ურთიერთობები საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1993 წლის 1 იანვარს.

2000 წელს საქართველოში გაიხსნა ჩეხეთის საელჩო.

2006 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ჩეხეთის რესპუბლიკაში:

  • მარიამ რაქვიაშვილი 2018 - დღემდე;
  • ზაალ გოგსაძე 2013 – 2018;
  • ნინო ნაკაშიძე 2008 – 2013;
  • ვლადიმერ ჭიპაშვილი 2007 – 2008;
  • კარლო სიხარულიძე 2006 – 2007;
  • გიორგი არსენიშვილი 2001 – 2004 (რეზიდენციით ვენა).

ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ტომაშ პერნიცკი (Tomáš Pernický ) 2014 – 2018;
  • ივან იეჟშტრაბი (Ivan Jestřáb) 2008 – 2013;
  • ირჟი ნეკვასილი (Jiri Nekvasily) 2004 – 2008;
  • იოზეფ ვრაბეცი (Jozef Vrabec) 2008;
  • რუდოლფ სლანსკი (Rudolf Slánsk) 2000 – 2004.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.  ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს ათამდე საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელთა მეშვეობით რეგულირდება ეკონომიკის, ფინანსების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის და სხვა სფეროებში  არსებული ურთიერთობები.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. რეგულარულად იმართება შეხვედრები კომიტეტების დონეზე. ფუნქციონირებს საპარლამენტთაშორისო  მეგობრობის ჯგუფები. მიღებული რეზოლუციებითა თუ დეკლარაციებით, ჩეხეთის პარლამენტს არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს სუვერენტიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა.
საქართველო ჩართულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების დახმარების პროგრამაში (ODA), რომლის ფარგლებში ხორციელდება პროექტები ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეფექტური მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სფეროებში. 

წარმატებით ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში. ჩეხური კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში. ეკონომიკური კავშირების დინამიურ განვითარებაზე მეტყველებს ბოლო წლებში ჩატარებული ბიზნეს-ფორუმები და ეკონომიკური კომისიის სხდომები. მზარდი მაჩვენებლით ხასიათდება ჩეხეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რიცხვი, რასაც ორ ქვეყანას შორის მოქმედი პირდაპირი ფრენებიც უწყობს ხელს.

აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ჩეხეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდიებით ქართველი სტუდენტები განათლებას იღებენ ჩეხეთის უმაღლეს სასწავლებლებში.

2015 წელს ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტში დაარსდა ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი და „ქართული ენისა და კულტურის ისტორიის“ საგანი ოფიციალურად შევიდა სასწავლო პროგრამაში.

ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ჩეხეთში რეგულარულად იმართება სხვადასხვა ღონისძიება.

თბილისში მდებარეობს ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერი.

დაძმობილებულია აბაშის მუნიციპალიტეტი და ქალაქი იევიჩკო.


ბმულები:

საქართველოს საელჩო ჩეხეთში
ჩეხეთის საელჩო საქართველოში
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ჩეხეთის პრეზიდენტი
ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატა
ჩეხეთის პარლამენტის სენატი
ჩეხეთის მინისტრთა კაბინეტი