ყოველდღიური გერმანული გაზეთი „Süddeutsche Zeitung“ 2015 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩაწერილ ინტერვიუს, სათაურით „საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციას იმედის თვალით უყურებს“, აქვეყნებს. 

სტატიის ავტორი, რომელიც პირადად შეხვდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მასთან ინტერვიუში განხილულ თემებზე საუბრობს. სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას, რის შესახებაც ბატონმა კვირიკაშვილმა ჟურნალისტთან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების გრძელვადიანი მიზანი დასავლეთ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მოხდენაა. მისივე განცხადებით, შემდეგი წინგადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება, რომლის შესახებ მოლაპარაკებებიც მინისტრის ვარაუდით მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.

ბატონი კვირიკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლა არა მარტო ხალხთა შორის ურთიერთობების გარღმავებას შეუწყობს ხელს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის  სავაჭრო ურთიერთობების გაზრდასაც პოზიტიურად წაადგება. „Süddeutsche Zeitung“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ასევე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრობს და იმედის თვალით უყურებს მომავალი წლის ზაფხულში, ქალაქ ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საჭირო რეფორმა გაატარა, რათა საქართველოს შეირაღებული ძალები ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტერვიუში ასევე იმ სირთულეებზე და გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს რუსეთის მხრიდან ემუქრება, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია ხელს არ შეუშლის რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიანი გზით დალაგებას. აქვე მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის არალეგიტიმური ლიდერის მიერ დაანონსებულ რეფერენდუმზე რეგიონის რუსეთთან მიერთების მიზნით და მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სუვერენიტეტის საკითხებში კომპრომისებს არ დაუშვებს, თუმცა არც რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს წამოეგება. სტატიაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი განუწყვეტლივ ცდილობს საქართველოს პროვოცირებას, რისი ნათელი მაგალითიც ეგრეთწოდებული მცოცავი ოკუპაციაა. სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა იმ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით გაჩნია.

ინტერვიუს ორიგინალი