დიპლომატიური სამსახურის მისია

საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები - ხელმძღვანელობს 2011 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციით“ და 2013 წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით „საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ წარმოდგენილი ეროვნული ინტერესებითა და ფასეულობებით, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანს - საგარეო ასპარეზზე ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარების გზით, საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.

თანამედროვე ცვალებადი სამყაროს პირობებში, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, ეფექტიანი და სწორად გათვლილი დიპლომატიაა.

საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ამოცანაა, არსებული რესურსების ოპტიმალური გამოყენებითა და  ცენტრალური აპარატისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ეფექტიანი ფუნქციონირებით განახორციელოს სტრატეგიით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური მიზნები - კერძოდ, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება; საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა; საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანა.