დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის წესდება

სუამ-ის გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოები - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, საქართველო, მოლდოვას რესპუბლიკა და უკრაინა, შემდგომში "მხარეებად" წოდებულნი,

ხელმძღვანელობენ რა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით, რომლებიც ეხება მშვიდობის, უსაფრთხოების, სახელმწიფოთა შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ჰელსინკის დასკვნითი აქტის, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიის და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ევროპული უსაფრთხოების ქარტიის დებულებებს,

ადასტურებენ რა სუამ-ის 2001 წლის 7 ივნისის იალტის ქარტიაში და გაერთიანების ფარგლებში მიღებულ სხვა ფუძემდებელ დოკუმენტებში განსაზღვრული თანამშრომლობის მიზნებისა და პრინციპებისადმი ერთგულებას;

2005 წლის 22 აპრილის კიშინეუს დეკლარაციის "დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის" დებულებათა განხორციელების მიზნით;

ადასტურებენ რა დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებას, აგრეთვე მისწრაფებას განაგრძონ ევროპის ინტეგრაციის გზით წინსვლა;

გამოხატავენ რა ღრმა შეშფოთებას არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტებისა და უსაფრთხოების მზარდი საფრთხის, მათ შორის, კონფლიქტური ზონებიდან მომდინარე, განსაკუთრებით საერთაშორისო ტერორიზმის, აგრესიული სეპარატიზმისა და ექსტრემიზმის და მათთან დაკავშირებული სხვა საშიში მოვლენებით გამოწვეული საფრთხის გამო;

აღნიშნავენ რა საერთოევროპულ პროცესებში რეგიონული თანამშრომლობის მზარდ როლს სახელმწიფოთა სუვერენული უფლებების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, და ხაზს უსვამენ რა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების მიზნით;

გამოხატავენ რა მისწრაფებას თავიანთი საქმიანობის ყველა სფეროში და საზოგადოების ცხოვრებაში დაამკვიდრონ დემოკრატიული ღირებულებანი, განუხრელად დაიცვან ადამიანის უფლებები, განამტკიცონ ნდობისა და ტოლერანტობის ატმოსფერო, კანონის უზენაესობის უპირობო პრიორიტეტი როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო საქმეებში;

ეფუძნებიან რა თავიანთი ხალხების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს;

ესწრაფვიან რა ყოველმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას;

მიაჩნიათ რა, რომ მათი ურთიერთქმედება თვისებრივად ახალ დონეს აღწევს;

შეთანხმდნენ, სუამ-ის გაერთიანება გარდაქმნან საერთაშორისო რეგიონულ ორგანიზაციად -"დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია -სუამ-ი", შემდგომში "სუამ-ად"" წოდებული, და ამ მიზნით მიიღეს ინამდებარე წესდება.

თავი I. თანამშრომლობის მიზნები და პრინციპები

მუხლი 1

სუამ-ის ძირითად მიზნებს წარმოადგენს:

  • დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა;
  • მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;
  • ევროპული ინტეგრაციის გაღრმავება უსაფრთხოების საერთო სივრცის შესაქმნელად, აგრეთვე ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;
  • მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული პოტენციალის განვითარება;
  • ურთიერთდაინტერესების სფეროებში პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.

მუხლი 2.

ზემოაღნიშული მიზნების მისაღწევად მხარეები განავითარებენ ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას, იხელმძღვანელებენ რა სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, მათი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით და საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და ნორმებით.

თავი II. ორგანიზაციის სტრუქტურა

მუხლი 3.

სუამ-ის სტრუქტურა შეიცავს:

  1. საბჭოს
  2. სამდივნოს.
  1. საბჭო არის ორგანიზაციის ძირითადი ორგანო, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს სახელმწიფოთა მეთაურების (სამიტი), საგარეო საქმეთა მინისტრების, ეროვნული კოორდინატორებისა და მუდმივი წარმომადგენლების დონეზე.
  2. საბჭოს ფუნქციებს, უფლებამოსილებას და მუშაობის წესს განსაზღვრავს წინამდებარე წესდება და სუამ-ის პროცედურის წესები.
  3. სამდივნოს ფუნქციებსა და მუშაობის წესს განსაზღვრავს წინამდებარე წესდება, ფინანსური დებულებები, პროცედურის წესები და დებულება სამდივნოს შესახებ.
  4. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამუშაო და დამხმარე ორგანოები მუდმივ ან დროებით საფუძველზე, აგრეთვე გაიმართოს მხარეთა შესაბამის სამინისტროთა და/ან უწყებათა წარმომადგენლების შეხვედრები.

მუხლი 4.

  1. სახელმწიფო მეთაურთა საბჭო (სმს):
    1. განსაზღვრავს სუამ-ის პრიორიტეტებს და შეიმუშავებს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
    2. წყვეტს მისი შიდა მოწყობის და ფუნქციონირების, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პრინციპულ საკითხებს;
    3. იღებს გადაწყვეტილებებს სუამ-ში წევრობის და დამკვირვებლის ან პარტნიორის სტატუსის მინიჭების შესახებ;
    4. განიხილავს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს.
    5. სახელმწიფო მეთაურთა საბჭო თავის სხდომებს, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ მართავს.
მუხლი 5.
  1. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო (სსმს):
    1. უზრუნველყოფს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და რეკომენდაციათა შესრულებას;
    2. მართავს კონსულტაციებს საგარეო პოლიტიკის სფეროში საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე;
    3. ადგენს და განსაზღვრავს სუამ-ის დამხმარე და სამუშაო ორგანოების ფუნქციებს და მუშაობის წესს;
    4. განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს სუამ-ის საქმიანობის მიმდინარე საკითხებზე;
    5. ამტკიცებს სუამ-ის მომდევნო წლის ბიუჯეტს;
    6. განიხილავს სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს დღის წესრიგის პროექტს;
    7. განიხილავს და წყვეტს წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.
  2. საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო თავის სხდომებს, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ მართავს.

მუხლი 6.

  1. ეროვნულ კოორდინატორთა საბჭო უზრუნველყოფს სუამ-ის ფარგლებში ურთიერთქმედებას, სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს და საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომების მომზადებას. ეროვნული კოორდინატორები ინიშნებიან მხარეთა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ.
  2. ეროვნულ კოორდინატორთა საბჭო თავის სხდომებს, როგორც წესი, წელიწადში ოთხჯერ მართავს.

მუხლი 7.

  1. მუდმივ წარმომადგენელთა საბჭო მუდმივ საფუძველზე ეწევა მუშაობას სუამ-ის საქმიანობის უზრუნველყოფისათვის, მათ შორის:
    1. განიხილავს ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობას;
    2. განიხილავს და ათანხმებს სხდომათა დღის წესრიგის, გადაწყვეეტილებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებს, რომლებსაც ზემდგომი ორგანოების სხდომებზე მიიღებენ;
    3. მონაწილეობს ზემდგომი ორგანოების სხდომების მომზადებასა და გამართვაში;
    4. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს სუამ-ის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  2. მუდმივ წარმომადგენელთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მხარეთა მუდმივი წარმომადგენლები, რომლებიც მუდმივად აკრედიტებული არიან სუამ-თან, მისი სამდივნოს მდებარეობის მიხედვით.

მუხლი 8.

  1. სამდივნო ახორციელებს სუამ-ის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ხელმძღვანელობს რა წინამდებარე წესდებით და საბჭოს გადაწყვეტილებებით.
  2. სამდივნო ფუნქციონირებს გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით.
  3. სამდივნოს თანამშრომლები თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ როგორც საერთაშორისო თანამდებობის პირები.
  4. თავიანთი მოვალეობის შესრულებისას გენერალური მდივანი და სამდივნოს პერსონალი წარმოადგენენ სუამ-ს. მათ არ შეუძლიათ მოითხოვონ ან მიიღონ რომელიმე მხარისაგან ან სუამ-ის ფარგლებს გარეთ არსებული ორგანოსაგან მითითებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათი საერთაშორისო მისიის შესრულებას.
  5. სამდივნო ამზადებს და საბჭოს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშებს თავისი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სუამ-ის საქმიანობის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დასამტკიცებლად.
  6. სუამ-ის სამდივნოს მდებარეობის ადგილია ქალაქი კიევი.

თავი III. ზოგადი დებულებანი

მუხლი 9.

სუამ-ი არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.

მუხლი 10.

  1. სუამ-ში თავმჯდომარეობა ხორციელდება ერთ-ერთი მხარის მიერ, როგორც წესი, ერთი წლის ვადით, როტაციის პრინციპით ინგლისურ ანბანში წევრი სახელმწიფოების სახელწოდებათა თანამიმდევრობის მიხედვით.
  2. თავმჯდომარე მხარე სუამ-ის სათანადო მუშაობას უზრუნველყოფს წინამდებარე წესდებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს ყველა ღონისძიებას, რომლებიც სუამ-ის ფარგლებში ხორციელდება, აგრეთვე უზრუნველყოფს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას.

მუხლი 11.

  1. სუამ-ს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც ყალიბდება და სრულდება სუამ-ის ფინანსურ დებულებათა შესაბამისად.Bბიუჯეტი მტკიცდება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს გადაწყვეტილებით.
  2. სუამ-ის ფარგლებში ღონისძიებათა ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს მიმღები მხარე.

მუხლი 12.

  1. სუამ-ის ორგანოებში გადაწყვეტილებები მიიღება ყველა მხარის მონაწილეობით, კენჭისყრის გარეშე, შეთანხმების გზით კონსენსუსის საფუძველზე.
  2. გადაწყვეტილებები ძალაში შედის მათი მიღების თარიღიდან, თუ მათში სხვა წესი არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 13.

  1. სუამ-ი ღიაა სხვა სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ვალდებულებას იღებენ დაიცვან წინამდებარე წესდების, აგრეთვე სუუამის 2001 წლის იალტის ქარტიის და სუამ-ის სახელმწიფოთა მეთაურების 2005 წლის კიშინეუს დეკლარაციის "დემოკრატიის, სტაბილურობისა და განვითარებისათვის" დებულებანი.
  2. დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ თავმჯდომარე მხარისათვის გაგზავნილი ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წარდგინებით, სუამ-ში ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს სუამ-ის სახელმწიფო მეთაურთა საბჭო.
  3. სუამ-ში იმ სახელმწიფოს წევრობა, რომელიც არღვევს წინამდებარე წესდების დებულებებს და/ან არ ასრულებს სუამ-ის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და დოკუმენტებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეიძლება შეჩერდეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წარდგინებით, სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პრინციპით "კონსენსუსი მინუს ერთი ხმა. თუ ეს სახელმწიფო კვლავაც არღვევს თავის ვალდებულებებს, სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს შეუძლია მიიღოს სუამ-იდან მისი გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება იმ თარიღიდან, რომელსაც სახელმწიფო მეთაურთა საბჭო განსაზღვრავს. სუამ-ის წევრობა შეიძლება აღდგეს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს წარდგინებით, სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
  4. ნებისმიერ მხარეს აქვს უფლება გავიდეს სუამ-იდან, თუ თავმჯდომარე მხარეს შესაბამის ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას გაუგზავნის გასვლის თარიღამდე არა უგვიანეს თორმეტი თვით ადრე.

მუხლი 14.

  1. ყველა მხარის თანხმობის საფუძველზე, სუამ-ს შეუძლია დიალოგი და ურთიერთქმედება აწარმოოს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
  2. სუამ-ს შეუძლია პარტნიორული ურთიერთობა დაამყაროს და განავითაროს დაინტერესებულ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ინტერესს ავლენენ სუამ-თან თანამშრომლობისადმი და იზიარებენ წინამდებარე წესდების მიზნებსა და პრინციპებს, ამასთან მიანიჭონ მათ მეთვალყურის სტატუსი. ასეთი ურთიერთობებისა და ხსენებული სტატუსის მინიჭების წესები და პროცედურები განისაზღვრება სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს გადაწყვეტილებითა და პროცედურული წესებით.

მუხლი 15.

მხარეები სუამ-ში თავიანთ მუდმივ წარმომადგენლებს ნიშნავენ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა მუდმივ წარმომადგენლებს აქვთ დიპლომატიური პერსონალის სტატუსი, დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 16.

  1. სუამ-ი ყველა მხარის ტერიტორიაზე სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც საჭიროა სუამ-ის ფუნქციების შესრულებისა და მიზნების მისაღწევად.
  2. საჭირო პრივილეგიებისა და იმუნიტეტების მოცულობა განისაზღვრება ცალკე საერთაშორისო შეთანხმებით.

მუხლი 17.

სუამ-ის ოფიციალური და სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.

მუხლი 18.

წინამდებარე წესდების დეპოზიტარია უკრაინა.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

მუხლი 19.

  1. წინამდებარე წესდება იდება განუსაზღვრელი დროით.
  2. წინამდებარე წესდება დროებით გამოიყენება მისი ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში შედის იმ თარიღიდნ, როცა დეპოზიტარი მიიღებს ბოლო ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას მხარეთა მიერ ყველა იმ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ, რომლებიც საჭიროა მისი ძალაში შესვლისათვის.

მუხლი 20.

  1. ძალაში შესვლის შემდეგ წინამდებარე წესდება ღია იქნება იმ სახელმწიფოთა მიერთებისათვის, რომელთა მიმართაც სახელმწიფო მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სუამ-ში მიღების შესახებ.
  2. მიერთებული სახელმწიფოსათვის წინამდებარე წესდება ძალაში შედის იმ თარიღიდნ, როცა დეპოზიტარი მიიღებს ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას მიერთებული სახელმწიფოს მიერ ყველა იმ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის შესრულების შესახებ, რომლებიც საჭიროა მისი ძალაში შესვლისათვის.

მუხლი 21.

წინამდებარე წესდებაში, მხარეთა თანხმობით, შეიძლება ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც ცალკე ოქმებით ფორმდება და ეს ოქმები მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და ძალაში შედის წინამდებარე წესდების 19 მუხლით გათვალისწინებული წესით.

მუხლი 22.

წინამდებარე წესდების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით დავის წამოჭრის შემთხვევაში, მხარეები მას კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით გადაწყვეტენ.

მუხლი 23.

წინამდებარე წესდებისადმი დათქმები არ დაიშვება.

მუხლი 24.

წინამდებარე წესდება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში რეგისტრაციას.

შესრულებულია ქ. კიევში, 2006 წლის 23 მაისს ერთ ეგზემპლარად ინგლისურ და რუსულ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია.

წინამდებარე წესდების დებულებათა განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, ინგლისურ ტექსტს უპირატესი ძალა ენიჭება.