ურთიერთობები საქართველოსა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და მალტის ორდენს შორის დამყარდა 1998 წლის 24 ივლისს.

2010 წლიდან, მალტის ორდენის გადაფარვა ხორციელდება წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები მალტის ორდენთან:

  • თამარ გრძელიძე - 2014-2018
  • ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი - 2010-2014

მალტის ორდენის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში:

  • მარჩელო ჩელესტინი - 2009-დღემდე

ორმხრივი თანამშრომლობა:

2018 წლის 22 ოქტომბერს, საქართველოსა და მალტის ორდენს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და იერუსალიმის, როდოსისა და მალტის წმინდა იოანეს სუვერენული სამხედრო ჰოსპიტალიერთა ორდენის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ორდენმა სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია დაზარალებულ მოსახლეობას.

2011 წელს, მალტის ორდენის საელჩომ დააარსა კარდინალ პიო ლაგის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ემსახურება სოციალურად დაუცველ, ლტოლვილ, ინვალიდ და ლოგინად ჩავარდნილ მოქალაქეებს.

XI საუკუნის დასაწყისში, იერუსალიმში დაარსებულ მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენს და ჰოსპიტალს, სადაც ორდენის რაინდები პილიგრიმებს უვლიდნენ, სახელი წმინდა იოანე იერუსალიმელის პატივსაცემად ეწოდა. იოანიტების ორდენის წევრები ატარებდნენ შავ მანტიას თეთრი ჯვრით.

ორდენი საერთაშორისო სამართლის სუბიექტადაა მიჩნეული და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს, რადგან არ წარმოადგენს არც სახელმწიფოს და არც საერთაშორისო ორგანიზაციას. მას აქვს მუდმივი ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი გაერო-ში. ორდენის ადგილსამყოფელია რომი და მისი ხელმძღვანელია დიდი მასტერი ჯაკომო დალლა ტორრე დელ ტემპიო დი სანგინეტტო (The Grand Master, Fra’ Giacomo Dalla Torre del Tempio di Sanguinetto).

მალტის ორდენი აერთიანებს 13 000 წევრს, ასევე ათასობით ექიმსა და მოხალისეს. დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები 120 ქვეყანასთან. ორდენის ძირითადი მიზანია დაავადებული, უმწეო, უსახლკარო და დევნილი, ასევე სტიქიური უბედურებებისა და ომისაგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, რასობრივი და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.


სასარგებლო ბმულები

საქართველოს საელჩო მალტის სამხედრო სუვერენულ ორდენთან 
მალტის სამხედრო სუვერენული ორდენი