United-States.pngურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დამყარდა 1992 წლის 23 აპრილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • დავით ბაქრაძე - 2017 - დღემდე
  • არჩილ გეგეშიძე - (აპრილი 2013 - 2017)
  • თემურ იაკობაშვილი - (იანვარი 2011 - თებერვალი 2013)
  • ბათუ ქუთელია - (იანვარი 2009 - დეკემბერი 2010)
  • ვასილ სიხარულიძე - (თებერვალი 2006 - დეკემბერი 2008)
  • ლევან მიქელაძე - (ივნისი 2002 - იანვარი 2006)
  • თედო ჯაფარიძე - (ივნისი 1994 - მარტი 2002)
  • ზურაბ ჩხეიძე - (აგვისტო 1993 - ივნისი 1994)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

  • იან კელი - 2016 - დღემდე
  • რიჩარდ ნორლანდი (აგვისტო 2013 - სექტემბერი 2016)
  • ჯონ ბასი (ოქტომბერი 2009 - ივლისი 2012 )
  • ჯონ ტეფტი (აგვისტო 2005 - სექტემბერი 2009)
  • რიჩარდ მაილსი (მაისი 2002 - აგვისტო 2005)
  • კენეტ იალოვიცი (ივლისი 1998 - ივნისი 2001)
  • ვილიამ ქორთნი (სექტემბერი 1995 - აგვისტო 1997)
  • კენთ ბრაუნი (სექტემბერი 1992 - აგვისტო 1995)

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსული:

  • ჯონ ევერეტ ჰოლი - საქართველოს საპატიო კონსული ქ. ატლანტაში, ჯორჯიის შტატი
    დაფარვის ზონა: ჯორჯიის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
    მისამართი: 1180 West Peachtree Street, NW Atlantic Center Plaza, Suite 900 Atlanta, GA 30309
    ტელ: +1 (404) 954 5000, ფაქსი: 404 954 5020, E-mail: jhall@nbss.net

  • დევიდ კ. შიმპი - საქართველოს საპატიო კონსული ქ. ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინა
    დაფარვის ზონა: სამხრეთ კაროლინა, ამერიკის შეერთებული შტატები
    მისამართი: 525 East Bay Street, Suite 201, Charleston, SC 29403
    ტელ: +1 (843) 266-0561; ფაქსი: +1 (843) 266-0729, E-mail: d.shimp@comcast.net

თანამშრომლობის სფეროები

საქართველოს ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან აშშ-მ საქართველოს დიდი პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დიდი მხარდამჭერი.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია

2009 წლის 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოეწერა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. ქარტია წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზს. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა.

თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო და პოლიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2002 წელს ინიცირებული წვრთვნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება (GTEP), რომელიც 2005 წელს გაგრძელდა მხარდაჭერისა და სტაბილურობის ოპერაციების უზრუნველყოფის პროგრამით (SSOP). ამას გარდა, ასევე აღსანიშნავია სამხედრო განათლების პროგრამები, აშშ-ის მრჩეველთა ჯგუფის დახმარება, ამერიკელ ექპსერტთა ჯგუფების მიერ შეფასების მიზნით განხორციელებული ვიზიტები და სხვ. ეს პროგრამები დაფინანსდა და განხორციელდა აშშ-ის მეშვეობით, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას, სამხედრო რეფორმების სტიმულირებას და პროფესიული სამხედრო განათლების დონის ამაღლებას. სამი ქართული ბრიგადა, რომელიც GTEP-ის და SSOP-ის ფარგლებში იქნა გაწვრთნილი, 2003-2008 წლებში აშშ-ის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით ერაყში ასრულებდა მისიას.

ამას გარდა, 2010 წლის მარტიდან ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ქართული ქვეითი ბატალიონი მონაწილეობას იღებს ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციის GDP-ISAF-ის პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამის მეშვეობით გაიწვრთნა 4 ქვეითი ბატალიონი და 2011 წელს დაიწყო GDP-ISAF-ის პროგრამის მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებში ქართული ქვედანაყოფები ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობას გაზრდილი რიცხოვნებით მიიღებენ.

საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა (BTRP), რომელიც მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-ის დაფინანსებით აშენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფრალური ლაბორატორია (CPHRL) და შეიქმნა განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევათა აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემა, რომლის კონტროლს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ახორციელებს.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულ გარკვეულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ვრცელდება GSP (პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა) სავაჭრო რეჟიმი, რაც შეერთებულ შტატებში ქართული პროდუქციის შეღავათიანი საბაჟო განაკვეთით ექსპორტის საშუალებას იძლევა.

2005-2013 წლებში აშშ-ს მხრიდან საქართველოში განხორციელებულ იქნა 688,87 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.,2013 წელს აშშ-დან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 54,68 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება და მისი წილი 2013 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების მთლიან მოცულობაში 7%-ით განისაზღვრა. 2014 წლის I კვარტლის მონაცემებით აშშ-დან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 17.97 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი

2005 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს". საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა 2006 წლის 7 აპრილს ამოქმედდა. 2008 წლის 20 ნოემბერს, ხელი მოეწერა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმებული კომპაქტის ცვლილებას. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამის (295,3 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში, დამატებით 100 მილიონი დოლარის გამოყოფას, რის შედეგადაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება 395,3 მილიონამდე გაიზრდა.

კომპაქტის ფარგლებში საქართველოსთვის მონიჭებული ფინანსური დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდა სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას (209 მილიონი აშშ დოლარი); ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციას (49.5 მილიონი აშშ დოლარი) და სხვადასხვა რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს (57.7 მილიონი აშშ დოლარი).

2013 წლის 26 ივლისს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 (აშშ დოლარის) მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. აქცენტი კეთდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი, ამ ეტაპზე, საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

ბმულები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ს საელჩო საქართველოში
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისია საქართველოში
საქართველოს საელჩო აშშ-ში