ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 25 მარტს.

1993 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ავსტრიის რესპუბლიკაში:

  • დავით დონდუა (2018 წლის ნოემბრიდან)
  • კონსტანტინე ზალდასტანიშვილი (2013-2017)
  • პაატა გაფრინდაშვილი (2009-2013)
  • ვიქტორ დოლიძე (2005-2009)
  • კონსტანტინე ჟღენტი (2004-2005)
  • გიორგი არსენიშვილი (2001-2004)
  • ლევან მიქელაძე (1996-2001)

ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • არად ბენკო (2016 წლის აგვისტოდან; პირველი ელჩია რეზიდენციით თბილისში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო ოფიციალურად გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში)

2013-2016 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა აზერბაიჯანში ავსტრიის საელჩოდან:

  • აქსელ ვეხი (2015-2016)
  • სილვია მაიერ-კაჟბიჩი (2013-2014)

1998-2012 წლებში საქართველოს გადაფარვა ხდებოდა ავსტრიიდან:

  • მიხაელ პოსტლი (2010-2012)
  • მარიუს კალიგარისი (2006-2010)
  • ჰაიდემარია გიურერი (1998-2006)

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, პოლიციის, კულტურისა და განათლების სფეროებში. აღსანიშნავია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) საქმიანობა საქართველოში ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სატყეო მეურნეობის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია 11 შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

საქართველოსა და ავსტრიას შორის რეგულარულად ხორციელდება უმაღლესი/ მაღალი დონის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტები. ბოლო წლებში საქართველოს სტუმრობდნენ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მაღალი რანგის წარმომადგენლები და სხვა.

ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი.

ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ავსტრიის ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის სექტემბერში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა.

დინამიკურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა. იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. ავსტრიული კაპიტალით და კომპანიების მონაწილეობით განხორციელდა და გრძელდება მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში („გებრიუდერ ვაისი“, „არაგვიჰესი“, „მესტიაჭალა“, „დოპელმაიერი“ და სხვა). ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით რეგულარულად იმართება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები, ხოლო ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება საქართველო-ავსტრიის შერეული ეკონომიკური კომისია, რომელიც ერთობლივად განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, ასევე იდგმება ნაბიჯები ავსტრიაში საქართველოსა და ქართული კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, რასაც ხელს უწყობს მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (გამოფენები, მუსიკალურ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, ქართული ენის სწავლება, ქართველი ავტორების ნაწარმოებების საჯარო კითხვა და სხვა). ამის გარდა, ვენის დიპლომატიური აკადემია ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს ქართველი სახელმწიფო მოხელეებისათვის.

ბმულები:

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში
ავსტრიის საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი
ავსტრიის პარლამენტი
ავსტრიის ფედერალური კანცლერი
ავსტრიის განვითარების სააგენტო