მრავალმხრივი ურთიერთობები

საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას მშვიდობის შენარჩუნების, უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, მათ შორის ქვეყნის განვითარებისა და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების წარმატების უზრუნველყოფის, ქვეყნის ტერიტორიის დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ომით გაყოფილ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების შექმნის მიმართულებებით. საქართველოს საგარეო უწყების პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებული და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პრობლემატიკის მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში შენარჩუნება და მათ გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციათა როლის გაზრდა.

რეგიონული განზომილება

შავი ზღვის რეგიონში არსებული თანამშრომლობის ფორმატები ასახავენ, როგორც რეგიონის მზარდ შესაძლებლობებს, ასევე მის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებსა და გამოწვევებს. საქართველო მონაწილეობს ყველა რეგიონულ ფორმატში, რომელიც მიმართულია წევრ-ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის განვითარებისკენ და ეფუძნება თანასწორუფლებიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონული სახის თანამშრომლობის განვითარება დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამ-ის ფარგლებში. კერძოდ, საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას სუამ-ის წევრ სახელმწიფოებთან ორგანიზაციის დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ასევე გაგრძელდეს სუამ-ის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელების მიზნით.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (BSEC) განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. თუმცა, დღესდღეობით, ორგანიზაციაში მანამდე არსებულ სირთულეებზე დამატებით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ გაართულა BSEC–ის, როგორც რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივები. საქართველოს პრიორიტეტია, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, დააყენოს და წარმართოს BSEC-ის რეფორმირების საკითხი, ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. BSEC-ის ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა ყველა წევრი ქვეყნის ინტერესებშია, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება მეტ სარგებელს მოუტანს თითოეულ წევრ ქვეყანას. საქართველოს დიპლომატიური სამსახური, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ამ ფორმატში რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებას.

გლობალური განზომილება

გაერო-ში საქართველოს მონაწილეობის ამაღლებისა და ორგანიზაციის ქმედით მუშაობაში მეტი წვლილის შეტანის უზრუნველსაყოფად, საგარეო უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება გაერო-ს სააგენტოებსა და ინსტიტუტებში საქართველოს წარმომადგენლობის გაზრდისკენ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია გაერო-ს მაღალი დონის ფორუმებში მონაწილეობის მიღება, რაც ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. საქართველო გააგრძელებს გაერო-ს შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებში გაერო-ს გუნდის აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაერო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის მიზნით.

საქართველოსთვის პრიორიტეტულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის ინიცირება და მის მხარდამჭერთა რაოდენობის შემდგომი გაზრდა. გაერო-ს ფარგლებში საქართველო ითანამშრომლებს და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვაში, საერთაშორისო სამართლის დაცვისა და მსოფლიოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების გაძლიერებისა და განმტკიცების პროცესში გაერო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის გზით.

საგარეო უწყება გააგრძელებს თანამშრომლობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებთან, მათ შორის, საქართველოს პერიოდული ანგარიშების დროული და სრულფასოვანი მომზადებისა და წარდგენის მიზნით, ასევე ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ეფექტიანად დაცვის, აგრეთვე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. საქართველო კვლავ აქტიურად ითანამშრომლებს გაერო-ს, როგორც გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის ინსტიტუტებთან ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე, ისევე როგორც  მცირე და მსუბუქი შეიარაღების უკანონო გავრცელების აკრძალვის კუთხით.

საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეუთო-ს სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი საველე მისიის აღდგენას, რომელიც აღჭურვილი იქნება სამხედრო მონიტორინგისა და საპოლიციო ფუნქციებით მთელი საქართველოს მასშტაბით - ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით. საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში, აგრეთვე, ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ღონისძიებებში ეუთო-ს როლის გაზრდისა და აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. საგარეო უწყება კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს ეუთო-ს საქმიანობის დღის წესრიგში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ სპეციალური ღონისძიებების გამართვას და აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, აღნიშნული საკითხის ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს დეკლარაციაში ასახვის მიზნით.

საქართველოსთვის კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება ეუთო-ს ყოველწლიურ მინისტერიალებსა და კონფერენციებში, სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და ადამიანური განზომილების სფეროებში ფორმალურ თუ არაფორმალურ ღონისძიებებში მონაწილეობა და მათი მეშვეობით ქვეყნის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტებთან, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან.

ევროპის საბჭოსთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ახალი ბიძგი მისცა 2013-2015 წლებისათვის საქართველოსთან ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავებამ, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის ყველა ძირითად სფეროში განსაზღვრა პროექტები. საქართველო კვლავაც დიდ ყურადღებას დაუთმობს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ყოველკვირეული სხდომების დღის წესრიგში თემის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ - შენარჩუნებას. საგარეო უწყება კვლავ აქტიურად იმუშავებს, რათა გაგრძელდეს „კონფლიქტზე საქართველოში“ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების პრაქტიკა. საქართველოს ძალისხმევა მიმართული იქნება ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში საქართველოს დეოკუპაციის საკითხების ადეკვატურად ასახვისა და რუსეთის ფედერაციისათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კუთხით პროგრესის მიღწევისაკენ.

გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების, ასევე ევროპის საბჭოს სხვადასხვა მონიტორინგის მექანიზმთან თანამშრომლობის კუთხით, მათ შორის ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტთან (CPT); რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ კომისიასთან (ECRI); ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფთან (GRETA) და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩოკონვენციის საკონსულტაციო კომიტეტთან (AC), რომელთა რეკომენდაციებსაც მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს შემდგომი სრულყოფის საქმეში.

საერთაშორისო საფინანსო-სავაჭრო ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობა მნიშვნელოვანი მიღწევაა გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის კუთხით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს წევრობის შედეგად გამყარდა საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს პოზიციები და ქვეყანა უფრო სანდო და მიმზიდველი გახდა, როგორც სავაჭრო პარტნიორი. საქართველო აქტიურად იქნება ჩართული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე მრავალმხრივ სავაჭრო მოლაპარაკებებში, რომელთა ძირითადი მიზანია გლობალურად ვაჭრობის მეტი ლიბერალიზაცია, სავაჭრო ბარიერების მინიმუმამდე შემცირების გზით.

გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და სიღატაკის შემცირების მიზნით, დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებით, უპროცენტო კრედიტებით და გრანტების საშუალებით ახდენს ინვესტირებას ინფრასტრუქტურის, განათლების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის, კერძო და ფინანსური სექტორების, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტისა და სხვა სფეროებში. გაგრძელდება თანამშრომლობა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან, რომელთა რეკომენდაციები ქვეყანას დაეხმარება მიმდინარე რეფორმების პროცესში.

კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს უზრუნველყოფს ტექნიკური დახმარების პროგრამებით მაკროეკონომიკურ, ფინანსურ და სტრუქტურულ საკითხებში. ასევე შეღავათიანი სესხების საშუალებით ეხმარება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში, სავალუტო რეზერვების შექმნაში,  საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციისა და ფისკალური პოლიტიკის სხვა საკითხებში.