ურთიერთობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 27 აპრილს.

 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში:

  • თამარ ბერუჩაშვილი 2016 - დღემდე
  • რევაზ გაჩეჩილაძე 2014-2016
  • გიორგი ბადრიძე 2009-2013
  • გელა ჩარკვიანი 2006-2009
  • ამირან კავაძე 2004-2006
  • თეიმურაზ მამაცაშვილი  1995-2004

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

 ჯასტინ მაკკენზი სმიტი 2016 წლის აგვისტოდან - დღემდე

  • ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი  2013-2016
  • ჯუდით გოფი  2010-2013
  • დენის კიფი 2007-2010
  • დონალდ მაკლარენი  2004-2007
  • დებორა ელიზაბეტ ბარნს ჯონსი  2001-2004
  • რიჩარდ თომას ჯენკინსი  1998-2001
  • სტივენ ნეში  1995-1998

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი ურთიერთობები ჯერ კიდევ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან (1918-1921 წწ.) იწყება და მნიშვნელოვანწილად, და-ძმა ოლივერ და მაჯორი უორდროპების სახელს უკავშირდება. ოლივერ უორდროპს, ამიერკავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელს, განსაკუთრებით უყვარდა საქართველო და ქართული კულტურა. მისმა დამ - მაჯორი უორდროპმა თარგმნა ქართული ლიტერატურის არაერთი შედევრი, მათ შორის, „ვეფხისტყაოსანი“.

ქართულ-ბრიტანული ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს პოლიტიკურ, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის, მიმდინარე ეტაპზე, ძალაშია 17 შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ინვესტიციების წახალისება და დაცვა, საჰაერო მომსახურება, თავდაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება, გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთა და ა.შ.

ქვეყნებს შორის ხშირად ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, როგორც აღმასრულებელი, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან.

2014 წელს დაფუძნდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი - „უორდროპის დიალოგი“, რომელიც 4 განზომილებას აერთიანებს (პოლიტიკის; საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; სავაჭრო-ეკონომიკური; ხალხთაშორისი კონტაქტები) და ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, ტარდება პლენარული შეხვედრები, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მხარეები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს. 2016 წლიდან დიალოგის ფორმატი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი’’ ეწოდა, ხოლო 2017 წელს პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. მიმდინარე ეტაპზე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ ხუთი რაუნდია ჩატარებული. ბოლო, მე-5 სხდომას 2018 წლის 8 ნოემბერს, თბილისმა უმასპინძლა.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის დინამიურად ვითარდება დარგობრივი თანამშრომლობა. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ბრიტანულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას, ასევე, თავდაცვის სამინისტროსათვის საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მნიშვნელოვანია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი კრიზისების მართვისა და მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით.  2016 წელს, ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით და ბრიტანელი ექსპერტების უშუალო მონაწილეობით, საქართველოში გაიხსნა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი, რომელიც ბრიტანულ, ე.წ. COBRA-ს მოდელზეა აგებული და ამავე დროს, მორგებულია ქართულ სპეციფიკას. 2017 წლიდან სიტუაციური ოთახი ექვემდებარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს თამაშობს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ბრიტანეთის პარლამენტში - საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფი (All Party Group on Georgia – APGG). 2018 წლის 30 მაისს, საქართველოსთან მეგობრობის ინტერპარტიული ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა პარლამენტარი ჯონათან ჯანოგლი, გამოქვეყნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი კომუნიკე.

საქართველოს მიმართ ბრიტანეთის პარლამენტის მხარდაჭერის მორიგი ჟესტი გახლდათ 2018 წლის 10 ივლისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის მიერ მიღებული პოლიტიკური განცხადება (motion), სადაც ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოს უპრეცედენტო პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ.

 აქტიურია ქართულ-ბრიტანული ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. საქართველოში წარმოდგენილი ბრიტანული კომპანიები საქმიანობენ ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების, სამშენებლო, ტურისტულ, საფინანსო მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში. ფუნქციონირებს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა, რომლის ოფისიც თბილისში 2014 წელს გაიხსნა. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი ინვესტორების რიგებშია.

ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური დინამიკის გაგრძელების მიზნით, 2017 წელს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტარი მარკ პრიტჩარდი მოავლინა საქართველოში (და სამხრეთ კავკასიაში), როგორც სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი. 2018 წლის ივნისში, განხორციელდა პირველი სავაჭრო მისიის ვიზიტი.

ორ ქვეყანას შორის კულტურისა და განათლების სფეროებში ურთიერთობების განვითარებას ხელს უწყობს საქართველოში ბრიტანეთის საბჭო (British Council). ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, კერძოდ, „ჩივნინგის“ სტიპენდიით, ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შესაძლებლობა. 1995 წლიდან დღემდე, აღნიშნული სტიპენდიით ისარგებლა 200-ზე მეტმა სტუდენტმა. ასევე, 2017 წლიდან განახლდა ჯონ სმიტის სტიპენდია ქართველი ახალგაზრდებისთვის. ქართულ-ბრიტანული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლონდონში არსებული ბრიტანულ-ქართული საზოგადოება.

2019 წელს საქართველოში გაიმართება გაერთიანებული სამეფოს სეზონი (UK Season).

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის აქტიურად ვითარდება ორმხრივი თანამშრომლობა თვითმმართველობების (მუნიციპალიტეტების) დონეზე. დაძმობილებული ქალაქებია თბილისი და ბრისტოლი, ქუთაისი და ნიუპორტი, ახალციხე და ნიუ ქასლი.

2018 წელს აღინიშნა თბილისისა და ბრისტოლის დამეგობრების 30 წელი, რასთან დაკავშირებითაც, გაიცვალა ვიზიტები მუნიციპალურ დონეზე და განხორციელდა სხვა საზეიმო ღონისძიებები. ბრისტოლში გაიხსნა საპატიო საკონსულო და საქართველოს საპატიო კონსული დერეკ პიკაპი ოფიციალურად შეუდგა თავის საქმიანობას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს „კარგი მმართველობის ფონდი“ (GGF), რომლის დაფინანსებაც 7 ქვეყანაზე ვრცელდება: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, სომხეთი და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია (FYROM). პროექტის ძირითადი მიზანია, ამ სახელმწიფოებისათვის  დახმარების აღმოჩენა აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიის განვითარებაში.  2018-2019 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილია 5 მლნ-მდე ფუნტი.

ბმულები:

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო
დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრო
დიდი ბრიტანეთის მონარქი
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი