სუამ–ის 2007 წლის 18–19 ივნისის ბაქოს სამიტის კომუნიკე

2007 წლის 18-19 ივნისს, ქ.ბაქოში, აზერბაიჯანი, ჩატარდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამ-ის მეორე სამიტი ლოზუნგით: "სუამი: ვაერთიანებთ კონტინენტებს". სამიტის ფარგლებში შედგა სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოსა და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოების მორიგი სხდომები, შეხვედრები სუამი-აშშ, სუამი-იაპონია, სუამი-პოლონეთი, ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს სხდომა, დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელთა ერთობლივი სხდომები და სხვა ღონისძიებები.

სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ თავისი სხდომა ჩაატარა გაფართოებული ფორმატით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა, მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ასევე, როგორც განსაკუთრებულმა სტუმრებმა-ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის პრეზიდენტებმა, ბულგარეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ესტონეთის ვიცე-სპიკერმა, ლატვიის ეკონომიკის მინისტრმა, აშშ-ს, იაპონიის, ეუთოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის, იუნესკოს მაღალი დონის წარმომადგენლებმა, აზერბაიჯანში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების მეთაურებმა.

საბჭომ უკრაინის პრეზიდენტ ბატონ ვიქტორ იუშჩენკოს მადლობა გადაუხადა სუამ-ში კიევისა და ბაქოს სამიტებს შორის პერიოდში წარმატებული თავმჯდომარეობისათვის. ორგანიზაციაში თავმჯდომარეობა გადაეცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას. საბჭომ აღნიშნა, რომ ბაქოს სამიტი მიმდინარეობს ოთხი სახელმწიფოს მეთაურთა სტრასბურგში, 1997 წლის 10 ოქტომბერს შეხვედრის მე-10 წლის იუბილის წელს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობასა და სუამ-ის ინტეგრაციას.

საბჭომ ხაზი გაუსვა სუამ-ის საერთაშორისო გავლენისა და ავტორიტეტის განუხრელ ზრდას, რაც მოწმობს საერთაშორისო საზოგადოების მხრივ სუამ-ის მხარდაჭერას და იმას, რომ ორგანიზაცია განვითარების სწორ გზას ადგას.

საბჭომ ხელი მოაწერა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია-სუამი-ს სამიტის ბაქოს დეკლარაციას "სუამი: ვაერთიანებთ კონტინენტებს", რომელშიც დაადასტურა წევრი სახელმწიფოების ინტერესთა და მიდგომების ერთობა და მათი სწრაფვა, შექმნან სუამ-ის რეგიონში ინტეგრაციისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე.

სამიტზე განხილულ იქნა ორგანიზაციის განვითარების აქტუალური საკითხები, კიევის 2006 წლის სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულება, აღინიშნა სუამ-ის სამდივნოს საქმიანობის დაწყება. საბჭომ დაამტკიცა სუამ-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პროგრამა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმოქმედების გეგმები, ღონისძიებათა კალენდარი. დამტკიცდა სუამ-ის 2007 წლის ბიუჯეტი და შემუშავდა 2008-2010 წლების ბიუჯეტების პროექტები, აგრეთვე მიღებულ იქნა სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

მონაწილე ქვეყნების ურთიერთქმედების საკითხებში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა დაეთმო სუამ-ის სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებას და მისი, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი რგოლის როლს. აღინიშნა, რომ სუამ-ს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კონტინენტების დაახლოებაში, აქტუალური პრობლემების გადაჭრისადმი საერთო საფუძვლებისა და მიდგომების პოვნაში, ცივილიზაციათაშორისი და კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაში, საერთაშორისო ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშემშლელი სტერეოტიპების აღმოფხვრაში. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შავი ზღვისა და ტრანსკასპიური პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.

ტვირთების საერთაშორისო მულტიმოდალური გადაზიდვების თაობაზე შეთანხმება, რომელსაც სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო კავშირებისა და გადაზიდვების ეფექტური და მოქნილი სისტემის შექმნას, სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამ სფეროებში ინვესტიციების მოზიდვას და მთლიანობაში ევროპა-აზიის მყარი ხიდის გამართვას.

საბჭომ დაადასტურა სუამ-ის წევრი ქვეყნების კურსის უცვლელობა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების შექმნისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის, აგრეთვე საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში ორგანიზაციის მიერ წვლილის შეტანის მიმართ.

სამიტის მონაწილეთა განხილვებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს საკითხებმა, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებისადმი მუქარებთან და რისკებთან, საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის, ტრანსეროვნული ორგანიზებული დამნაშავეობის ჩათვლით. სახელმწიფოთა მეთაურებმა ხაზი გაუსვეს, რომ ეს მუქარები, მათ შორის მოუგვარებელი კონფლიქტები და სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიებზე უცხოური ჯარებისა და შეიარაღებების უკანონო ყოფნა კვლავ ახდენს ნეგატიურ ზემოქმედებას რეგიონში სრულმასშტაბურ გარდაქმნებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

დადასტურებულ იქნა ამ კონფლიქტების მოგვარების მიზნით ერთობლივი აქტიური მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც სახელმწიფოთა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვის საფუძველზე, კონფლიქტების მოგვარების საკითხზე სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების ერთობლივი დეკლარაციის დებულებათა შესაბამისად, აგრეთვე სუამ-ის პოზიციების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრივ მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა.

ამასთან დაკავშირებით საბჭომ აღნიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიის დღის წესრიგის 27-ე პუნქტის მიხედვით რეზოლუციის - "გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის სივრცეზე და საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მათი შედეგები" პროექტის წარდგენაში მონაწილე ქვეყნების სოლიდარული ძალისხმევა და მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სუამ-ის ამ ინიციატივას.

საბჭომ გამოხატა რწმენა კოფლიქტებით მოცული ტერიტორიების სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალ-ეკონომიკურ სისტემაში რეინტეგრაციის, მათი სრული რეაბილიტაციის, მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში გადაადგილებული მოსახლეობის დაბრუნების, სატრანსპორტო გზების აღდგენის, ამ ტერიტორიებზე თემთაშორისი მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით ამ კონფლიქტების მოგვარების უალტერნატივობის, სამართლიანობისა და სიმტკიცის თაობაზე.

საბჭო მიესალმა სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოში, ევროკავშირში, ნატოში, იუნესკოში სუამი-ს წარმომადგენელთა გაზრდილ ურთიერთმოქმედებას.

საბჭომ აღნიშნა სამიტის ფარგლებში, ეკონომიკური ბლოკის საკითხებთან დაკავშირებით, უწყებათა ხელმძღვანელების დონეზე ერთობლივი სხდომისა და სუამ-ის საქმიანი საბჭოს მორიგი სხდომის ჩატარება. განხილულ იქნა სუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ფუნქციონირების საკითხები, ამ სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გასვლის პერსპექტივები. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაევალა შეისწავლოს სუამ-ის საერთო ბაზრის შექმნის შესაძლებლობა. საბჭომ დადებითად შეაფასა ტერორიზმთან, ორგანიზებულ დამნაშავეობასთან, ნარკოტიკების გავრცელებასთან და სხვა საშიშ დანაშაულობებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონე. საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელთა დონეზე სამართალდამცავ სფეროსა და უსაფრთხოების დარგში თანამშრომლობის საკითხებში დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომის ჩატარებას.

საბჭომ განსაზღვრა ჰუმანიტარულ, მათ შორის კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ახალგაზრდული გაცვლის, ტურიზმისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ამასთან დაკავშირებით საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხებში სამუშაო ჯგუფების ერთობლივი სხდომის ჩატარებას და მხედველობაში მიიღო კულტურის სფეროში 2007-2010 წლებში თანამშრომლობის თაობაზე ოქმის ხელმოწერა.

განიხილა რა ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები, საბჭომ მიიღო სუამ-ში დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოწოდებულია სტიმული მიანიჭოს შესაბამისი მიმართულებებით სუამ-ის სახელმწიფოების ეფექტურ ურთიერთქმედებას.

აღნიშნა რა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში სუამ-ის წვლილი, საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე მემორანდუმის დადებას.

საბჭომ კმაყოფილებით აღნიშნა ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტის (ვტხპ), აგრეთვე ტერორიზმთან ბრძოლის ვირტუალური ცენტრისა და სუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის (ვც/სსას) შექმნის პროექტების წარმატებული განხორციელება და გამოხატა მადლიერება აშშ მთავრობისადმი ამ და თანამშრომლობის სხვა პროგრამების განხორციელებაში ეფექტური ხელშეწყობის გაგრძელებისათვის.

საბჭო მიესალმა სამიტის ფარგლებში სუამი-აშშ ერთობლივი განცხადების მიღებას, რომელშიც ჩამოყალიბებულია პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და შემდგომი პერსპექტივები.

სამიტის ფარგლებში შედგა სუამი-იაპონიის პირველი შეხვედრა, რომლის შედეგების თანახმად მიღებულ იქნა განცხადება ურთიერთსასარგებლო კონტაქტების აქტიური განვითარების საფუძვლების შესაქმნელად, უპირველეს ყოვლისა სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ენერგეტიკულ და ეკოლოგიურ სფეროებში.

სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭო შეხვდა პოლონეთის პრეზიდენტს, რომელმაც გამოხატა სუამ-თან თანამშრომლობის განვითარებისადმი ინტერესი. მხარეებმა განსაზღვრეს თანამშრომლობის პერსპექტივები, პირველ რიგში ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის დარგებში და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს, ევროპის აზიასთან დამაკავშირებელი, სუამ-ის სატრანზიტო დარეფნის განვითარებას.

ხაზი გაესვა სუამ-სა და ევროკავშირს შორის, აგრეთვე რეგიონულ ორგანიზაციებთან, პროცესებთან და ინიციატივებთან ურთიერთსასარგებლო კონტაქტების განვითარების მნიშვნელობას.

საბჭომ აღნიშნა სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მაღალი დონე და მოუწოდა მას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განმტკიცებას.

საბჭო მიესალმა ბაქოში, 2007 წლის 19 ივნისს, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებას თემაზე "სუამი რეგიონსა და მსოფლიოში" და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით ამგავარი ღონისძიებების რეგულარული ჩატარების აუცილებლობას სუამ-ის წარმომადგენელთა და საზღვარგარეთელ ექსპერტთა მონაწილეობით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუამ-ის მე-10 წლის იუბილის წელს.

სამიტის მონაწილეებმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადეს ბაქოს სამიტის კარგი ორგანიზებისათვის და მას წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვეს.

საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მორიგი სხდომა ჩაატაროს ქ. თბილისში, საქართველო, 2008 წლის ივნისში.