მიმართვა იაპონიის ეროვნული დღესასწაულთან - იმპერატორის დაბადების დღესთან დაკავშირებით
 
9 დეკემბერი 2015
 
 
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო,
 
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,
 
ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის სახელით მოგმართოთ იაპონიის ეროვნულ დღესასწაულთან - იმპერატორის დაბადების დღესთან დაკავშირებით და ეს მნიშვნელოვანი დღე მთელი გულით მივულოცო ჩვენს მეგობარ იაპონელ ხალხს.
 
მოხარული ვარ, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ვხედავთ დიდ პროგრესს და მრავალ მიღწევას საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებში; ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა დღითი-დღე ვითარდება, ხოლო თანამშრომლობა მნიშვნელოვან სფეროებში ახალ იმპულსს იძენს.
 
მიუხედავად საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული დიდი მანძილისა, მათი განსხვავებული ზომისა თუ განვითარების მასშტაბისა, ჩვენმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ გამოხატეს ნება და მზადყოფნა განავითარონ პარტნიორობა, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენი საერთო ფასეულობები.
 
ამ ღირშესანიშნავ დღეს, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება იაპონიისა და იაპონელი ხალხის მიმართ, იმ უდიდესი მორალური თუ მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც იაპონია ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა და ახორციელებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანზიციის პროცესში.
 
მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გარდა ამ დიდი მხარდაჭერისა, რასაც მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარებაში, დღეს იაპონია და საქართველო აქტიურად ავითარებენ ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიცავს პოლიტიკურ დიალოგს, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, თანამშრომლობას თავდაცვის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების სფეროებში.
 
მუდმივად ღრმავდება კავშირები ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებსა და პარლამენტებს შორის. სწრაფად იზრდება იაპონური ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ, იზრდება ვაჭრობა და მყარდება ურთიერთობები იაპონიისა და საქართველოს კერძო სექტორებს შორის.
 
ძლიერდება ხალხთაშორისი კავშირებიც და მუდმივად იზრდება საქართველოში იაპონელ ვიზიტორთა რიცხვი, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის განმტკიცებისთვის.
 
ქალბატონებო და ბატონებო,
 
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მივულოცო იაპონიასა და იაპონელ ხალხს ეს მნიშვნელოვანი დღე და ვუსურვო იაპონიას უწყვეტი მშვიდობა და კეთილდღეობა.