ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის დამყარდა 1992 წლის 10 ივნისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები შვეიცარიაში:

  • დავით ჯალაღანია (2018 წლის იანვრიდან)
  • ირაკლი ყურაშვილი (2012-2017)
  • ზურაბ ჭიაბერაშვილი (2011-2012)
  • გიორგი გორგილაძე (2008-2011)
  • ლევან მიქელაძე (2006-2007)
  • ალექსანდრე ჩიკვაიძე (2003-2005)
  • ამირან კავაძე (1997-2003)

შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • პატრიკ ფრანცენი (2018 წლის დეკემბრიდან)
  • ლუკას ბეგლინგერი (2015-2018)
  • გიუნთერ ბეხლერი (2010-2015)
  • ლორენცო ამბერგი (2006-2010)
  • შტეფან შპეკი (2001-2006)

თანამშრომლობის სფეროები

საქართველო და შვეიცარიის კონფედერაცია აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ამის გარდა, 2009 წლიდან, რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ, შვეიცარია ასრულებს შუამავლის ფუნქციებს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში. ამ მიზნით მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში ფუნქციონირებს საქართველოს ინტერესთა სექცია, ხოლო თბილისში შვეიცარიის საელჩოში - რუსეთის ინტერესთა სექცია.

საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის ხელმოწერილია 10-მდე შეთანხმება, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ეკონომიკა, ტექნიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული საკითხები, რეადმისია, საჰაერო მიმოსვლა, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება და ა.შ.

ქვეყნებს შორის ხორციელდება უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

დინამიკურად ვითარდება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია შვეიცარიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო შვეიცარიის პარლამენტში - საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.

აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებსა და შვეიცარიის კანტონებს შორის. ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტიულ მიმართულებებად განიხილება ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ფუნქციონირებს საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს-ასოციაცია და პერიოდულად იმართება ერთობლივი ბიზნესფორუმები. წარმატებით მიმდინარე ეკონომიკურ თანამშრომლობას ცხადყოფს არაერთი შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა საქართველოში. 

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

აგრეთვე მნიშვნელოვანია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების, აღდგენა-რეკონსტრუქციის, უბედურებათა რისკების შემცირებისა და სხვა მიმართულებებით.


ბმულები:

საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში
შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო საქართველოში
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტი
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო