ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 25 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები რუმინეთში:

2000-2004 წლებში რუმინეთის გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ.

  • გრიგოლ ქათამაძე - 2000 – 2004

2004 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო რუმინეთში

  • ილია გიორგაძე - 2012 - დღემდე
  • ლევან მეტრეველი - 2008 – 2011
  • ზურაბ ბერიძე - 2004 – 2008

რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • რადუ ლივიუ ჰორუმბა (Radu-Liviu Horumbă) – 2016 - დღემდე
  • დუმიტრუ ბადეა (Dumitru Badea) – 2012- 2016
  • დან მიჰაი ბარლიბა (Dan Mihai Barliba) - 2006 –2012
  • კონსტანტინ გირბეა (Constantin Girbea) - 1999 – 2006

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და რუმინეთს შორის ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება.

ქვეყნებს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა არეგულირებს თანამშრომლობის თითქმის ყველა მიმართულებას, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერების, სპორტის, მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებს.

თანამშრომლობის პრიორიტეტული დარგებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, მოლდოვასა და სერბეთთან ერთად, რუმინეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაში (Official Development Assistance) პრიორიტეტული ქვეყნების სიაშია. რუმინეთმა საქართველოში ორმხრივი პროექტების განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო.

საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის დინამიური პრაქტიკა არსებობს, ფუნქციონირებს საქართველოსა და რუმინეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. აღსანიშნავია, რომ რუმინეთი ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ არაერთხელ იქნა დადასტურებული მხარდამჭერი განცხადებებით.

2013-2016 წლებში საქართველოში რუმინეთის საელჩოს შეთავსებული ჰქონდა ნატო-სთან საკონტაქტო საელჩოს ფუნქციაც.

საქართველოს და რუმინეთის გამაერთიანებელ სიმბოლოს წარმოადგენს წმინდა ანთიმოზ ივერიელი. ქართველმა მწიგნობარმა, საეკლესიო და პოლიტიკურმა ფიგურამ, მთელი თავისი მოღვაწეობა რუმინეთის კულტურის აღორძინების საქმეს მიუძღვნა და დიდი წვლილი შეიტანა რუმინული სალიტერატურო ენის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვის საქმეში.


ბმულები:

საქართველოს საელჩო რუმინეთში
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუმინეთის პრეზიდენტი
რუმინეთის პარლამენტი
რუმინეთის მთავრობა