გიორგი კვირიკაშვილი - რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება

დოიჩე ველე: აფხაზეთი რუსეთის გავლენის ზონად ითვლება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ აფხაზეთის შემოერთების მცდელობებისას, რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად?

გიორგი კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ ის პროგრამები, რომლებიც მათთვის სოციალური მხარდაჭერას ითვალისწინებს: უფასო განათლება და სამედიცინო მომსახურება აფხაზებისა და ოსებისათვის. რასაკვირველია, ამის გარდა ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ევროპიდან და ამერიკიდან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს საერთაშორისო დონეზე, ანუ იმ ფორმატებით, რომლებიც დღეს არსებობს, ვთქვათ, ჟენევის შეხვედრების საშუალებით. ჩვენ აფხაზებთან ურთიერთობის გაუმჯობესება შეგვიძლია, რაც, თავის მხრივ, საქართველოს გამთლიანებამდე მიგვიყვანს.

დოიჩე ველე: თქვენს კიდევ ერთ რეგიონს – სამხრეთ ოსეთს, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, რუსეთის ფედერაციის სემადგენლობაში შესვლის გეგმები აქვს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება განიზრახა. რა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ ოსების მცდელობებს?

გიორგი კვირიკაშვილი: რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. ასევე პროვოკაციებს წარმოადგენს აფხაზეთ-რუსეთს და სამხრეთ ოსეთ-რუსეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებებიც, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, აშკარაა, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებებს ვერაფერს ვუხერხებთ, ჩვენ მხოლოდ მათი დაგმობა შეგვიძლია. ჩვენ ასევე ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს რომ არ აღიარონ და დაგმონ ამგვარი რეფერენდუმები თუ შეთანხმებები.

დოიჩე ველე: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიებია, რუსეთს სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. რამდენად ხელს შეგიშლით რუსული ბაზების არსებობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში?

გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა მოქმედება ოკუპაციის ფაქტის გამოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის საქართველოს ინტეგრირების პროცესს ევროპულ და  ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ჩვენ ამის მოწმენი ვართ და ეს ხდება უკვე 20 წლის განმავლობაში.

დოიჩე ველე: თუ ამ მომენტებს გავითვალისწინებთ (ანუ საქართველოს სურვილს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე და მის ხელშემშლელ ფაქტორებს), უმჯობესი არ იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების თავისუფლად გაშვება და ამის სანაცვლოდ დასავლური ორგანიზაციების წევრობა?

გიორგი კვირიკაშვილი: ამ საკითხებს ამგვარად ნუ მივუდგებით. მე ვფიქრობ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზებისა და ოსებისათვის მიმზიდველად უნდა გადავაქციოთ. აი, ამიტომაც ვახორციელებთ რეფორმებს ენერგიულად, რომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმი მივიღოთ. როცა ევროპაში წასასვლელი ვიზები გაუქმდება, როცა საქართველოში უფრო მეტი ევროპული ბიზნესი და ევროპული ინსტიტუტები იქნება, ჩვენ უფრო მეტად მიმზიდევლი ვიქნებით აფხაზებისა და ოსებისათვის.

დოიჩე ველე“: ბატონო მინისტრო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია გერმანიაში საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის რანგში. რა კონკრეტულ ზომებსა და მხარდაჭერას ელოდებით გერმანიის მთავრობისაგან?

გიორგი კვირიკაშვილი: მე მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და გერმანიის მთავრობას მადლობა გადავუხადო იმ რიგი სასარგებლო პროგრამების გამო, რომლებსაც ბერლინი საქართველოში ახორციელებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გერმანია კვლავაც მხარს დაგვიჭერს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. ასევე მადლობა მინდა გითხრათ იმ დიდ დახმარებაზე, რასაც გერმანია გვიწევს სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გატარებაში, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ვიზა-ლიბერალიზებისათვის. ბუნებრივია, ასევე გვსურს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი გერმანული კაპიტალი, გერმანული ინვესტიციები შემოვიდეს.

ინტერვიუს ვიდეო ჩანაწერიhttp://www.dw.com/en/this-is-all-against-international-law/av-18808750