საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC)

ზოგადი ინფორმაცია BSEC-ის შესახებ

1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის 11 ქვეყნის: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა (სერბეთი შეუერთდა 2004 წლიდან) სახელმწიფო და მთავრობათა მეთაურებმა, ევროპაში მიმდინარე მოვლენათა სწრაფი ცვლილებების გათვალისწინებით, ბოსფორის განცხადების მიღებითა და სტამბოლის დეკლარაციის ხელმოწერით საფუძველი ჩაუყარეს შავი ზღვის ეკონომიკურ თანამშრომლობას (BSEC), რასაც საფუძვლად დაედო ჰელსინკის დასკვნით აქტში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მიერ მიღებულ დოკუმენტებში და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები.

BSEC-ის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება და სტაბილურობა, წევრი ქვეყნების ხალხის კეთილდღეობა და შავი ზღვის სივრცეში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

უნდა აღინიშნოს, რომ 15 წლის განმავლობაში BSEC-მა დაამტკიცა თავისი სიცოცხლისუნარიანობა, მოახდინა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პრინციპების ინიცირება და თავისი წვლილი შეიტანა რეგიონის განვითარებაში. BSEC-მა გაზარდა თავისი როლი რეგიონალურ საკითხებში და მოახერხა რეგიონალური ინიციატივიდან საერთაშორისო რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაქმნა.BSEC-ის არსებობის მანძილზე შეიქმნა ორგანიზაციის სრულფასოვანი საქმიანობისათვის საჭირო შემდეგი სტრუქტურები და ინსტიტუტები:

BSEC-ის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი რეგულარული ორგანო - საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო (CMFA), რომლის სხდომასაც, მომზადების მიზნით, წინ უსწრებს უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის (SOM) შეხვედრა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სამდივნო (BSEC PERMIS), რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. სტამბოლში და რომელიც ახორციელებს დიდი მოცულობის საქმიანობას ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირების მიზნით. BSEC-ის ამჟამინდელ გენერალურ მდივანს წარმოადგენს ელჩი, ბ-ნი ლეონიდას ქრიზანტოპულოსი (საბერძნეთი).

დარგობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ატარებენ რეგულარულ შეხვედრებს და მოიცავენ თანამშრომლობის შემდეგ სფეროებს:

  1. ენერგეტიკის საკითხებზე;
  2. ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარების საკითხებზე;
  3. მცირე და საშუალო საწარმოების საკითხებზე;
  4. ტურიზმის საკითხებზე;
  5. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
  6. ტრანსპორტის საკითხებზე;
  7. კომუნიკაციების საკითხებზე;
  8. სტატისტიკისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე;
  9. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებზე;
  10. გარემოს დაცვის საკითხებზე;
  11. განათლების საკითხებზე;
  12. ჯანდაცვისა და ფარმაცევტიკის საკითხებზე;
  13. სოფლის მეურნეობის საკითხებზე;
  14. საგანგებო სიტუაციების საკითხებზე;
  15. საბანკო და საფინანსო საკითხებზე;
  16. ინსტიტუციონალური განახლებისა და მყარი მმართველობის საკითხებზე;
  17. საბაჟო საკითხებზე;
  18. კულტურის საკითხებზე;
  19. საორგანიზაციო საკითხებზე.

BSEC-ის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.bsec-organization.org

საქართველოსა და BSEC-ის თანამშრომლობა

დამკვირვებელი ქვეყნები

ავსტრიის რესპუბლიკა, ისრაელის სახელმწიფო, იტალიის რესპუბლიკა, პოლონეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა, ტუნისი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ბელორუსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატიის რესპუბლიკა, აშშ.

დამკვირვებელი ორგანიზაციები

საერთაშორისო შავი ზღვის კლუბი, ენერგეტიკული ქარტიის სამდივნო, შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის კომისია.

სექტორული დიალოგი-პარტნიორობის სტატუსის მქონე ორგანიზაციები

შავი ზღვის საერთაშორისო გემთმფლობელთა ასოციაცია (BISNA), შავი და აზოვის ზღვების პორტების ასოციაცია (BASPA), BSEC-ის რეგიონში საავტომობილო ტრანსპორტის ასოციაციათა კავშირი (BSEC-URTA), შავი ზღვის რეგიონის გემთმშენებელთა და გემთშემკეთებელთა ასოციაცია (BRASS), კომუნიკაციების დარგში რეგიონალური თანამეგობრობა (RCC), მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ქსელი (INSME).

ქვეყნების თავმჯდომარეობის პრინციპი

BSEC-ის წევრი ქვეყნები ყოველ ექვს თვეში ინგლისური ალფავიტის მიხედვით, როტაციის საფუძველზე ახორციელებენ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციებს.

BSEC-თან დაკავშირებული ორგანოები:

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB)
1994 წლის 30 ივნისს ქ. თბილისში ჩატარებული შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) მონაწილე ქვეყნების (ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრების მე-4 შეხვედრაზე, ხელი მოეწერა BSEC-ის ძირითადი მამოძრავებელი სტრუქტურის - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) დამფუძნებელ შეთანხმებას. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) შტაბ-ბინა მდებარეობს საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ.თესალონიკში.
მიზნები: 
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სტრუქტურას საფუძვლად მსოფლიო ბანკისა (WB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზაციული პრინციპები დაედო. ზოგადად ეს პრინციპები შემდეგს ითვალისწინებს: 
  • ქვეყნების ეკონომიკური და ფინანსური მოთხოვნილებების გათვალისწინება;
  • ბანკის სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობები;
  • ბანკის რეგიონალურ ხასიათი. 

ბანკის ჩამოყალიბებას თავიდანვე დიდი ყურადღება ეთმობოდა, რადგან მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა გარდამავალი პროცესების ხელშეწყობა, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის გაფართოება და საბოლოო ჯამში შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარების დაჩქარება.

მმართველი ორგანო:

ბანკის ძირითად მმართველ ორგანოებს მიეკუთვნება მმართველთა და დირექტორთა საბჭოები. თითოეული წევრი ქვეყნიდან ბანკში დანიშნულია მმართველი, ალტერნატიული მმართველი, დორექტორი და ალტერნატიული დირექტორი.

საწესდებო კაპიტალი

ბანკის საწესდებო კაპიტალი შეადგენს ერთ მილიარდ (1.000.000.000) სპეციალურ სასესხებო უფლებებს. საწესდებო ფონდი დაყოფილია ერთ მილიონ (1.000.000) აქციად, ყოველი აქციის ნომინალური ღირებულებაა ათასი (1000) სდრ, საქართველოს წილი შეადგენს ბანკის მთელი საწესდებო ფონდის 1%-ს ანუ ათი ათას (10.000) აქციას, რომელთა მთლიანი ნომინალური ღირებულებაა 10 მილიონი (10.000.000) სდრ. შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრი - ICBSS

შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICBSS) ჩამოყალიბდა 1998 წელს (შტაბ-ბინა - ქ. ათენი). ცენტრი წარმოადგენს დამოუკიდებელ არაკომერციულ ინსტიტუტს, რომელიც იმართება დირექტორთა საბჭოს მიერ, სადაც BSEC-ის ყველა მონაწილე ქვეყანას ჰყავს თავისი წარმომადგენელი, BSEC-ის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური დირექტორიც ამ საბჭოს წევრია. ამასთან ერთად ევროკავშირის ქვეყნებიდან მოწვეულია სამი წარმომადგენელი.

ICBSS-ის ძირითადი მიზნებია პრაქტიკული კვლევების განხორციელება BSEC-ის ფარგლებში აკადემიურ, ტექნოლოგიურ და სამეცნიერო სფეროებში, შავი ზღვის რეგიონში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისათვის პრაქტიკული გზების ძიება და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ხელშეწყობის გზით მრავალმხრივი თანამშრომლობის განსაზღვრა.კვლევებისა და შესწავლების საფუძველზე ICBSS-ი ცდილობს გამოიკვლიოს თანამშრომლობის მომგებიანი სფეროები, მიიღოს მწვავე პრობლემებისადმი გადაწყვეტილებები, წარმოადგინოს რჩევები და ხელი შეუწყოს მეცნიერულ დონეზე აზრთა გაზიარებას, მკვლევარებს, დიპლომატებს, მეწარმეებს, მმართველ რგოლებს, პოლიტიკოსებსა და მასმედიის წარმომადგენლებს შორის.

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC)

შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) შეიქმნა 1993 წელს წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და BSEC-ის ფარგლებში დასახული მიზნების განხორციელებისათვის სამართლებრივი მხარდაჭერისა და ჰარმონიზაციის მიზნით. შტაბ-ბინა მდებარეობს ქ. სტამბოლში.

BSEC-ის ბიზნეს საბჭო (BSEC BC)

BSEC-ის ბიზნეს საბჭო შეიქნმა 1992 წელს შავი ზღვის რეგიონის ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ბიზნეს საბჭო წარმოადგენს საერთაშორისო არასამთავრობო და არაკომერციულ სტრუქტურას.

სტატისტიკური მონაცემებისა და ეკონომიკური ინფორმაციის გაცვლის BSEC-ის საკოორდინაციო ცენტრი

აღნიშნული ცენტრი მდებარეობს ქ. ანკარაში და მიზნად ისახავს სტატისტიკური მონაცემებისა და ეკონომიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გავრცელებას BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის. ცენტრის მიერ გამოიცა რამოდენიმე პუბლიკაცია BSEC-ის ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების შესახებ.

BSEC-ის ფარგლებში არსებული პროექტების რეალიზაციის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა პროექტების განვითარების ფონდი

ფონდის მეშვეობით ხდება პროექტების მატერიალურ-ტექნიკური შესწავლის დაფინანსება. ფონდში გადასახადები ხდება ნებაყოფლობით საფუძველზე და იგი 30 000 აშშ დოლარით განისაზღვრება, ხოლო თითო პროექტზე გათვალისწინებულია დაახლოვებით 15 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ პროექტების განვითარების ფონდმა უკვე დაიწყო თავისი საქმიანობა და მის მიერ უკვე დაფინანსდა რამოდენიმე კონკრეტული პროექტი. იხილება PDF-ში შენატანების ნებაყოფლობითი საფუძველიდან სავალდებულოზე გადასვლა, მათ შორის დამკვირვებელი ქვეყნებისთვისაც.

მიღებულ იქნა BSEC-ის ეკონომიკური დღის წესრიგი მომავლისათვის, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს და ასახავს თანამშრომლობის ძირითად პრიორიტეტულ სფეროებს.

BSEC-ის ფარგლებში ხელმოწერილ იქნა შემდეგი მრავალმხრივ შეთანხმებები:

  • შეთანხმება BSEC-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთან, განსაკუთრებით კი მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ (ქ. კერკირა, 1998 წლის 2 ოქტომბერი);
  • BSEC-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთან, განსაკუთრებით კი მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმი "(ქ. კიევი, 2002 წლის 15 მარტი);
  • BSEC-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთან, განსაკუთრებით კი მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამატებით ოქმი ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ (ქ. ათენი, 2004 წლის 3 დეკემბერი);
  • შეთანხმება BSEC-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციებში და ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების დროს სასწრაფო დახმარების აღმოჩენის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ (ქ. სოჭი, 1998 წლის 15 აპრილი);
  • BSEC-ის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის საგანგებო სიტუაციებში და ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების დროს სასწრაფო დახმარების აღმოჩენის სფეროში ურთიერთანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დამატებითი ოქმი (ქ. კიევი, 2005 წლის 20 ოქტომბერი).

ურთიერთობები ევოკავშირთან ძალიან ინტენსიურად ვითარდება. BSEC-ის მხრიდან მიღებულ იქნა BSEC-ევროკავშირის თანამშრომლობის პლატფორმა (1999 წელი, ქ. თბილისი) და BSEC-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ სამუშაო დოკუმენტი (2007 წელი, ქ. სტამბოლი), რასაც ევროკავშირის მხრიდან საპასუხოდ მოჰყვა "Black Sea Synergy Initiative" (2007 წელი, ბრიუსელი) დოკუმენტის მიღება. ევროკავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების შემდეგ ეს ორგანიზაცია უფრო მზარდ დაინტერესებას გამოხატავს BSEC-ით მიმართ, რადგანაც დღეისათვის ევროკავშირის საზღვრები უკვე უშუალოდ შავი ზღვის რეგიონზე გადის.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ BSEC-მა წარმატებით განავითარა ურთიერთობები შემდეგ საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან:

  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (დამკვირვებლის სტატუსი გაეროს გენერალურ ანსამბლეაში);
  • გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UN/ECE) (შეთანხმება გარემოს დაცვის, ტრანსპორტისა და მცირე და საშუალო საწარმოების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ);
  • გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - (BSEC-UNDP-ის ერთობლივი პროექტი - შავი ზღვის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამა;
  • UNEP (შეთანხმება BSEC-ს და UNEP-ს შორის თანამშრომლობის შესახებ);· UNIDO (შეთანხმება ინვესტიციების ხელშეწყობის, ენერგეტიკის, მცირე და საშუალო საწარმოების, ადამიანური რესურსების განვითარების, სამრეწველო სტატისტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ);
  • UN/FAO (პროექტი BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის საქონლით შიდა და რეგიონთაშორისი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ინსტიტუციონალური განვითარების შესახებ;
    • საპროექტო კოცეფცია შავი ზღვის რეგიონში სოფლებში მცხოვრები დაბალ შემოსავლიანი ოჯახებისათვის დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ;
    • საპროექტო იდეა მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და საკვები ხორბლის ქსელისშექმნის შესახებ);· მსოფლიო ბანკი (თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი);
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (WTO) (ერთობლივი რეგიონალური სემინარების ორგანიზება);
  • ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (ურთიერთგაგების მემორანდუმი). 

გლობალიზაციის ერაში ახალი გამოწვევებისა და რეალიების გათვალისწინებითა და BSEC-ის ეფექტურობის ამაღლების მიზნით დაწყებულ იქნა BSEC-ის რეფორმისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს, მინისტრთა საბჭოს მიერ უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტისათვის გარკვეული უფლებების დელეგირებას, BSEC-ის სამდივნოში დამატებითი პოსტების შემოღებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გამარტივებასა და სხვა.

მიღებულ იქნა ორი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი - "ურთიერთგაგების მემორანდუმი შავი ზღვის წრიული მაგისტრალის კოორდინირებული განვითარებისათვის" და "ურთიერთგაგების მემორანდუმი BSEC-ის რეგიონში საზღვაო მაგისტრალების განვითარების შესახებ". აღნიშნული მემორანდუმების მიღება წარმოადგენს პრაქტიკულ შედეგებს მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

გლობალურ და რეგიონალურ დონეზე BSEC-ის როლის შესახებ

გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში, საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში ძალზედ იზრდება საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების, როგორც მათი წევრი ქვეყნების ინტერესების დამცველის როლი. ამ მხრივ BSEC-მა ძალზედ კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, რათა განახორციელოს წევრი ქვეყნების ძირითადი მიზნებისა და ინტერესებისა დაცვა როგორც რეგიონალურ, ასევე გლობალურ კონტექსტში.

კონსტრუქციულ გარემოში შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესი ხელს შეუწყობს წევრი ქვეყნების განვითარებასა და მთლიანად ევროპაში მშიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა. იგი ერთდროულად ესაზღვრება, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ჩრდილოეთსა და სამხრეთს. ამასთანავე, BSEC-ს, რომელიც მოიცავს 20 მილიონ კვადრატულ კილომეტრსა და 330 მილიონზე მეტ მოსახლეობას, უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელობა გააჩნია. ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი BSEC-ის სივრცე წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონს.შავი ზღვის სივრცე ასევე წარმოადგენს პროდუქციის გასაღების დიდ ბაზარს ევროპისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებისათვის. ამავდროულად BSEC-ს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონში არსებული მდიდარი ენერგო რესურსების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების გათვალისწინებით, რაც საკმაოდ მიმზიდველია ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს თანამშრომლობის ყველა სტარტეგიული მიმართულების მოცვა. ამ მხრივ, შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგში, რაც განპირობებულია აღნიშნულ სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი გლობალური მნიშვნელობის პროექტების არსებობით.

ამასთანავე BSEC-ის რეგიონი მიმზიდველია ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო საწარმოების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. აგრეთვე გასათვალისწინებელია ორგანიზებულ დანაშაულთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან, იარაღისა და ნარკოტიკილ საშუალებათა არალეგალურ ვაჭრობასთან, ადამიანთა ტრეფიკინგსა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში BSEC-ის არსებითი როლი და მნიშვნელობა.