ურთიერთობები საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 11 მარტს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლატვიის რესპუბლიკაში:

2004-2007 წლებში ლატვიის რესპუბლიკის გადაფარვა ხორციელდებოდა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

  • დავით აფციაური 2004-2007;

2007 წელს ლატვიის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • თეა მაისურაძე 2018- დღემდე
  • თეიმურაზ ჯანჯალია 2013 - 2018
  • კონსტანტინე კორკელია 2007 – 2013;

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2004-2006 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლატვიის საელჩოს მიერ.

  • ანდრის ვილკანსი (Andris Vilcans)  2004 – 2007.

2006 წელს საქართველოში გაიხსნა ლატვიის რესპუბლიკის საელჩო.

  • ინგრიდა ლევრენცე (Ingrīda Levrence) - 2018 წლის მაისიდან - დღემდე
  • იანის ზლამეცი - 2016 – 2017
  • ელიტა გაველე (Elita Gavele)  2012 - 2016;
  • ანდრის ვილკანსი (Andris Vilcans) 2007 – 2011;

ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში:

  • ბონდო დავითაშვილი  (თბილისის საკონსულო ოლქი) 2013 - დღემდე;
  • ბექა ოდიშარია   (აჭარის საკონსულო ოლქი) 2013 - დღემდე;
  • მიხეილ ხუნდაძე   (კახეთის საკონსულო ოლქი) 2014 - დღემდე.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კუთხით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა არსებობს. დინამიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები. საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა, რომელიც 20-ზე მეტ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკისა და ფინანსების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და მეცნიერების, ტურიზმის და სხვა სფეროებში. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში. ლატვიის მთავრობა ახორციელებს პროექტებსა და სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში რეფორმების  განხორციელებას ევროპული ინტეგრაციის და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. 2014 წლიდან ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რიგის სამართლის უმაღლეს სკოლასთან (Riga Graduate School of Law) ერთად ახორციელებს პროექტს, რომელიც გულისხმობს 12-კვირიან კურსს ევროპულ და სავაჭრო სამართალში საჯარო მოხელებიისათვის „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებიდან. ლატვიური მხარის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ევროკავშირის Twinning-ის პროექტებში მონაწილეობა. უკვე განხორციელებული Twinning-ის პროექტებიდან ლატვიის მონაწილეობით დასრულდა 1 პროექტი, ხოლო ამჟამად ლატვიური მხარე ჩართულია თვინინგის 3 პროექტის განხორციელებაში შემდეგ სფეროებში: მეტროლოგია და სტანდარტიზაცია, მართლმსაჯულება და კომპიუტერული ტრანზიტული სისტემების დანერგვა.

მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ საქართველოსა და ლატვიის პარლამენტებს. ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის გაფორმებულია  სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი. ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმებულია საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს შორისაც. ორივე პარლამენტში შექმნილია პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები. ლატვიის საეიმაში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია. ლატვიელი კანონმდებლების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არაერთხელ დადასტურდა მხარდამჭერი რეზოლუციებითა და განცხადებებით.

საქართველო და ლატვია აქტიურად თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ამასთან, ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, რიგასა და ორივე ქვეყნის რეგიონებში რეგულარულად იმართება ბიზნეს-ფორუმები. ორ ქვეყანას შორის 2009 წელს შეიქმნა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია, ხოლო 2014 წელს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და ლატვიის დამსაქმებელთა კონფედერაციის მიერ დაფუძნდა ქართულ-ლატვიური ბიზნეს-საბჭო. საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით ახორციელებს ლატვიური ავიაკომპანია “Air Baltic”, ხოლო 2018 წლის მარტიდან უნგრულმა ავიაკომპანიამ WizzAir დაიწყო პირდაპირი ავიარეისების განხორციელება ქუთაისსა და რიგას შორის.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ლატვიის სხვადასხვა ქალაქში ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები, მათ შორის გამოფენები და კონცერტები. 2012 წლიდან რიგის ცენტრში გახსნილია შოთა რუსთაველის ბარელიეფი, რომელიც ქალაქს მეგობრობის ნიშნად გადაეცა. 2014 წელს ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიხსნა პირველი ლატვიელი ადმირალის თეოდორს სპადეს მემორიალური დაფა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჩამოყალიბების საქმეში. 

2014 წლის სექტემბრიდან  ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი საქართველოს შესახებ, ხოლო 2015 წლის ნოემბერში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ლატვიის აუდიტორია.

ლატვიისა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობისა და დაძმობილების დიდი ტრადიცია არსებობს. 2007 წლიდან დაძმობილებულია ორი ქვეყნის დედაქალაქები. ლატვიის ქალაქ სიგულდაში მოქმედებს საბაგირო გზა, რომელიც 1969 წელს ჭიათურელი სპეციალისტების მიერ იქნა დამონტაჟებული.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ლატვიაში
ლატვიის საელჩო საქართველოში
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლატვიის პრეზიდენტი
ლატვიის პარლამენტი
ლატვიის მინისტრთა კაბინეტი
საქართველო-ლატვიის ერთობლივი პროექტები