მინისტრის სიტყვა კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით
 
თბილისი, 15 დეკემბერი, 2015 წელი
 
ბატონო ელჩო,
ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ამ ღირსშესანიშნავ დღესთან - კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. მსურს ეს მნიშვნელოვანი თარიღი მივულოცო როგორც ქართველ, ისე კორეელ ხალხს.  
 
საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას კორეის რესპუბლიკასთან - აზიის მეოთხე ეკონომიკასთან და მიესალმება მის მზარდ ლიდერობას მსოფლიო ასპარეზზე.
 
მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი მანძილისა, მასშტაბისა და განვითარების ტემპისა, საქართველოსა და კორეას მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ კორეამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დაამყარა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები.
 
მიხარია, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ვითარდება ყველა მიმართულებით. ამას კი საფუძვლად უდევს ჩვენი საერთო ფასეულობები და ერთობლივი ძალისხმევა საერთაშორისო მშვიდობისთვისა და განვითარებისთვის.
 
ფასდაუდებელია საელჩოების როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საქმეში. მიმაჩნია, რომ დღეს არსებული პოზიტიური ტენდენციების დამკვიდრებაში დიდი წვლილი სწორედ საქართველოსა და კორეის საელჩოებს მიუძღვით. ჩვენი საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენლობა სეულში 2012 წელს გაიხსნა, რომელმაც დიდი შრომა გასწია ყველა მიმართულებით, მათ შორის ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარების კუთხით. გვჯერა, რომ კორეის საელჩოს წარმომადგენლობის გახსნა თბილისში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გვექნება კორეის მხარის გადაწყვეტილება სრულფასოვანი საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით.
 
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და კორეას ორმხრივი ვაჭრობის მზარდი ტენდენცია გააჩნია, იზრდება კორეელ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში. აღსანიშნავია კორეის როლი ინვესტიციების კუთხითაც. მიმდინარე წლის სექტემბერში დადასტურდა კორეული კომპანია K-water-ის მონაწილეობა ნენსკრას პროექტში, რომლის საერთო ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ასევე, ხაზგასასმელია კონტრიბუცია, რომელსაც კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (კოიკა) ახორციელებს საქართველოში. კერძოდ, კოიკამ გამოყო რამდენიმე მსხვილბიუჯეტიანი გრანტი საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის. ამას გარდა, ყოველწლიურად სწორედ კოიკას დაფინანსებით მიემგზავრება საქართველოს ათეულობით საჯარო მოხელე სამხრეთ კორეაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.  
 
მინდა მადლიერება გამოვხატო ასეთი თანადგომისთვის და აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ ეს მეტად პოზიტიური დინამიკა და შემდგომი ძალისხმევა მივმართოთ ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ.