ურთიერთობები საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 14 დეკემბერს.

საქართველოს ელჩები კორეის რესპუბლიკაში:

  • ბ-ნი რევაზ ბეშიძე - (2010-2011) რეზიდენციით ქ. ტოკიო
  • ბ-ნი ნიკოლოზ აფხაზავა - (2012 წლიდან დღემდე) რეზიდენციით ქ. სეული

კორეის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში:

  • ბ-ნი ლი ჯე ჩუნი - (2001-2004) რეზიდენციით ქ. მოსკოვი
  • ბ-ნი ჩონგ ტე-იკი - (2004-2005) რეზიდენციით ქ. მოსკოვი
  • ბ-ნი კიმ ჯე სუპი - (2005-2006) რეზიდენციით ქ. მოსკოვი
  • ბ-ნი ჰო სინგ-ჩული - (2006-2008) რეზიდენციით ქ. კიევი
  • ბ-ნი რო ბიუგ-პარკი - (2008-2011) რეზიდენციით ქ. კიევი
  • ბ-ნი ლი ჯი-ჰა - (2011-2012) რეზიდენციით ქ. ბაქო
  • ბ-ნი ჩოი სუკ-ინი -  (2012 წლიდან დღემდე) რეზიდენციით ქ. ბაქო

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

2011 წლის 16 აგვისტოს კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ორი ქვეყნის საკონონმდებლო უწყებებს შორის მეგობრობის ჯგუფებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნეს ფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა რიგი მაღალი დონის ვიზიტი, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო დონეზე. კორეელი ინვესტორები გამოხატავენ დიდ ინტერესს საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელების საკითხში.

მხარეებს შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, 2012 წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქ. თბილისში გაიმართა რიგი კულტურული ღონისძიებებისა. ამასთან, კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურული ურთიერთგაცვლის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 4-10 ივლისს ქ. სეულსა და ქ. ჩონგსონში გაიმართა კავკასიის კულტურის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა “რუსთავმა“.

აქტიურად ვითარდება ტექნიკური თანამშრომლობა კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (KOICA) და კორეის ფონდის (KF) პროგრამების ფარგლებში. KOICA-სა და KF-ის ხელშეწყობით, საქართველოს საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის კორეული ენის შესწავლის შესახებ. კორეის ფონდის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს გადაეცათ კორეის პოლიტიკის, ისტორიისა და კულტურის შესახებ წიგნები, ასევე კორეული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები. ამასთან, ქ. სეულში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, კორეის რამდენიმე ბიბლიოთეკაში გაიხსნა საქართველოს კუთხე, ბიბლიოთეკებეს გადაეცათ საქართველოს შესახებ წიგნები.

დიპლომატიურ სამსახურში გამოცდილების გაზიარებისა და სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიზნით, დამყარდა თანამშრომლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ დიპლომატიურ აკადემიას შორის. დამყარდა ურთიერთობები საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდსა და კორეის რესპუბლიკაში პოლიტიკის კვლევის წამყვან ცენტრს, სეჯონგის ინსტიტუტს შორის, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოსა და კორეის მრეწველთა ფედერაციას შორის (FKI).

ბმულები:

კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეა