ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 23 მაისს.

2010 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პორტუგალიის რესპუბლიკაში:

  • რევაზ ბეშიძე 2016 - დღემდე
  • გიორგი გორგილაძე 2011-2016 
  • გაიოზ ჯაფარიძე - საქმეთა დროებითი რწმუნებული 2010-2011
  • მამუკა კუდავა 2007-2010 (რეზიდენციით პარიზი)

2005 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში პორტუგალიის საელჩოს მიერ.

პორტუგალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ჟოზე ტიტუ დე ვაშკონსელუშ ნუგეირა დიაშ კაბრალი 2012 - დღემდე  
  • ლუიზა მარგარიდა კარვალიო ბასტოს დე ალმეიდა 2010-2012
  • მანუელ მარსელუ მონტეირუ კურტუ 2005-2009

1996-2005 წლებში, პორტუგალიის მიერ საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში პორტუგალიის რესპუბლიკის საელჩოდან.

  • ჟოაო დიოგო კორეია სარაივა ნუნეში 2003-2005
  • ჟოაკიმ რაფაელ კაიმოტო დუარტე 2001-2003
  • ჟოზე პაჩეკო ლუიშ გომეში 1996-2001

პორტუგალიის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში კახა შარაბიძე - 2014-დღემდე

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველო-პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება დაიწყო 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ლისაბონში საქართველოს საელჩო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ შედის პორტუგალიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში, პორტუგალია ბოლო პერიოდში გამოთქვამს სულ უფრო მეტ დაინტერესებას გაააქტიუროს თანამშრომლობა რეგიონთან და კერძოდ, საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, პორტუგალია იჩენს მეტ ინტერესს, შეიმუშავოს უფრო მკაფიო ხედვა რეგიონთან დაკავშირებით. პორტუგალიური მხარის გაზრდილ ინტერესზე ჩვენი რეგიონის მიმართ მოწმობს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში პორტუგალიამ ნაციონალურ დონეზე გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

2014 წლის 23 ივლისიდან, საქართველო გახდა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა. 2015 წლიდან, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში (CPLP) საქართველოს ოფიციალურად ჰყავს აკრედიტებული ელჩი.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.

2013 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. გარდა პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, კინოჩვენებების, კონფერენციების/სემინარების ორგანიზება.

ცენტრის დირექტორი: ვერა პეიშოტო, ცენტრის კოორდინატორი: მარიეტა ჩიხლაძე, ცენტრის ვებ-გვერდი: https://portugueseattsu.wordpress.com/

2015 წლის 18 ოქტომბერს, "შატო მუხრანში" გაიხსნა წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც წარმოადგენს ლისაბონის ''გრასას'' მონასტერში არსებული ტრადიციული მეთოდით ("Azulejo") დამზადებული პანოს ზუსტ ასლს. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი დამზადდა საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და "შატო მუხრანის" დაფინანსებით.

2015 წლის 30 ივნისს, ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ''ქართული წიგნის კუთხე".


ბმულები:

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში
საქართველოში პორტუგალიის საელჩო
პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო