ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის

ურთიერთობები საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 28 აპრილს.

2004 წელს პოლონეთში გაიხსნა საქართველოს საელჩო. 2001 – 2004 წლებში პოლონეთის გადაფარვა ხორციელდებოდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ.

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა 1997 წელს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პოლონეთის რესპუბლიკაში:

  • ილია დარჩიაშვილი - 2017 - დღემდე;
  • ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი - 2011 - 2017;
  • კონსტანტინე ქავთარაძე - 2006 – 2011;
  • ზაზა კანდელაკი - 2004 – 2005.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პოლონეთის რესპუბლიკაში რეზიდენციით გერმანიაში:

  • მაია ფანჯიკიძე - 2004;
  • კონსტანტინე გაბაშვილი - 2001 – 2004.

პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • მარიუშ მაშკიევიჩი (Mariusz Maszkiewicz) 2016 - დღემდე;
  • ანდჟეი ჩიეშკოვსკი (Andrzej Cieszkowski) 2013 - 2016;
  • ურშულა დოროშევსკა (Urszula Doroszewska) 2008 - 2013;
  • იაცეკ მულტანოვსკი (Jacek Multanowski) 2004 – 2008.

საქმეთა დროებითი რწმუნებულები:

  • იაცეკ მულტანოვსკი (Jacek Multanowski) 2000 - 2004;
  • პიოტრ ბორავსკი (Piotr Borawski) 1997 – 2000.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველო და პოლონეთის რესპუბლიკა მჭიდროდ თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მნიშვნელოვანია პოლონეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ერთ-ერთი ინიციატორის, აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა საქართველოს ევროპული მისწრაფებების განხორციელების პროცესში.

2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. 

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. შექმნილია საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.

საქართველოსა და პოლონეთს შორის გაფორმებულია თხუთმეტზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონალური განვითარების,  კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში. 2009 წლიდან საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია. პოლონური და უნგრული ავიაკომპანიები („LOT” და „Wizz Air“), თბილისიდან და ქუთაისიდან, ასრულებენ რეგულარულ პირდაპირ ფრენებს ვარშავის მიმართულებით.

2004 წლიდან დღემდე, საქართველოში მოქმედებს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების დახმარების პროგრამა”, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია: ეკონომიკური ზრდა, კანონის უზენაესობა, ეფექტური მმართველობა, ეროვნული რესურსების მდგრადობა, სოციალური კეთილდღეობა, განათლება.
აქტიურია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს კონსულტაციებს სამხედრო-ტექნიკურ საკითხებზე, ერთობლივ წვრთნებს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის, ასევე სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა რეგიონული განვითარების სფეროში ისევე, როგორც პოლონეთის გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხში. პოლონელმა ექსპერტებმა დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას 2010 – 2017 წლებში რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებასა და განხორციელებაში. ბოლო წლებში საქართველოსა და პოლონეთის მრავალ ქალაქსა და რეგიონს შორის ჩამოყალიბდა პარტნიორული თანამშრომლობა.

პოლონეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების მეშვეობით, მრავალი ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას პოლონეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, პოლონეთის დარგობრივი სამინისტროები პერიოდულად ახორციელებენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ქართველი საჯარო მოხელეებისთვის.
როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში ხშირად იმართება კულტურის დღეები. ორ ქვეყანას მუდმივად სტუმრობენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პოლონეთის საელჩოს ინიციატივით, საქართველოში  ხორციელდება პროექტი სახელწოდებით „პოლონური ნაკვალევი'', რომელიც გულისხმობს თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორებისათვის მემორიალური დაფების განთავსებას მათ მიერ დაპროექტებულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თბილისის ურბანულ განვითარებაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში.

საქართველოსა და პოლონეთის ერთგვარ გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე (მოგვიანებით საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა), რომელიც პოლონური მხარის მიწვევით, ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე მოღვაწეობდა. მან ხელი შეუწყო პოლონეთში მართლმადიდებლური თეოლოგიური მეცნიერების განვითარებას და არაერთი ნაშრომი თარგმნა პოლონურ ენაზე. გრიგოლ ფერაძე პოლონეთში მოწამებრივად აღესრულა, იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, გაზის საკანში ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად.

პოლონეთში დღემდე არსებობს წმ. გრიგოლის საძმო, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს, მეცნიერებს, ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებს. ასევე, ვარშავაში ფუნქციონირებს წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველო.

საქართველო-პოლონეთის ურთიერთობათა ისტორიაში, აღსანიშნავია პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, რომლებმაც 1944 წლის “ვარშავის აჯანყებისას” პოლონეთის რესპუბლიკისთვის თავი გაწირეს. ქართველ ოფიცრებს მემორიალი 2007 წელს, ვარშავაში, აჯანყების მუზეუმში დაუდგეს.

 


ბმულები:

საქართველოს საელჩო პოლონეთში 
პოლონეთის საელჩო საქართველოში 
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
პოლონეთის მთავრობა 
პოლონეთის პრეზიდენტი
პოლონეთის სეიმი 
პოლონეთის სენატი