ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დამყარდა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ესტონეთის რესპუბლიკაში:

2004-2007 წლებში ესტონეთის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდებოდა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ. 

  • დავით აფციაური  2004-2007;

2007 წელს ესტონეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • თეა ახვლედიანი 2014 - დღემდე.
  • რუსლან აბაშიძე  2009 – 2013; 
  • ზურაბ მარშანია (საქმეთა დროებითი რწმუნებული)  2007– 2009;

ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2006 წლის დეკემბერში საქართველოში გაიხსნა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო.

  • კაი კაარელსონი (Kai Kaarelson) 2016 - დღემდე. 
  • პრიიტ ტურკი (Priit Turk)  2012 – 2016; 
  • ტოომას ლუკი (Toomas Lukk)  2008 – 2012; 
  • ჰარი ლაჰტეინი (Harry Lahtein) (საქმეთა დროებითი რწმუნებული)  2007-2008; 

ესტონეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში: 

ოთარ შარაძე (ბათუმის საკონსულო ოლქი)  2009 - დღემდე.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული 20-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება მყარ სამართლებრივ საფუძველს უქმნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და სხვა. ქვეყნები ნაყოფიერად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

წარმატებით თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოები. შექმნილია პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები, ხორციელდება რეგულარული ვიზიტები და შეხვედრები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული კურსისადმი ურყევი მხარდაჭერა ესტონეთის პარლამენტმა არაერთხელ დაადასტურა მიღებული რეზოლუციებითა და განცხადებებით.

საქართველო 2006 წლიდან წარმოადგენს პრიორიტეტულ ქვეყანას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში.  2016-2018 წწ. პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენდა ის სფეროები, რომლებიც გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგსა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის საჭიროებებიდან: დემოკრატიული სახელმწიფო სტრუქტურებისა და სისტემის გაძლიერება, პროფესიული განათლების დონის ამაღლება, სამეწარმეო საქმე; ასევე ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა და სხვა. ესტონეთი წარმოადგენს ასევე მნიშვნელოვან პარტნიორს Twinning-ის პროექტების განხორციელების მხრივ. უკვე განხორციელებული პროექტებიდან, ესტონური მხარის მონაწილეობით განხორციელდა 3 პროექტი შემდეგ სფეროებში: სანიტარია & ფიტო სანიტარია, საჯარო ფინანსების მართვა და ელექტრონული მმართველობა, რა მიმართულებითაც ესტონეთს ექსკლუზიური გამოცდილება გააჩნია.

აქტიური თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლას შორის, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს საჯარო მოხელეებისათვის, სადიპლომო კურსის გავლის მიზნით. 2011 წელს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის დიპლომატიის სკოლის ხელშეწყობით შექმნილი „ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ცენტრი“ (Estonian Center of Eastern Partnership (ECEAP) აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს ხელს უწყობს საჯარო მოხელეების ადმინისტრაციული უნარების განვითარებაში, ესტონეთის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების განვითარებას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივასთან დაკავშირებული პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციას.

უპრეცენდენტოდ აქტიურია ორ ქვეყანას შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობა. საქართველო და ესტონეთი თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში, მათ შორის სამხედრო განათლების მიმართულებით. ესტონეთი აფინანსებს საქართველოს წარმომადგენლებს ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯში სასწავლებლად, ესტონეთის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში ეროვნული თავდაცვის მაღალი დონის კურსი. მიმდინარეობს თანამშრომლობა, კონსულტაციები და ტრეინინგები კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე, რა კუთხითაც ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა ევროკავშირსა და ნატო-ში. გარდა ამისა, ესტონეთისა და საქართველოს სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად იმართება ბიზნეს-ფორუმები. ამას გარდა, 2015 წელს ქვეყნები შეთანხმდნენ ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. განხორციელებული ესტონური ინვესტიციები მოიცავს ენერგეტიკის სფეროს და უძრავ ქონებას. 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედებულ მოგების გადასახადის რეფორმას საფუძვლად დაედო მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებული „ესტონური მოდელი“. აღსანიშნავია თანამშრომლობა ინოვაციების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების,  აღნიშნულ სფეროებში ესტონეთს ერთ-ერთი მოწინავე გამოცდილება გააჩნია.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და ესტონეთს შორის განათლების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა, რომელიც 10 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება. განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში მოღვაწე ორ ესტონურ სამთავრობო ფონდთან „INNOVE“ და „არქიმედე“, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან შესაბამისად საგანმანათლებლო სისტემის ორ მიმართულებაზე: ზოგად და პროფესიულ განათლებაზე და უმაღლესი განათლების და კვლევის სექტორებზე.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად გამოყოფს სტიპენდიებს სტუდენტებისათვის საქართველოდან ტალინის, ტარტუს და ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ესტონეთის უმაღლეს სასწავლებლებში სხვადასხვა პროგრამით მოსწავლე ქართველ სტუდენტთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ორ ქვეყანას შორის კულტურულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რეგულარულად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. 2013 წლის ივლისში ესტონეთის კუნძულ საარემაზე გაიმართა ქართული ოპერის დღეები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საოპერო თეატრებმა. ღონისძიება უპრეცედენტოდ მასშტაბური იყო ესტონეთში ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით.

ნაყოფიერი აღმოჩნდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კინემატოგრაფის სფეროში. 2013 წელს შედგა პრემიერა მხატვრული ფილმისა “მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ერთობლივი პროექტია და მრავალი საერთაშორისო პრემია აქვს მოპოვებული. 2015 წელს საქართველო იყო ესტონეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიების - ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის Tallinn Black Nights Film Festival (PÖFF) „ქვეყანა ფოკუსში“. ქართულ-ესტონური თანამშრომლობის შედეგია 2017 წელს ახალი ქართულ-ესტონური ფილმისა „აღსარება“, რომელიც, ასევე, ზაზა ურუშაძისა და ესტონური კომპანია „Allfilm“-ის ერთობლივი ნამუშევარია. ხოლო 2018 წელს  ქართულ-ესტონური თანამშრომლობის შედეგად გადაღებული მესამე ფილმის, ანა ურუშაძის ფილმის „საშიში დედა“ პრემიერა.


სასარგებლო ინფორმაცია

Embassy of Georgia to the Republic of Estonia
Embassy of the Republic of Estonia to Georgia
Ministry of Foreign Affairs of the Republic of Estonia
President of the Republic of Estonia
Parliament of the Republic of Estonia
Government of the Republic of Estonia