ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 23 მაისს.
2004 წელს წმინდა საყდართან გაიხსნა საქართველოს საელჩო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები წმიდა საყდარში:

  • თამარ გრძელიძე 2014-დღემდე
  • ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი 2004-2014
  • ​ამირან კავაძე 2001-2003 (რეზიდენციით ჟენევა)

1993 წელს, საქართველოში გაიხსნა წმინდა საყდრის საელჩო. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2009 წლიდან საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენად განისაზღვრა ვატიკანის ნუნციუსი.

წმინდა საყდრის ნუნციუსები საქართველოში:

  • მარეკ სოლჩინსკი 2012 - დღემდე
  • კლაუდიო გუჯეროტი 2002-2012
  • პიტერ სტეფან ცუბრიგენი 1998-2001
  • ჟან-პოლ გობელი 1993-1998

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების მიზნით, მნიშვნელოვანი იყო 1999 წელს, რომის პაპის იოანე პავლე II-ის და 2016 წლის 30 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში, პაპი ფრანცისკეს მიერ განხორციელებული ოფიციალური ვიზიტები საქართველოში. ისტორიული მნიშვნელობის ეს ორი ვიზიტი იყო ნათელი დადასტურება ვატიკანის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების და მეცნიერების სფეროში. წმინდა საყდრის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს თეოლოგიური განათლება მიიღონ რომში. სტიპენდიები, ასევე გამოყოფილია ნიჭიერი ქართველი მუსიკოსებისათვის იტალიის წამყვან კონსერვატორიებში სწავლის გაგრძელების მიზნით.
2011 წელს, ქართველ მეცნიერებს საშუალება მიეცათ 2 წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის კონგრეგაციის „პროპაგანდა ფიდე“ დაცულ არქივებში, სადაც ინახება უძველესი ხელნაწერები საქართველოს შესახებ.

წმინდა საყდრის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ქართული სიძველეების დაცვასა და აღდგენას. საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანოს მხარდაჭერით, მოხერხდა სვანეთში დაცული უძველესი ქართული ხატების აღდგენა. ასევე, შეიქმნა სახელოსნო, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ მინანქარზე მუშაობის ხელოვნებას.

ქალაქ სანტა მარინელაში საზეიმოდ გაიხსნა ვატიკანში მოღვაწე მეცნიერის მიხეილ თამარაშვილის მემორიალური დაფა. მის წიგნს ,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროპის სამეცნიერო წრეებში და  ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა.

საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკური ეკლესიის მიერ. მისიაა უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. “საქართველოს კარიტასის” მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს ჯანდაცვას, სოციალურ დახმარებას, ბავშვებსა და მოზარდებს, განვითარებასა და გადაუდებელ დახმარებას.


ბმულები:

საქართველოს საელჩო წმინდა საყდართან
წმიდა საყდრის ოფიციალური ვებ-გვერდი