ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიტვის რესპუბლიკაში

2004 წელს ლიტვის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • ხათუნა სალუქვაძე 2013 - დღემდე;
  • გიორგი ქერდიყოშვილი  2008 – 2012;
  • დავით აფციაური 2004 – 2008.

ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2001-2005 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიტვის საელჩოს მიერ.

2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიტვის რესპუბლიკის საელჩო.

  • გიედრიუს პუოჯუნასი (Giedrius Puodžiūnas) 2015 - დღემდე
  • იონას პასლაუსკასი (Jonas Paslauskas)  2010- 2015.
  • მეჩის ლაურინკუსი (Mečys Laurinkus)  2008 – 2010;
  • რიჩარდას დეგუტისი (Ričardas Degutis)  2005 – 2008;

ლიტვის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში:

  • ბორის გამრეკელი (თბილისის საკონსულო ოლქი)  2010 - დღემდე.
  • თემურ უსტიაშვილი (ბათუმის საკონსულო ოლქი) 2015 - დღემდე

საქართველოს საპატიო კონსულები ლიტვის რესპუბლიკაში:

  • კაზიმირას მუსტეიკისი - (კაუნასის საკონსულო ოლქი) 2015 - დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოს და ლიტვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის  დაცვის და  სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიტვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია პარლამენტაშორისი მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფარგლებში ლიტველი და ქართველი პარლამენტარები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. ლიტვის სეიმში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფი არის ყველაზე მრავალრიცხოვანი.

2009 წლის აპრილში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ქარტიას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ „Charter on European and Euro-Atlantic Integration between Georgia and the Republic of Lithuania", რომელიც განახლდა 2015 წელს. 2010 წლის მაისში, ქარტიის ფარგლებში დაფუძნდა საქართველო-ლიტვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია, რომელიც მხარეებს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის, ორმხრივ და სხვა გლობალურ საკითხებზე.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში საქართველო 2006 წლიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანას წარმოადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდა დაახლოებით მილიონნახევარი ევროს ღირებულების 150-ზე მეტი  პროექტი. სამაგალითოა ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა და ქალაქის ცენტრალური სკვერის განახლება. არსებული პროექტები მიზნად ისახავს დახმარებას რეფორმების განხორციელებაში, ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური უნარების განვითარებას, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების პრევენციის, სოფლის მეურნეობის, სოციალური განვითარების და სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდის, ასევე თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაში დახმარებას. ამასთანავე, ლიტვა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ახორციელებს თვინინგის პროექტებს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

აქტიური და ნაყოფიერია ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა. 2001 წლიდან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობას თავდაცვის სფეროში და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა სამხედრო განათლება, კონსულტაციები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, გამოცდილების გაზიარება თავდაცვის ტრანსფორმაციისა და მართვის საკითხებში, კონსულტაციები სამხედრო-სამოქალაქო ოპერაციების დაგეგმვასა და განხორციელების საკითხებზე.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია. ბოლო წლებში შენარჩუნებულია სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა. 2014 წლიდან მარტიდან, უნგრული ავიაკომპანია WizzAir ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისი-ვილნიუსი-ქუთაისის მიმართულებით. შედეგად, გაორმაგდა ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში. 2014 წლიდან საქართველო ვილნიუსში მდებარე ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინოვაციური ცენტრის NATO Energy Security Centre of Excellence (NATO ENSEC COE) პირველი ნატო-ს არა-წევრი კონტრიბუტორი ქვეყანაა. სს „საქართველოს რკინიგზა“ მიერთებულია ლიტვის მონაწილეობით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის პროექტს “VIKING”, რომლის ძირითად მიზანს ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის და უკუმიმართულებით კომბინირებული გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ლიტვის სხვადასხვა ქალაქში ხშირად იმართება კონცერტები, გამოფენები და ფილმების ჩვენებები. 2013 წლიდან, ლიტვის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის ლიტვის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი, ხოლო  2014 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსი.

2011 წელს, ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა თბილისის ცენტრში გახსნა „ვილნიუსის სკვერი“, ხოლო 2015 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში ვილნიუსში გაიხსნა „თბილისის სკვერი“.

მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოსა და ლიტვის რეგიონებს შორის. ხორციელდება ერთობლივი პროექტები და რეგულარული ვიზიტები. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აკავშირებთ ფოთის, ბათუმისა და კლაიპედას საზღვაო პორტებს.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ლიტვაში
ლიტვის საელჩო საქართველოში
ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ლიტვის პრეზიდენტი
ლიტვის პარლამენტი
ლიტვის მინისტრთა კაბინეტი
ლიტვისა და საქართველოს ერთობლივი პროექტები