საქართველო-BSEC-ის თანამშრომლობა

შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ეროვნული ინტერესები და სტრატეგია

საქართველო რეგიონალურ თანამშრომლობას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ საგარეო პრიორიტეტს. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ საქრთველოს ძალისხმევა მიმართულია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებას.
შავი ზღვის სივრცე საკმაოდ საინტერესო და რთული რეგიონია. რეგიონისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები და კულტურა, ქვეყნების განვითარების განსხვავებული დონე და ეროვნული ინტერესები. რეგიონის წარმატებული განვითარება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, ქვეყანათა ეროვნული ინტერესების შესაბამისობაზე და პრობლემების დადებითად გადაჭრისათვის შესაფერისი მიდგომისა და დროის შერჩევაზე.

BSEC-ი შეიქმნა როგორც ეკონომიკური ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა წევრ-ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რეგიონის წარმატებული განვითარების ხელშეწყობას და საერთაშორისო და ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობათა დაახლოებას. აღნიშნული მიზნების გათვალისწინებით საქართველო მხარს უჭერდა BSEC-ში მიმდინარე პროცესებს მისი დაარსებისთანავე.

BSEC-ს, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების გაერთიანებას, გააჩნია დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომლის განვითარებაც ძალზედ მნიშვნელოვანია მისი წევრი ქვეყნების შემდგომი წარმატებისათვის. თანამშრომლობა კონკრეტულ სფეროებში მძლავრი სტიმულია რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისათვის.

რამდენადაც ქვეყნის ძირითადი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები ხორციელდება მეზობელ ქვეყნებთან, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. რეგიონის ქვეყნებთან არსებული სავაჭრო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს საქართველოსათვის BSEC-ის მნიშვნელობაზე. 2006 წელს ქვეყნის მიერ განხორციელებული 993,1 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის მთლიანი ექსპორტიდან BSEC-ის წევრ ქვეყნებში საქართველოს ექსპორტმა შეადგინა 505,3 მლნ. აშშ. დოლარი. ხოლო 3681,2 მლნ. აშშ დოლარის მთლიანი იმპორტიდან BSEC-ის წევრი-ქვეყნებიდან შემოტანილმა პროდუქციამ შეადგინა 1965,5 მლნ. აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ინტერესები მდგომარეობს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, BSEC-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიოერთობების განვითარებასა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამასთანავე, საქართველოს სტრატეგიები დამოკიდებულია ისეთ არსებით და ურთიერთდამოკიდებულ კომპონენტებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არსებული დემოკრატიული მონაგარის განმტკიცება და მათი შეუქცევადობის უზრუნველყოფა, ევრო-ატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. BSEC-ში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ზემოხსენებული მიზნების მიღწევას ეკონომიკური თანამშრომლობის მეშვეობით.

ქვეყნის ძირითადი ინტერესების მხარდაჭერის მიზნით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მცირე და საშუალო მეწარმეობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები და სხვა.

ასევე საქართველოს ეროვნულ ინტესესს წარმოადგენს ქვეყნის, ისევე როგორც მთლიანი რეგიონის დემოკრატიული განვითარების განმტკიცება. აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად საქართველოს ძალისხმევა მიმართულია რეგიონში ხელშემწყობი გარემოს შექმნისაკენ და ამ მხრივ საქართველო მიესალმება BSEC-ის წევრი-ქვეყნების ევროკავშირში და ნატოში მიმდინარე ინტეგრაციას. საქართველოს სწამს, რომ BSEC-ის წევრი-ქვეყნების მომავალი მდგომარეობს უფრო უსაფრთხო და სტაბილურ შავი ზღვის რეგიონის შექმნაში. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი და მრავალმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არსებითად განამტკიცებს რეგიონული უსაფრთხოების სისტემას.

BSEC-ში საქართველოს მონაწილეობის მოკლე შეფასება

1992 წლის 25 ივნისიდან საქართველო BSEC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა და შესაბამისად ამ ორგანიზაციის ფარგლებში ყველა ძირითადი პროცესის მონაწილეა. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ არსებითი წვლილი შეიტანა BSEC-ის ფორმირებასა და მის ტრანსფორმაციაში საერთაშორისო რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციად.
BSEC-ის არსებობის მანძილზე საქართველოში გაიმართა ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს, უფროსი თანამდებობის პირთა კომიტეტის, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებისა და BSEC-თან დაკავშირებული ორგანოების შეხვედრების ჩათვლით.

საქართველო მხარს უჭერდა BSEC-ის ფარგლებში სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობის განვითარებას და ყოველთვის კონსტრუქციული მიდგომა გააჩნდა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. ეროვნულ დონეზე იმპორტზე არასატარიფო ბარიერებისა და სატარიფო განაკვეთების შემცირების მეშვეობით საქართველომ მოახდინა BSEC-ის წევრ-ქვეყნებთან საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია. საქართველომ ასევე გააუმჯობესა ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვების პირობები. ქვეყანაში გაუქმებულია სატვირთო ავტომობილებისათვის სატრანზიტო გადასახადები და მნიშვნელოვნად გამატრივებულია სავიზო პროცედურები. BSEC-ის ზოგიერთ წევრ-ქვეყანასთან ხელმოწერილია თავისუფალი ვაჭრობისა და ასევე ქვეყნების ტერიტორიებზე სამთვიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებები. აღნიშნული ღონისძიებები უდაოდ ხელს უწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, თუმცა შედეგი შესამჩნევი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სხვა წევრი ქვეყნებიც გადადგამენ მათ ბაზრებზე დაშვების ლიბერალიზაციისაკენ მიმართულ შესაბამის ნაბიჯებს.

საქართველოს მიერ წამოწყებულ იქნა ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, რამაც გააძლიერა თანამშრომლობა წევრ ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია BSEC-ში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში გატარებული საქმიანობა.

საქართველომ წვლილი შეიტანა თანამშრომლობის განვითარებაში ისეთ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, ტურიზმი, ბანკები და ფინანსები, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ინსტიტუციონალური განახლება და მყარი მმართველობა და სხვა. დიდია საქართველოს როლი თანამშრომლობის განვითარებაში ისეთ დარგში, როგორიცაა საგანგებო სიტუაციების დროს ურთიერთთანამშრომლობა. საქართველო ასევე ხელს უწყობდა საპარლამენტო თანამშრომლობისა და კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ BSEC-ის ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) სადამფუძნებლო შეთანხმებას ხელი მოეწერა თბილისში 1994 წელს. აღნიშნული ბანკი ძალზედ წარმატებულად ფუნქციონირებს და მან უკვე განახორციელა წევრ - ქვეყნებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

BSEC-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ინსტიტუციონალური მექანიზმი ასევე თბილისში დაფუძნდა 1999 წელს BSEC-ევროკავშირის თანამშრომლობის პლატფორმის მიღებით.

საქართველოს მოსაზრებები BSEC-ის სამომავლო დღის წესრიგისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, რეგიონალური თანამშრომლობა ერთი კონკრეტული გაერთიანების ფარგლებში წარმოადგენს ყველა მონაწილე ქვეყნის განვითარების ეფექტურ საშუალებას. სხვა რეგიონების მაგალითების გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ და განამტკიცონ ეკონომიკური კავშირები.

BSEC-ის სამომავლო დღის წესრიგი და სტრატეგიული მიზნები უნდა ეფუძნებოდეს ყველა წევრი ქვეყნის ინტერესების პატივისცემის პრინციპს.

აუცილებელია ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან დარგში თანამშრომლობის ხელშეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება და რეალიზაცია. ამ მხრივ ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას კვლავაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.

უნდა გაგრძელდეს და წახალისდეს ურთიერთობების განვითარება სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუტებთან. ამ თანამშრომლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა კვლავაც ევროკავშირთან ურთიერთობებს უნდა მიენიჭოს.

ვფიქრობთ, რომ BSEC-ი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონალური ფორუმი, ეკონომიკური თანამშრომლობის მეშვეობით, არსებით წვლილს შეიტანს რეგიონში არსებული კონფლიქტების დარეგულირებაში. აღნიშნული კონფლიქტების გადაჭრა ხელს შეუწყობს წევრი-ქვეყნების განვითარებას, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან BSEC-ის დაახლოვებასა და რეგიონის სტაბილურობას.

გლობალიზაციის პირობებში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვისას, „ეკონომიკური განზომილება" უდიდეს მნიშვნელობას იძენს. BSEC-მა უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს საკუთარი პოლიტიკა, რათა უკეთ დაიცვას მისი წევრი-ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.

BSEC-ის შიგნით ვაჭრობის ლიბერალიზაცია, წევრი ქვეყნების პროდუქციის ერთმანეთის ბაზრებზე თავისუფალი დაშვება და ვაჭრობის შემაფერხებელი ბარიერების შემცირება და მოხსნა BSEC-ის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

BSEC-მა ასევე ხელი უნდა შეუწყოს წევრი-ქვეყნების ექსპორტის გაფართოებას, წაახალისოს მომსახურებისა და სამუშაო ძალის უცხო ქვეყნებში გადაადგილება და მოიზიდოს მეტი უცხოური ინვესტიციები BSEC-ის რეგიონში.

გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობებში BSEC-ის სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით საჭიროა ორგანიზაციის შიგნით ხელსაყრელი პირობების შექმნა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, BSEC-ს ესაჭიროება რეგიონის შიგნით ურთიერთობების განმტკიცება, სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა, განსაზღვრულ სფეროებში კონკრეტული პროექტების წამოწყება და განხორციელება, ურთიერთქმედების ახალი სფეროების განსაზღვრა-განვითარება.

BSEC-ის წევრი-ქვეყნების განვითარებისათვის ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პოტენციალის ეფექტურ გამოყენებას. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დარგებში თანამშრომლობის განვითარებისათვის კი, თავის მხრივ, საჭიროა ენერგო მწარმოებელი, სატრანზიტო და მომხმარებელი ქვეყნების ინტერესების დაცვა და დაბალანსება.

საქართველოს ღრმად სწამს, რომ წევრი-ქვეყნების მიდგომა და ქმედებები BSEC-ის საკითხებთან მიმართებაში სრულად უნდა შეესაბამებოდეს „BSEC-ის წესდებასა" და „BSEC-ის ეკონომიკურ დღის წესრიგში მომავლისათვის" ასახულ ორგანიზაციის ძირითად პრინციპებსა და მიზნებს, რომლებიც შემდეგში მდგომარეობს: წევრ-ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა, ნდობის, დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცება; ერთობლივი ძალისხმევით მოსახლეობის კეთილდღეობის მუდმივი გაუმჯობესება; კონსტრუქციული და ნაყოფიერი თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.

ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებისა და მიზნებისადმი ერთგულება უდავოდ წვლილს შეიტანს BSEC-ის წევრ-ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. თანამშრომლობის შედეგი შესამჩნევი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ქვეყანა გადადგამს ნაბიჯებს საერთო ინტერესებისა და ღირებულებების ჩამოყალიბების მიმართულებით. მდგრადი განვითარების ერთადერთ გარანტს ურთიერთდამოკიდებულება და თანამშრომლობა წარმოადგენს. რეგიონალური თანამშრომლობის წახალისება, ყოველ მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივი მუშაობა და ძირითად პრობლემებზე ძალისხმევის მიმართვა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) საქმიანობა საქართველოში

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოში ახორციელებს მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ეკონომიკურ პროექტებს. საქართველოში განხორციელდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტი:

  1. 2001 წლის 30 ივნისს სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკსა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც BSTDB-მ გამოუყო სესხის სახით შპს "პროგრესს" 1 მლნ. აშშ დოლარი.

  2. 2000 წლის 17 ივლისს სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკსა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც BSTDB-მ სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკს" გრძელვადიანი კრედიტის სახით გამოუყო 1.5 მლნ აშშ. დოლარი. აღნიშნული კრედიტის გამოყოფა საბოლოოდ დამტკიცდა 2001 წლის მაისში ქ. თბილისში გამართულ BSTDB-ის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრაზე.

  3. 2001 წლის 21 მაისს საქართველოს "მიკროსაფინანსო ბანკსა" (ამჟამად "პროკრედიტ ბანკი") და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც BSTDB-მ გამოუყო საქართველოს "მიკროსაფინანსო ბანკს" 1 მლნ. აშშ დოლარი მოკლე ვადიანი პროექტების განხორციელების მიზნით.

  4. 2001 წლის 21 მაისს ქ. თბილისში გამართულ "შავი ზღვის ბიზნეს დღეზე" საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილ იქნა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც ხსენებული ბანკი, ჰოლანდიის სპეციალური ფონდის ხელშეწყობით, საქართველოში აარსებს ექსპორტის ხელშემწყობ სადაზღვევო/ საკრედიტო სააგენტოს.

  5. ფოთის პორტში ნავთობტერმინალის აგება.

    აღნიშნული ოპერაცია მოიცავს თანამედროვე დიზაინის ნავთობ ტერმინალის აგებას ფოთის პორტში კასპიის ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით შეღავათიანი საექსპორტო მარშრუტის გახსნის მიზნით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას სარკინიგზო მიმოსვლისა და ნავთობის ტრანსპორტირების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მეშვეობით და ზოგადად ხელს შეუწყობს რეგიონში ნავთობგადამუშავების პროექტების განვითარებას. BSTDB-იმ მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის თანადაფინანსებაში და სესხის სახით გამოყო 8 მილიონი აშშ დოლარი.

  6. "TBC ბანკისთვის" საექსპორტო ოპერაციების განხორციელების მიზნით ფინანსური სახსრების (კრედიტის) გამოყოფა.

    აღნიშნული კრედიტი, თავდაპირველად 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დამტკიცდა BSTDB-ის დირექტორთა საბჭოს მიერ 2002 წლის 15 ნოემბერს, ხოლო სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2003 წლის 15 იანვარს. პროექტის წარმატებული განხორციელების შედეგად აღნიშნული თანხა შემდგომში 5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. პროექტის შედეგად ქართველ ექსპორტიორებს საშუალება ეძლევათ დააფინანსონ გადაზიდვები, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას.

  7. საქართველოს "პროკრედიდ ბანკი"-სათვის (ყოფილი "მიკროსაფინანსო ბანკი") კრედიტის გამოყოფა მიკრო და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სესხების გაცემის მიზნით.

    2005 წლის 10 იანვარს BSTDB-იმ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს "პროკრედიდ ბანკი"-სათვის (ყოფილი "მიკროსაფინანსო ბანკი") 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ მიკრო და მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სესხების გაცემის მიზნით. აღნიშნულმა პროექტმა ჩაანაცვლა მიკროსაფინასო ბანკთან 2001 წელს არსებული 1 მილიონიანი საკრედიტო ხაზის შესახებ შეთანხმება.

  8. ვაჭრობის დაფინასების მიზნით "რესპუბლიკა ბანკი"-სათვის ფინანსური სახსრების გამოყოფა

    2005 წლის 1 ოქტომბერს BSTDB-იმ ხელი მოაწერა შეთანხმებას "რესპუბლიკა ბანკთან" სავაჭრო ოპერაციების დაფინასების მიზნით 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესახებ. აღნიშნული კრედიტით "რესპუბლიკა ბანკი" გასცემს მოკლევადიან კრედიტებს საქართველოს იმ კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ საგარეო ვაჭრობას BSTDB-ის სხვა წევრ ქვეყნებთან.

  9. საქართველოს "პროკრედიტ ბანკი"-სათვის სესხის გამოყოფა მიკრო სესხების გაცემისა და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით.

    2005 წლის 30 დეკემბერს BSTDB-იმ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს "პროკრედიტ ბანკი"-სათვის 6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ მიკრო სესხების გაცემისა და მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით.

  10. ვაჭრობის დაფინანსების მიზნით "გაერთიანებული ქართული ბანკი"-სათვის (ამჟამად "ვნეშტორგ ბანკი") ფინანსური სახსრების გამოყოფა

    2006 წლის მარტში BSTDB-იმ ხელი მოაწერა შეთანხმებას "გაერთიანებულ ქართულ ბანკთან" (ამჟამად "ვნეშტორგ ბანკი") 3 მილიონიანი საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ. აღნიშნული საკრედიტო ხაზით გაერთიანებული ქართული ბანკი გასცემს მოკლევადიან კრედიტებს საქართველოს იმ კომპანიებზე, რომლებიც ახორციელებენ ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებს.

  11. "TBC ბანკი"-სთვის მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით საკრედიტო ხაზის გახსნა

    2006 წლის 31 ივლისს BSTDB-იმ ხელი მოაწერა შეთანხმებას "TBC ბანკთან" 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხაზის გახსნის შესახებ, რის საფუძველზეც TBC ბანკი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებზე გასცემს მოკლევადიან სესხებს.