ურთიერთობები საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ნორვეგიას შორის დამყარდა 1992 წლის 5 ივნისს.

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგებლობა გაიხსნა 2012 წელს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ნორვეგიის სამეფოში

  • მამუკა ციხელაშვილი  2012-დღემდე

2006-2012 წლებში ნორვეგიის სამეფოს ფარავდა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა დანიის სამეფოში

  • ნიკოლოზ რთველიაშვილი 2011-2012
  • დავით კერესელიძე 2006-2011

საპატიო კონსული – ლიანა სიგუა

ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ბაქო)

  • ბარდ ივარ სვენდსენი  09.2014 - დღემდე
  • ერლინგ შონსბერგი  2010-2014
  • იონ რამბერგი  2007-2010
  • სტეინარ გილი  2002-2006
  • ოლავ ბერსტადი  2000-2002
  • პერ ტრესელსტი  1998-2000

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 7 შეთანხმებას და არეგულირებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა კანონის უზენაესობის განმტკიცება, უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისია, შემოსავლებზე და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.

აქტიურია უწყებათაშორისი თანამშრომლობა და მოიცავს ენერგეტიკას, თავდაცვას, გარემოს დაცვას, კულტურას და განათლებას.

მნიშვნელოვანია მსხვილი ნორვეგიული ინვესტიცია აჭარის ჰიდროენერგო პოტენციალის განვითარების საქმეში.

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 27 ივნისს, ქ. ბერნში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) ყოვლისმომცველი თავისუფალის ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2010 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს და მოიცავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნორვეგიულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიამ საქართველოს თავდაცვის სფეროს შესაძლებლობების განვითარების (Capacity Building) ხელშესაწყობად შექმნილი, ნატო-ს ახალი ნდობის ფონდის ლიდერობა ითავა. აღნიშნული ფონდი, 2020 წლამდე, დააფინანსებს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს (JTEC), სადაც ნორვეგიას უკვე ჰყავს თავისი პერსონალი (მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელი).

ნორვეგიის განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ნორვეგიული დირექტორატის ჩართულობით განხორციელდა თბილისის ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული ღია ცის ქვეშ მუზეუმის რეაბილიტაციისა და ბეთლემის უბნის რეკონსტრუქციის პროექტები.

ნორვეგიის მთავრობამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას გამოუყო სამი მილიონი ნორვეგიული კრონა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის და ეკონომიკის დარგში ახალი თაობის ეკონომისტების აღსაზრდელად.

2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია თანამშრომლობს ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან. დაარსდა მუსიკალური ტექნოლოგიების სტუდია, რომელიც სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავს.

ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, ასევე ოსლოს დეიქმანის სახელობის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა.

საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისიის (NORLAG) საშუალებით ნორვეგიის სამეფოს მთავრობა მონაწილეობდა სამართლისა და სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის სრულყოფაში, ხოლო ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) მუშაობდა დროებით ადგილნაცვალ პირთა დასახმარებლად. 2013 წელს დასრულდა NORLAG და NRC-ის მანდატები საქართველოში.


ბმულები:

ნორვეგიის სამეფოს საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. ბაქო)
ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ნორვეგიის სამეფოს მთავრობა
ნორვეგიის სამეფოს სტორტინგი (პარლამენტი)
ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო