ურთიერთობები საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის დამყარდა 2010 წლის 22 დეკემბერს.

2014 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე 6 თვიან ოპერაციაში (EUFOR RCA) საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვასთან დაკავშირებით. საქართველომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 150 ჯარისკაცი გააგზავნა. საქართველო მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ოპერაციაში 2013 წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ერთად კრიზისების მართვის ოპერაციებში ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში.

საქართველოს კონტრიბუცია მიზნად ისახავს საფრანგეთისა და აფრიკის კავშირის ძალების დახმარებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილია 9000 მშვიდობისმყოფლის განთავსება. მათ შორის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 1000 მშვიდობისმყოფლის გაგზავნის შესახებ, რომლებიც მიუერთდებიან იქ მყოფ აფრიკის კავშირის 6 000 ჯარისკაცს და 2000 ფრანგ მშვიდობისმყოფელს.

აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ქვეყნის პირველი წვლილი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მისიაში და ასევე პირველი ოპერაცია აფრიკაში.