tamar-berushashvili.jpg2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა.

თამარ ბერუჩაშვილს დიპლომატიურ სფეროსა და სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციულ თემებზე მუშაობის ოცდაორწლიანი გამოცდილება. თამარ ბერუჩაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

„ქალბატონმა თამარმა ზუსტად იცის, თუ რა არის საკეთებელი საგარეო პოლიტიკურ სფეროში, ზუსტად იცის, თუ რა ამოცანების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ შეიძლება ეფექტიანად განვაგრძოთ ის კურსი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, ურყევი ნება, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ბერუჩაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ მიზნის მიღწევაში"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია ემსახუროს ქართულ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. „ მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს მომავალი ევროპული ოჯახის გარეშე წარმოუდგენელია. არსებული საგარეო კურსი არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. ქართული დიპლომატია გააკეთებს ყველაფერს, რომ განამტკიცოს პარტნიორობა და თანამშრომლობა ყველა მეგობართან, შეიძინოს მრავალი ახალი მეგობარი და გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხო მომავალი." -აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენამდე 2013-2014 წწ.-ში თამარ ბერუჩაშვილი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. სახელმწიფო სტრუქტურებში მრავალწლიანი საქმიანობის პერიოდში მას ეკავა მინისტრის, სახელმწიფო მინისტრის ასევე მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

თამარ ბერუჩაშვილს აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის დიდი გამოცდილება. გახლავთ ილიას სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს მოწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობდა სამაგისტრო ლექციებს ევროპის კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებში.

თამარ ბერუჩაშვილს გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია.

თამარ ბერუჩაშვილის ბიოგრაფია