუბლიკის საგარეო და პოლიტიკურ საქმეთა მინისტრს, ბატონ პასკუალე ვალენტინის. სან-მარინოს მხრიდან, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის.

მსურს, ბატონ მინისტრს გულწრფელი მადლობა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ახლო წარსულში, ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა დონეზე კავშირების დამყარებას, სან-მარინოს მთავრობა ყოველთვის საჯაროდ ადასტურებდა თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

დღევანდელ შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის და ფინანსურ სფეროებში ურთიერთობების განვითარებას. დაწვრილებით განვიხილეთ თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და დავსახეთ სამომავლო გეგმები.

ხელი ეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საგარეო უწყებებს შორის, რაც სამომავლოდ პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მექანიზმს შექმნის.

გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენს ქვეყანებში მიმდინარე პროცესებზე და რეფორმებზე. ძირითადი ყურადღება დავუთმეთ ევროკავშირთან თანამშრომლობას, კერძოდ, „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერას. მოგეხსენებათ, სან-მარინოს რესპუბლიკაც გეგმავს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან. ჩვენ შეგვიძლია გამოცდილება გავუზიაროთ სან-მარინოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში.

ჩემს სან-მარინოელ კოლეგასთან განვიხილე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონში შექმნილი ვითარება. ხაზი გავუსვით საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობას და ამ კონტექსტში, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემატიკას.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პასკუალე ვალენტინის საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური თანამშრომლობით მაქსიმალურად გამოვიყენებთ პოტენციალს სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად.