ურთიერთობები საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იტალიას შორის დამყარდა 1992 წლის 11 მაისს.

1994 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იტალიაში:

  • კონსტანტინე სურგულაძე - 2018 - დღემდე
  • კარლო სიხარულიძე 2013 - 2018
  • კონსტანტინე გაბაშვილი 2008-2012
  • ზაალ გოგსაძე 2004-2008
  • რუსუდან ლორთქიფანიძე 1998-2004
  • ბეგლარ თავართქილაძე 1994-1998

2000 წელს საქართველოში გაიხსნა იტალიის რესპუბლიკის საელჩო.

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 - დღემდე
  • ფედერიკა ფავი 2011-2015
  • ვიტორიო სანდალი 2007-2011
  • ფაბრიციო რომანო 2004-2007
  • მიქელანჯელო პიპანი 2000-2003

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 16-17 ივლისს, საქართველოს პირველი ისტორიული ვიზიტით ეწვია იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და იტალიას შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს ჯანდაცვის, განათლების და კულტურის სფეროებში.

საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებულია არაერთი შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.

ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა დინამიურობით გამოირჩევა. 2004 წლიდან, პერიოდულად იმართება იტალიურ-ქართული ეკონომიკური და ბიზნეს-ფორუმები. პერსპექტიულ და პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენს სამშენებლო, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგები.

აღსანიშნავია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთათვის გათვალისწინებული მრავალმხრივი პროგრამა, რომელიც გულისხმობდა დევნილებისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას, ფსიქო–სოციალურ რეაბილიტაციას, წამლებითა და სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებას, დევნილი ბავშვების იტალიაში მასპინძლობას. წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები, საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდებს განათლება მიიღონ იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის ინტენსიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

2006 წელს, თბილისში დაარსდა „დანტე ალიგიერის საზოგადოება“, რომლის მიზანია საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია.

თბილისში ფუნქციონირებს დაწყებითი და საშუალო განათლების სკოლა „ცისკარი“, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ იტალიური ენა, როგორც პირველი უცხო ენა.

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს კულტურული, ისტორიული და სამეცნიერო რესურსის წარმოჩინების მიზნით, ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიება. მათ შორის წარმატებით ხორციელდება საექსპერტო თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და არქეოლოგიის სფეროში.

2010 წლის აპრილში, რომში, ვილა ბორგეზეს პარკში, მსოფლიო მოღვაწეთა ხეივანში, გოეთეს, დანტეს, დიუმას და შექსპირის ქანდაკებების გვერდით დაიდგა შოთა რუსთაველის ძეგლი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ”ეკვილიბრიუმის” ფარგლებში, რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხე და სამკითხველო სივრცეებია გახსნილი.


ბმულები:

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში
საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩო
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო