ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საელჩო გახსნა თბილისში.

1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში:

  • ელგუჯა ხოკრიშვილი (2018 წლის 8 იანვრიდან)
  • ლადო ჭანტურია (2014 - 2017)
  • გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი (2009 - 2013)
  • ლევან დუჩიძე (2007 - 2009)
  • მაია ფანჯიკიძე (2004 - 2007)
  • კონსტანტინე გაბაშვილი (1993 - 2004)

გენერალური საკონსულო მაინის ფრანკფურტში:

გენერალური კონსული: ლევან დიასამიძე

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ჰუბერტ კნირში (2018 წლის 18 სექტემბრიდან)
  • ჰაიკე პაიჩი (2016 - 2018)
  • ბეტინა ქადენბახი (2015 - 2016)
  • ორთვინ ჰენიგი (2010 - 2015)
  • პატრიცია ჰილდეგარდ ფლორი (2006 - 2010)
  • უვე შრამი (2001 - 2006)
  • ვოლფდიტრიხ ფიოგელი (1998 - 2001)
  • ნორბეტ ბაასი (1995 - 1998)
  • გიუნთერ დალჰოფი (1992 - 1995)

თანამშრომლობის სფეროები:

ქართულ-გერმანული ურთიერთობები სახელმწიფოთაშორის დონეზე ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს (1918-1921 წწ.) უკავშირდება. მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა გერმანიასთან, ინტენსიურად განვითარდა მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, განვითარების, თავდაცვის, პოლიციის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რომელიც ასევე დინამიკურად ვითარდება. საქართველო და გერმანია აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებშიც.

საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ინვესტიციების ხელშეწყობა და ურთიერთდაცვა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება, ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობა, თავდაცვა, ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.

ქვეყნებს შორის ხშირად იცვლება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აგვისტოში შედგა გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ამასთან, ბოლო წლებში განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და სხვა სახელისუფლებო უწყებათა ხელმძღვანელი პირების ვიზიტები ბერლინში.

აქტიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია გერმანიასთან მეგობრობის საპარლამენტთაშორისო ჯგუფი, ხოლო გერმანიის ბუნდესტაგში მოქმედებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობების საპარლამენტთაშორისო ჯგუფი.

დინამიკურად ვითარდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოში წარმატებით საქმიანობს არაერთი გერმანული კომპანია, მათ შორის „ჰაიდელბერგცემენტი“, „კნაუფი“, „ჰენკელი“ და ა.შ. ერთობლივად ორგანიზებული ბიზნეს-ფორუმები მიზნად ისახავს გერმანიის საქმიანი წრეების დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით. ამავე მიზანს ემსახურება საქართველოში მოქმედი გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის სტატუსი აქვს.

საქართველოში მრავალი წელია ნაყოფიერად მოღვაწეობენ გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოება (GIZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), რომლებიც ტექნიკური და ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებენ პროექტებს მდგრადი განვითარების, დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმართველობის განვითარების, კანონის უზენაესობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში.

აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა გერმანიის წამყვან პოლიტიკურ (ფრიდრიხ ებერტის, კონრად ადენაურის, ჰაინრიხ ბიოლის, ფრიდრიხ ნაუმანის) ფონდებთან. კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, დაფუძნდა ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობენ საქართველოსა და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები, ექსპერტები და ა.შ.

მრავალფეროვანია ქართულ-გერმანული თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, რასაც ემსახურება როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში ორგანიზებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (კულტურის დღეები ბერლინში, გერმანულ-ქართული სამეცნიერო ფორუმი, მუსიკალური, კინო და სხვა ტიპის ფესტივალები, კონცერტები, გამოფენები და ა.შ.). საქართველოში წარმოდგენილია რეგიონული მნიშვნელობის გოეთეს ინსტიტუტი (Goethe-Institut) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). გერმანული ფონდებისა და ინსტიტუტების ხელშეწყობით, ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს ეძლევათ გერმანიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში განათლების მიღებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესაძლებლობა.

საქართველო-გერმანიას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო, მეგობრული და მრავალმხრივი ურთიერთობების კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის აპრილში ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-გერმანიის წელი საქართველოში გერმანული დასახლებების დაარსების 200 წლისთავისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად. საქართველო-გერმანიის წლის დასკვნით ფაზაზე, 2018 წლის ოქტომბერში საქართველომ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში.

ბმულები:

საქართველოს საელჩო გერმანიაში
გერმანიის საელჩო საქართველოში
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტრო
გერმანიის საკანონმდებლო ორგანო
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება
კონრად ადენაუერის ფონდი
ჰაინრიხ ბოლის ფონდი
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
ფრიდრიხ ებერტის ფონდი