ურთიერთობები საქართველოსა და იაპონიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 3 აგვისტოს.

საქართველოს ელჩები იაპონიაში:

  • ბ-ნი ივანე მაჭავარიანი - (2008-2009)
  • ბ-ნი რევაზ ბეშიძე - (2009-2013)
  • ბ-ნი ლევან ცინცაძე - (2014 წლის 13 თებერვლიდან დღემდე)

იაპონიის ელჩები საქართველოში:

  • ბ-ნი კოჯი ვატანაბე - (1996-1997)
  • ბ-ნი ტაკეჰირო ტოგო - (2001-2002)
  • ბ-ნი ტოშიუკი ფუჯივარა - (2002-2005)
  • ბ-ნი ტადაჰირო აბე - (2005-2009)
  • ბ-ნი მასაიოში კამოჰარა - (2009-2012)
  • ბ-ნი ტოშიო კაიტანი - (2013 წლიდან დღემდე)

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ტარდება რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას; რეგულარულად ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, ბიზნეს ფორუმები და კულტურული ღონისძიებები.

იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლოს სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა. იაპონიის მხარის ხელშეწყობით ხორციელდება პროექტები ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, განათლებისა და სხვა სფეროებში. იაპონიის ODA-ის ფარგლებში, იაპონიის მხარე ასევე აქტიურად ახორციელებს გრასრუტების საგრანტო პროექტებს, რომელიც ორი მიმართულებით მიმდინარეობს: გრასრუტების და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტები (GCP) და გრასრუტების და კულტურული დახმარების პროექტები (GCCP). აღნიშნული პროგრამების მეშვეობით, განხორციელდა საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, სკოლების და სხვა დაწესებულებებების შენობათა რეაბილიტაცია და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.

JICA-ს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს საჯარო მოხელეებს ყოველწლიურად შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის იაპონური ენის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ კურსებში.

მხარეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ სუამ-იაპონიის ფორმატის ფარგლებში.

ბმულები:

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო